ფესტივალ „თეატრალური იმერეთის“ დახურვის ცერემონიაზე თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რეჟისორები, მსახიობები და კულტურის სფეროს მუშაკები დაჯილდოვდნენ.

„საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ“ „ამაგდარის“ წოდება ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორ ირინე ჩხეიძეს მიანიჭა.

ეს ჯილდო ასევე დაიმსახურეს:

მელიტონ ჯაფარიძემ (ბაღდთი), გურამ თურქაძემ (თერჯოლა), გიორგი მეტონიძემ (საჩხერე), ვეფხვია ნადირაძემ (სამტრედია), მურთაზ პირველაშვილმა (ვანი), ვაჟა გედენიძემ (წყალტუბო).

„ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ხარაგაულის სახალხო თეატრში 17 წელია ვმუშაობ. ეს ჯილდო მეტ მოტივაციას მმატებს. ამ წარმატებას ხარაგაულის თეატრის დასთან ერთად მივაღწიე“.

წელს ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ მეთერთმეტედ გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო სპექტაკლები ღია ცის ქვეშ, მესხიშვილის თეატრის ეზოში გაიმართა. წელს პირველად სპექტაკლები ჟიურის არ შეუფასებია.

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „უცნაურად დასრულდა მეთერთმეტე „თეატრალური იმერეთი“. პანდემიის გამო შემუშავებულმა რეკომენდაციებმა და კრიტიკულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ (განსაკუთრებით იმერეთში) ვერ შეაშინა თეატრალური იმერეთი, ვერც მაყურებელი, ვერც ფესტივალის მონაწილეები და ვერც ფესტივალის გუნდი.

ასეთ პირობებში ფესტივალის გამართვა დინების საწინააღმდეგო აქტი მგონია, ისე როგორც პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ერთი მხრივ – რისკი, მეორე მხრივ – აღებული ვალდებულება, მოვალეობა.

ასეთ დროს ჩვენი ექიმების მოწოდება მახსენდება – „თეატრი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ბაზრობა, თეატრში უფრო შესაძლებელია რეგულაციების დაცვა, ვიდრე სავაჭრო ცენტრში“ და ისიც მახსოვს, ლევან რატიანმა რომ თქვა – „ფსიქოლოგიურად დასტრესილ და თვითიზოლაცია გამოვლილ საზოგადოებას სჭირდება პოზიტივი, სულიერი საზრდო და თეატრი ამ თერაპიის საუკეთესო საშუალებააო“.

რით იყო გამორჩეული წლევანდელი ფესტივალი? ფორმატით, რომელმაც თეატრები შენობიდან ღია ცის ქვეშ გამოიყვანა, რაც ახალი გამოცდილება იყო ბევრი თეატრისთვის (არ ითვლება ხარაგაულის თეატრი, რომელმაც „დარისპანის გასაჭირი“ ადრეც ითამაშა იმერული ოდა-სახლის აივანსა და ეზოში), მაგრამ ყველაზე მთავარი, მაინც მგონია, რომ წლევანდელი ფესტივალი იყო შეხსენება ყველასთვის, რომ „ჰოპლა, ჩვენ ვცოცლობთ“…

ნინო კაპანაძე