ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. არც კი ახსოვთ, ერთმანეთი როდის გაიცნეს. მეგობრობდნენ და ეს მეგობრობა, მათდა უნებურად, სიყვარულში გადაიზარდა.

დროთა განმავლობაში ურთიერთობა დასერიოზულდა და გადაწყვიტეს, რომ დაქორწინებულიყვნენ.

5 სექტემბერს მარიამ კიკალიშვილს თეთრი საქორწინო კაბა უნდა ჩაეცვა, გია მანჯავიძეს კი – სმოკინგი. აქტიური სამზადისი ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდათ, როცა კორონავირუსი გაძლიერდა და დღიურად დაავადებულთა ათეული ციფრები ასეულებით შეიცვალა.

ამას რეგულაციების გამკაცრება მოჰყვა. ქორწილების გადახდა გაურკვეველი ვადით გადაიდო. იმედები გაუცრუვდათ. იყო სევდაც.

გაიგეს, რომ ადამიანები პირატულად იხდიდნენ ქორწილებს. ამაზე არც კი უფიქრიათ. ესმოდათ, რომ ქორწილის გადახდა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. არ უნდოდათ იმ ალბათობის დაშვება, რომ მათი ქორწილი კლასტერის შექმნის საფუძველი გამხდარიყო.

ფინანსური კუთხით დანახარჯები არ ჰქონიათ. განსხვავებით სხვა წყვილებისაგან, რომლებმაც ორი-სამი დღით ადრე გაიგეს, რომ მათი ქორწილი ვერ შედგებოდა, მხოლოდ სარიტუალო დარბაზის მფლობელი ჰყავდათ გაფრთხილებული.

„არასასიამოვნო შეგრძნება იყო, როდესაც გავიგეთ, რომ ქორწილის გადახდას ვეღარ შევძლებდით. მთავარია ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ადამიანების ჯანმრთელობაა. ქორწილის გადახდას სხვა დროსაც შევძლებთ“, – ამბობს გია.

„ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ. ამისათვის კი საჭიროა თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს. ამ ეტაპზე ვერაფერს ვგეგმავთ. როდესაც შესაძლებელი იქნება, ჯვარს დავიწერთ და ვიწრო წრეში აღვნიშნავთ“, – ამბობს მარიამი.

მარიამი და გია ცერემონიალების გარეშე დაქორწინდნენ. იმედი აქვთ, რომ კორონავირუსი მალე დაყრის ფარ-ხმალს და ქორწილის გადახდის შესაძლებლობა, თუნდაც ვიწრო წრეში, მიეცემათ.

ლიკა ხიჯაკაძე