ხარაგაულში მესაქონლეობის განვითარებისა და მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოსაყვანად ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების პროგრამა დაინერგა. ამის შედეგად ფურების წველადობა უნდა გაიზარდოს.

პროგრამა 2017 წლის ივლისიდან დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 800 ლარი გამოიყო. პროგრამაში ჩართულმა ვეტერინარმა ერთი წლის განმავლობაში ხელოვნური განაყოფიერება 51 ფურს ჩაუტარა. მათგან ნახევარზე მეტი შედეგიანი აღმოჩნდა.

ხარაგაულში მცხოვრები გელა გოლუბიანი ფერმაში ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ორი ხბო იზრდება. გელა გოლუბიანი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროგრამებს შორის ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერება ყველაზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია.

„ქართველი კაცი, წლების მანძილზე, თავს სოფლის მეურნეობით ირჩენდა, – ამბობს გელა გოლუბიანი, – თუ ახალ, გაუმჯობესებულ ჯიშებს შემოვიყვანთ და დავნერგავთ, უკეთესად ვიცხოვრებთ. როდემდე უნდა ვიყოთ ხელგაწვდილები სოციალური დახმარების მოლოდინში. ხარაგაულში, სადაც მე ვცხოვრობ, ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის მცირე რესურსია. თუმცა, სოფელი მაქვს, სადაც მომავალში მეცხოველეობის გაფართოებას ვფიქრობ.

ამჟამად ოთხი ძროხა გვყავს. ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ორი ხბოდან ერთი დეკეულია, მეორე – მოზვერი. ჩემი მიზანი დღეში 20 ლიტრი მაღალხარისხიანი რძის მიღებაა. მოზვერს არ გავყიდი და მას ბუღა მწარმოებლად გავზრდი.“

გელა გოლუბიანი ამბობს, რომ სოფლად მცხოვრები ფერმერები სიახლეებს უნდობლად ხვდებიან. მისი აზრით, კონკრეტული შედეგების ჩვენება უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე რეკლამებსა და ბუკლეტებში დახარჯული თანხა.

გელა გოლუბიანი თვლის, რომ ფულადი შემწეობის მიღების იმედით ჯანღონით სავსე ვაჟკაცები სოფლის მეურნეობაში საქმიანობით თავს აღარ იწუხებენ. სწორად დაგეგმვისა და პროგრამებში ჩართვით კი მოსახლეობა სოციალურ შემწეობაზე ბევრად მეტ სარგებელს მიიღებს.

ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების პროგრამის ავტორი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვეტერინარი ნათია ბერაძეა. ის ამბობს, რომ დღეს საქართველოში მეცხოველეობის ყველაზე მთავარი პრობლემა დაბალპროდუქტიული ჯიშებია. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ერთი ფურის წველადობის წლიური მაჩვენებელი 1300 ლიტრია. ხარაგაულში ეს რეალობა კიდევ უფრო დამძიმებულია – მეწველი ძროხა ფერმერს დღეში მხოლოდ 5-6 ლიტრ რძეს აძლევს.

„ფაქტობრივად გამოდის, რომ ფერმერი უშედეგოდ შრომობს, – ამბობს ნათია ბერაძე, – ისინი, ვინც რძის პროდუქტებს ყიდიან, თავად ოჯახში იკლებენ იმისთვის, რომ ყველის რეალიზაციით მიღებული თანხა სხვა საჭიროებებს მოახმარონ. პროდუქტიულობაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს – პირუტყვის საცხოვრებელი პირობები, ჰიგიენა და კვება. სახელმწიფო ყველა ამ პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგვეხმარება. ამიტომ დავიწყეთ უმთავრესით – ჯიშის გაუმჯობესებით.

თქვენი მედიაორგანიზაციის მეშვეობით ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების პროგრამის შესახებ ინფორმაცია რომ გავრცელდა, ხარაგაულში მცხოვრები ფერმერები გვიკავშირდებოდნენ და პროგრამაში ჩართვას ითხოვდნენ. ეს პროგრამა სხვა მუნიციპალიტეტებში უკვე დანერგილი და გამოცდილია. ჩვენ რძის პროდუქტიულობის გაზრდის მიმართულება ავირჩიეთ.

