დაბადებიდან 70 და პედაგოგიური საქმიანობის დაწყებიდან 50 წელი შეუსრულდა ხარაგაულელ მასწავლებელს – ალექსანდრა ჭიპაშვილს.
ვერტყვიჭალის სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი სამომავლო გეგმებზე ოპტიმისტურად საუბრობს. მისი უახლოესი გეგმა მენტორობაა. დარწმუნებულია, რომ ამ სტატუსს მიიღებს და თავისი უფროსი და უმცროსი კოლეგებისთვის სამაგალითო იქნება.
ბავშვობიდან მასწავლებლობაზე ოცნებობდა და ინგლისური ენის სპეციალობის დაუფლება სურდა, რადგან ამ საგნის მასწავლებელი ძალიან უყვარდა. მისი არჩევანი მათემატიკის მასწავლებელს სწყინდა, რადგან ალექსანდრას შესაძლებლობებს კარგად იცნობდა და მათემატიკოსობას ურჩევდა.
წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანის სკოლის დამთავრების შემდეგ, 1968 წელს, ალექსანდრა ჭიპაშვილმა, ნათესავების რჩევით, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მატემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. სტუდენტების სიაში საკუთარ თავს ანბანის მიხედვით ბოლოში ეძებდა. რას წარმოიდგენდა, საუკეთესო შედეგების მქონე, პირველ ათეულში თუ მოხვდებოდა.
ინსტიტუტის დამთავრებისას, როცა კურსდამთავრებულების სკოლებში განაწილების დრო დადგა, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ხარაგაულიდან მაშინდელი განათლების განყოფილების გამგე – ნიკოლოზ შარიქაძე მივიდა.
მასთან გასაუბრების შემდეგ ალექსანდრა ჭიპაშვილმა ხარაგაულში წამოსვლა გადაწყვიტა. მისი პედაგოგიური ნათლობა 50 წლის წინ ბორითის საშუალო სკოლაში შედგა. სკოლის დირექტორი მიშა კუპრაძე და ყველა მასწავლებელი ახალგაზრდა კოლეგას თბილად შეხვდა. ალექსანდრა ჭიპაშვილი ამბობს, რომ ბორითის სკოლა დღემდე განსაკუთრებულად უყვარს. ერთი წლის შემდეგ, როცა ვერტყვიჭალელ ანზორ ბლიაძესთან ერთად ოჯახი შექმნა, საცხოვრებლად და სამუშაოდ ბორითიდან ვერტყვიჭალაში გადავიდა.
„მაღალი მოტივაცია, მოსწავლეებისადმი უსაზღვრო სიყვარული, მუდმივად სიახლეების ძიება – ეს არის ჩემი წარმატების საიდუმლო, – ამბობს ალექსანდრა მასწავლებელი, – მოსწავლე რომ ინტერესით გიყურებს, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთო. მათემატიკის ცოდნა ყველა სპეციალისტისთვის აუცილებელი და საჭიროა.
ხშირად მიამაყია ჩემი მოსწავლეების შედეგებით. უმაღლესში ჩასაბარებლად რომ უნარების გამოცდა დაწესდა, იმ წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ დამატებით ვამეცადინებდი. უნარებში ჩემმა მოსწავლემ, რეზო გოგოლაძემ, ასიდან სამოცი ქულა მიიღო. უბედნიერესი ვიყავი.
გაკვეთილზე მკაცრი ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა მოსწავლე მათემატიკით „დავატყვევო“. თუმცა, მათ ინტერესებსაც ვითვალისწინებ და ვიტოვებ დროს, რომ მათთვის საინტერესო სხვა თემებზე ვისაუბრო.
მასწავლებელი, მშობლის შემდეგ, ბავშვისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია. ამიტომ თუ შენი საგანი ვერ შეაყვარე, ახალგაზრდას ცხოვრებაში აუცილებელი და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებაში უნდა დაეხმარო. სახლში დავალების დაწერა ეზარება? – კლასში დაფასთან ამუშავე. წიგნით თუ ვერ დაინტერესდა, მასალები ინტერნეტში მოაძიებინე.
ყოველთვის აქტიური და ენერგიული ვიყავი. ხარაგაულის სკოლებიდან პირველად კომპიუტერები ვერტყვიჭალის სკოლაში მოვიპოვეთ. როგორ შეიძლებოდა, ინფორმატიკა მესწავლებინა და მოსწავლეებს კომპიუტერი ნანახი არ ჰქონოდათ?!
მასწავლებელთა ატესტაცია რომ დაიწყო, პირველივე წელს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი გავხდი. შემდეგ, როცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა შემოიღეს, მაშინვე ჩავერთე. წინა წლების შრომას წყალში ხომ არ ჩავყრიდი – 2011 წელს უფროსი მასწავლებელი, ხოლო 2019 წლის დასაწყისში წამყვანი მასწავლებელი გავხდი. იმ დროს ეს სტატუსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ ოთხ მასწავლებელს გვქონდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის სექტემბერში საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელითა და მედლით დამაჯილდოვა.
მომავალ თაობას ჩვენგან მეტი ხელშეწყობა, ყურადღება სჭირდება. პირველ რიგში, მათ ადამიანობა უნდა ვასწავლოთ. ღირსების გარეშე ცოდნას ფასი არ აქვს. პროფესიონალებად უნდა ჩამოყალიბდნენ იმ სპეციალობაში, რომელსაც აირჩევენ.
ჩემი დროის და ახლანდელი თაობის შედარება არ შეიძლება. დღეს ახალგაზრდებს განვითარებისთვის უსაზღვრო შესაძლებლობები აქვთ – ყველაფერი ხელისგულზეა – წიგნის კითხვა გეზარება? – ინფორმაციას აგერ კომპიუტერში, ტელეფონში გაეცანი. მთავარია, შენი ცოდნა ხარისხიანი იყოს.
მასწავლებლები, გასულ წლებთან შედარებით, ბევრად დაფასებულები ვართ. გასული საუკუნის 90-იან წლებში მე და ჩემი მეუღლე ერთი თვის ხელფასით მხოლოდ 800 გრამ პურს ვყიდულობდით. შემდეგ, თვეების განმავლობაში, უხელფასოდაც ვმუშაობდით. ის გაჭირვების წლები წარსულს ჩაბარდა.
კარგია, რომ განათლების სამინისტრო სკოლებში ახალგაზრდების დასაქმებას ხელს უწყობს, მაგრამ გამოცდილი მასწავლებლები სკოლიდან არ უნდა გაეშვათ. მე თუ დავინახავ, რომ მოსწავლეებს კლასში ჩემი შესვლით რამე უშავდებათ და ვეღარ ვასწავლი, არჩევანს თავად გავაკეთებ.
დღეს მაღალმთიან სოფლებში მასწავლებლების დეფიციტია. ვფიქრობ, მასწავლებლობის მაძიებლები სწორედ ასეთ სოფლებში უნდა წავიდნენ.
საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს კოლექტივს, სადაც მუშაობ. მალე ვერტყვიჭალის სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ეს მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაციას გაზრდის.
უზომოდ მახარებს ის, რომ ამ სკოლაში ჩემი ნანატრი შვილიშვილი – ანდრია ბლიაძე ისწავლის.
დღევანდელი დღე – 5 ოქტომბერი მასწავლებელთა პროფესიული დღეა. ყველა კოლეგას ვულოცავ. წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ. ხშირად ეამაყოთ თავიანთი მოსწავლეების შედეგებით“.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი