სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის ფონდმა „ტასომ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ექვსი პროექტი დააფინანსა.
ეს ფონდი, მესამე წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ნორვეგიის მთავრობასთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური განვითარებისთვის“.
პროექტი იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში ხორციელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი პროექტში 2019 წლიდან ჩაერთო.
– ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი, გრანტის გაცემაზე მეტად, თემის სოციალური მობილიზაციაა, – ამბობს ფონდი „ტასოს“ დირექტორი მარინა თაბუკაშვილი, – ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ისეთი ადამიანები, რომელთაც მარტო ფული კი არ უნდათ, არამედ საკუთარი თავის განვითარება.
პროექტი ასეთი ხალხის ძებნით იწყება. მივდივართ სოფლებში და ვატარებთ კრებებს. აქცენტს ვაკეთებთ არა იმაზე, რომ გრანტს მოგცემთ, არამედ იმაზე, რომ პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა გახდე და შენი ცხოვრება შეიცვლება – თვითდახმარების ჯგუფში გაწევრიანდები, აიყოლიებ ოჯახის წევრებს, მეზობლებს და ერთად, საკუთარი ხელითა და გონებით, თემის სასარგებლოდ ბევრ საქმეს გააკეთებ.
ჩვენ გრანტებს გავცემთ მხოლოდ იმ პირებზე, ვინც თვითდახმარების ჯგუფში გაწევრიანდება.
საგრანტო განაცხადებზე გადაწყვეტილებას გაერო და მისი მოწვეული ექსპერტები იღებენ. ჩვენი ინტერესია, რომ ბიზნესი იყოს შემოსავლიანი და გრანტი მიიღოს ყველაზე ღირსეულმა, სოციალურად აქტიურმა ადამიანმა.
ამ სამწლიანი საქმიანობით ძალიან კმაყოფილი ვარ. 110 გრანტი გავეცით. თუმცა, სარგებელი რეალურად უფრო მეტმა ადამიანმა მიიღო – შეიქმნა მცირე საწაარმოები და დასაქმდნენ ათეულობით ადამიანები. ადგილზე ჩატარებული ტრენინგებით ცოდნა მიიღეს.
ხელშეკრულებაში წერია, რომ პირი, რომელიც ჩვენგან დაფინანსებას მიიღებს, ვალდებულია დარეგისტრირდეს ეკონომიკური სტატუსის მქონე იურიდიულ პირად. აუცილებელია, რომ გადასახადი გადავიხადოთ. სოფლის მეურნეობა იმიტომ ვერ ვითარდება, რომ პირველადი პროდუქციის წარმოებაზე სახელმწიფომ გადასახადი გააუქმა. ამის გამო გლეხმა აღარ ისწავლა, არ განვითარდა, ნაბიჯი არ გადადგა გასაძლიერებლად, რომ მაგალითად, სიმინდის ნაცვლად ჟოლო მოეყვანა.
ჩვენ ვმუშაობთ გამრჯე და შრომისმოყვარე ხალხთან, რომელთაც ცვლილებები სურთ.
რატომ ქალები? ქალები უფრო მეტად პასუხისმგებლიანები არიან, დეტალურად გაწერილი გეგმით – რომელ საათზე რა უნდა გააკეთონ.
ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ ყოველთვის ვეკითხები პროექტის ავტორს – დარწმუნებული ხარ, რომ შენ საკუთარ ფულს ამ საქმეში ჩადებდი, თუ არა.
ეს პროექტი ნოემბერში მთავრდება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელი ექსპერტებისა და ნორვეგიის ელჩის მაღალი შეფასება დავიმსახურეთ, სავარაუდოდ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ პროექტის ფარგლებში ფონდ „ტასოსთან“ თანამშრომლობას გააგრძელებს“.
ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერით სოფელ თეთრაწყაროში ქალთა თვითდახმარების ჯგუფ „იასამანის“ წევრები თეონა ვეფხვაძე, მაგული ბერაძე და მურმან ნამგალაძე საპონს, თაფლსა და სოკოს აწარმოებენ.
„იასამანის“ წევრმა თინა დავაძემ ხარაგაულში ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების მცირე საწარმო შექმნა, თვითდახმარების ჯგუფ „ნუნისის“ წევრმა დალი ჭყოიძემ საკონდიტრო გახსნა.
ამჯერად კი ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერა „იასამანის“ წევრმა ნარგიზი გორგაძემ თეთრაწყაროში ჩანდლერის ჯიშის კაკლის ხეების გასაშენებლად მიიღო.
ნარგიზი გორგაძე 2 ათას კვმ მიწის ფართობზე 40 ძირი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების გაშენებას გეგმავს. ფონდი „ტასოსგან“ მიღებული 4 000 ლარით ადგილის დასამუშავებლად ტრაქტორი, ფართობის შემოსაღობი მასალა და კაკლის ნერგები უნდა შეიძინოს.
ამ ჯიშის კაკლის ნერგების დარგვის სეზონი სწორედ ახლაა. კაკალი ნაყოფს მესამე წელს იძლევა. ნერგები შორაპნის სანერგე მეურნეობაში შეიძინა.
„ჩანდლერის ჯიშის კაკლები უხვნაყოფიანია – ერთი ძირი 40-50 კილოგრამ კაკალს მოგვცემს, – ამბობს ნარგიზი გორგაძე, – უპირატესობა ამიტომ მივანიჭე. ოჯახშიც ხშირად ვმსჯელობდით, როგორ გამოგვეყენებია მიწის ნაკვეთი. პროექტი სათემო მუშაკის, ნინო გველესიანის დახმარებით შევიმუშავე. ბაზარზე კაკალს საკმაოდ კარგი ფასი აქვს და მასზე მოთხოვნა იზრდება. ამიტომ ამ ბიზნესის განვითარება პერსპექტიულია“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი