ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მასთან დაკავშირებულ ქართულ გამოცდილებაზე ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა.

დოკუმენტში ფსიქიკური ჯანმრთელობა განხილულია, როგორც ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილი. აღნიშნულია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაში სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

დოკუმენტში აღწერილია ამ მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება და გამოცდილება, ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმის მიმოხილვა.

უკანასკნელ წლებში, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით სხვადასხვა რეფორმის გატარების, დაფინანსებისა და სხვა ტიპის მხარდაჭერის გაზრდის მიუხედავად, ეს საკითხი კვლავაც პრობლემურად რჩება და ინარჩუნებს აქტუალობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, სახელმწიფომ გაზარდოს ძალისხმევა და ამ სფეროს განვითარებისათვის სისტემური ხასიათის ცვლილებები განახორციელოს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარების პროცესში, სახელმწიფოს ამოსავალი მიზანი უნდა იყოს, მოსახლეობის ფსიქიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ადამიანის უფლებებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვა, საქართველოში ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა თვითგამორკვევა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

მნიშვნელოვანია ყველა ცვლილების განხორციელებისა თუ დაგეგმვის პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული თემის წარმომადგენლები და მათი აზრი იყოს გათვალისწინებული. საბოლოო გადაწყვეტილებები კი სწორედ ამ ადამიანების რეალურ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული.

აუცილებელია, სფეროს სპეციალისტებით დაკომპლექტება და კადრების კვალიფიკაციის გაზრდა. ამასთან, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ჰოსპიტალური მკურნალობის – თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებით ჩანაცვლებაა, რისთვისაც საჭირო რესურსების მობილიზებასთან ერთად, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების არსებობაც.

ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ:

  • მიიღოს ყველა ზომა, რათა მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
  • შეიმუშავოს ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის სამოქმედო გეგმა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. გეგმის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სხვადასხვა კომპონენტების ერთიან სისტემაში გაერთიანება უნდა იყოს. ასევე, გეგმით უნდა გაიწეროს რეფორმის მიზნები და პრიორიტეტები, სხვადასხვა სამსახურებისა თუ ინსტიტუციების როლებისა თუ პასუხისმგებლობების განსაზღვრით.
  • გაზარდოს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის საბიუჯეტო რესურსები. უზრუნველყოს დაფინანსების სისტემურობა და მდგრადობა;
  • მოახდინოს დისპანსერული მომსახურების ტრანსფორმირება, რათა მიწოდებული სერვისი შეესაბამებოდეს ბენეფიციართა საჭიროებებს;
  • მოახდინოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის კონტროლი და შექმნას და დანერგოს მისი გაუმჯობესების სისტემური მექანიზმი;
  • უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგი კვალიფიციური კადრებით;
  • გაზარდოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის შესაძლებლობები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების იდენტიფიკაციისა და მართვის საკითხებში;
  • ჩაანაცვლოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ამბულატორიული სერვისები (ბავშვთა და მოზარდთა ჩათვლით) სათემო სერვისებით და გააფართოოს ეს სერვისები, მულტიდისციპლინური გუნდების შექმნით და სათემო
    სერვისებისთვის დაფარვის გეოგრაფიული არეალის გაზრდითა და დეკონცენტრაციით;
  • შეიმუშავოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დეინსტიტუციონალიზაციის რეალური გეგმა და გამოყოს მისთვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები;
  • გაზარდოს ძალისხმევა საზოგადოებაში არსებული სტიგმებისა და დისკრიმინაციის დასაძლევად, რაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებობს.
  • მიღებულ იქნას ზომები პოლიციელთა გადასამზადებლად და მათი ცნობიერების ასამაღლებლად – ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებთან მიმართებაში. ასევე, გაძლიერდეს რიგით პოლიციელთა გადამზადება ფორსმაჟორულ სიტუაციებში ადეკვატური და მყისიერი რეაგირების უზრუნველსაყოფად.