1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტია.

აფხაზეთის ომის ვეტერანი ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშიდან, სერგო ბუცხრიკიძე 30 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. რუსეთში ცხოვრობდა და კარგი პერსპექტივა ჰქონდა. თუმცა, ერთი წამით არ დაფიქრებულა, ყველაფერი დატოვა და თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად გამოეშურა.

სერგოს, თანამებრძოლ ქართველ ბიჭებთან ერთად, გამარჯვების სწამდა. თუმცა, რუსული ჩექმა მტკიცედ მოიწევდა წინ.

– თუ ომში ნამყოფი არ ხარ, იმ გაჭირვებას ვერ გაიგებ, რასაც იქ მყოფნი განიცდიან, – ამბობს სერგო ბუცხრიკიძე, – დანგრეული, გაუბედურებული სოფლები და ქალაქები მახსენდება; დაჩეხილი ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები; არეულობა, სამხედრო პირების უკმარისობა და გამოუცდელობა, უმართავი სიტუაცია.

სერგო ბუცხრიკიძე ბრძოლაში დაიჭრა. განკურნებული ისევ სოხუმის დასაცავად დაბრუნდა. თავგანწირვით იბრძოდა. დაჭრილებს ეხმარებოდა. დახოცილი ქართველი მეომრები ბრძოლის ველიდან გამოჰყავდა. ყველაზე მძიმედ იმ დაჭრილი მებრძოლების ხმა ახსენდება, ვისაც ვერავინ შველოდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ძლიერი აფეთქებისას, დაშავდა და ჯანმრთელობა ძლიერად შეერყა.

„ყოველ 27 სექტემბერს იმ ფორმას ვიცვამ, რომლითაც ომში ვიბრძოდი. ბრძოლაში დაღუპული ჩემი თანამებრძოლების ფოტოებთან მათ მოსაგონარს ვსვამ. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს. აფხაზებს ყოველთვის შევურიგდებით, თუ რუსეთი არ ჩაერევა“, – ამბობს სერგო ბუცხრიკიძე.

ლიკა ხიჯაკაძე