ხარაგაულის მოსახლეობა უკეთეს სოციალურ მდგომარეობას იმსახურებს, – მიაჩნია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, გივი თხელიძეს.

ის ამბობს, რომ მოქალაქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარების მიზნით ბიუჯეტიდან განსაზღვრული თანხა არასაკმარისია. იმის მიუხედავად, რომ ამ მუხლში დაგეგმილი 60 ათასი ლარი 105 ათას ლარამდე გაიზარდა, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში, მთელი წლის განმავლობაში 100-100 ლარით მხოლოდ 50-52 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს ეხმარებიან.

ხუთ თვეზე მეტია, ვარძიაში მცხოვრები ნინო გლუნჩაძე-მაღრაძე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასი ლარით დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. ამბობს, რომ ეს თანხა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ან წამალს იყიდის, ან საკვებს. ნინოსთვის დახმარების მიუღებლობის მიზეზი არავის უცნობებია.

– სოციალური ხარჯების გაზრდა მაინცდამაინც არ მახარებს, – ამბობს გივი თხელიძე, – ასლარიანი დახმარებით ჩვენ სიღარიბეს ვერ დავძლევთ. სამწუხაროდ, ადამიანები ისევ გაჭირვებულები არიან. მოქალაქეები მუდმივად რომ ხელგაწვდილი არ ჰყავდეს, ამ პრობლემის დასაძლევად ნაბიჯები ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გადადგას. ჯერჯერობით, საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას გრძელვადიანი სოციალური პროგრამა არ შეუმუშავებია. სახელმწიფო პროგრამებში მოსახლეობის ჩართულობას ხელი უნდა შევუწყოთ.

ხარაგაულში მოქმედი სოციალური პროგრამები ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ არის – ვგულისხმობ სათნოების სახლისა და გაჭირვებული ოჯახების შეშით უზრუნველყოფის პროგრამას. ამ პროგრამებით მხოლოდ დაბა ხარაგაულის მოსახლეობა სარგებლობს.

სათნოების სახლს, წლებია, მუდმივად ჰყავს დაბა ხარაგაულში მცხოვრები 73 ბენეფიციარი. კომისიაში ვიმსჯელეთ, უფრო უპრიანი ხომ არ იქნება, რომ ეს მომსახურება ტენდერზე გავიტანოთ. ამით საბიუჯეტო თანხები დაიზოგება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით. ყველას თანაბრად უნდა დავეხმაროთ და სათნოების სახლის მსგავსი მომსახურება ზონალურად – ბორითში, კიცხსა და მოლითშიც უნდა გვქონდეს.

ხუნევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლენა აბაშიძემ კომისიაში შემოიტანა წერილი, რომ ვერტყვიჭალაში არსებობს შესაბამისი კეთილმოწყობილი ფართი, სადაც 10-12 მოქალაქეს სათნოების სახლის მომსახურებას გაუწევენ. ეს საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად მერიაში დავაყენე.

ამ ეტაპზე სათნოების სახლის სუბსიდიით მუნიციპალიტეტის სოფლებში უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ პროდუქტებს ყიდულობენ. ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 2 ათას ლარამდე თანხაა დახარჯული.

ხარაგაულში ძალიან გვჭირდება და ამ დრომდე ვერ მოხერხდა დღის ცენტრის ამოქმედება. საკრებულომ 2015 წელს კიცხში დღის ცენტრის გახსნას მხარი დაუჭირა, მაგრამ ამან ვერ გაამართლა. ამ კუთხით სად რა შეგვეშალა, ვერ გეტყვით.

ბუჯეტიდან ვერ ვეხმარებით სტიქიით დაზარალებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც მეორე კატეგორია მიენიჭათ. არადა, ეს მნიშვნელოვანია, რომ პირველ კატეგორიაში არ მოხვდნენ. ამ კუთხით საკმარისი თანხა არ გვაქვს.

ბიუჯეტიდან შეუფერხებლად ფინანსდება ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამა -ჩვენს თანამოქალაქეებს მედიკამენტების შეძენას, სამედიცინო გამოკვლევებსა და ოპერაციებს ვუფინანსებთ.

იმედია, მუნციპალიტეტის მერია და საკრებულო მომავალში უკეთ ვითანამშრომლებთ და სიტუაციას უკეთესობისკენ შევცვლით. მოსახლეობაც უნდა გააქტიურდეს, საკუთარი მეურნეობის გასაძლიერებლად ან მცირე ბიზნესში ჩასართავად სახელმწიფო პროგრამებში უნდა ჩაერთოს და მუდმივად სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული აღარ იყოს.

აღსანიშნავია, რომ მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კარგად მუშაობს. ამის დასტურია ის, რომ სახელმწიფო აუდიტს ამ სამსახურის საქმიანობის მიმართ არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის საქმიანობით უკმაყოფილოა საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე. ის მიიჩნევს, რომ მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი სოციალური პროგრამის შემუშავება აუცილებელია. თუმცა, მას თავად ასეთ პროგრამაზე არ უმუშავია. ინგა მაღრაძე გეგმავს, რომ საკრებულოში სამომავლოდ, კოლეგებთან ერთად, ფარცხნალში ხანდაზმულთა სახლისა და ხარაგაულში დღის ცენტრის ამოქმედების საკითხებზე იაქტიურებს.

ნინო კაპანაძე