ხელოვნური განაყოფიერება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. სპეციალისტი ადგილზე ფურის ახურების დროს უნდა მივიდეს. მნიშვნელოვანია, რომ განაყოფიერების დროს ფური ჯანმრთელი იყოს. თუ ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, დიდი ალბათობით, პირუტყვი არ დამაკდება. ხარაგაულში მეცხოველეობის განვითარება ხელოვნური განაყოფიერების გარეშე წარმოუდგენელია. მეცხოველეობის ხელშეწყობისთვის ეს გზა გაიარეს ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა. ყველა დიდმა და ცნობილმა ფერმერულმა მეურნეობამ ჯიშები ხელოვნური განაყოფიერებით გააუმჯობესა.“

2018 წლის აგვისტოდან ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების პროგრამა ხარაგაულში შეჩერდა, რადგან ვეტერინარმა, ოჯახური პრობლემების გამო, პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„ამ პროგრამის ადმინისტრირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაგვევალა, რადგან ცალკე სამსახურის შექმნას მეტი ფინანსები სჭირდებოდა, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული თანხით შევიძინეთ სპეციალური მაცივარი, საჭირო ინსტრუმენტები და განაყოფიერებისთვის ბიოლოგიური მასალა, გადავამზადეთ ვეტერინარი.

ვეტერინარს სოფლებში გადაადგილებისთვის საჭირო საწვავს ვუძენდით. მოსახლეობა ცხოველის ხელოვნური განაყოფიერებისთვის თანადაფინანსების სახით 20 ლარს უხდიდა, 20 ლარს ჩვენ ვუმატებდით. როგორც კი პროგრამა შეჩერდა, მერიას წერილობით ვაცნობე. ამჟამად ორი სპეციალისტი შევარჩიეთ, რომლებიც გადამზადდებიან. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აქვს შესაბამისი ფინანსები საიმისოდ, რომ ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების პროგრამა გაგრძელდეს. ხარაგაულელი ფერმერები გვიკავშირდებიან და ითხოვენ, რომ ხელოვნური განაყოფიერება მათ პირუტყვსაც ჩაუტარდეს, მაგრამ ასეთი პრობლემის წინაშე ვართ.“

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შერჩეული სპეციალისტები კომპანია „კავკასიის გენეტიკამ“ უნდა გადაამზადოს. კომპანია 2006 წლიდან საქართველოში მეცხოველეობის სფეროში ფერმის აღჭურვილობის, რძისა და ხორცის წარმოება-გადამუშავების, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით მუშაობს.

„კავკასიის გენეტიკის“ გენერალური მენეჯერის, დიმიტრი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების შესასწავლად მსურველთა ათკაციანი ჯგუფი უნდა შედგეს. მან ვერ დაგვიკონკრეტა, როდის მიიწვევენ ხარაგაულელ სპეციალისტებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად.

„ჩვენი კომპანია მზადაა შესაბამისი ტრენინგის ჩასატარებლად, – განმარტა დიმიტრი კვირიკაშვილმა ჩვენთან საუბარში, – ხარაგაულიდან მოგვმართეს, მაგრამ ორი კაცისთვის სწავლებას ვერ დავიწყებთ. სამწუხაროდ, მხოლოდ ხარაგაულში მოხდა ასე, რომ ვეტერინარმა პროექტი დატოვა. როგორც კი ჯგუფი შედგება, მაშინვე შეგატყობინებთ.“

მეცხოველეობის განვითარებისთვის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება და ამ სექტორის საუკეთესო გამოცდილების დანერგვა ხარაგაულში, სპეციალისტის არყოფნის გამო, შეფერხებულია. ვეტერინარ ნათია ბერაძის ინფორმაციით, ჯიშის გაუმჯობესებით დაინტერესებული ხარაგაულელი ფერმერები ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისთვის სპეციალისტებს ამჟამად ზესტაფონიდან იწვევენ.

ნინო კაპანაძე