
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ონლაინ სწავლებიდან სწავლების სტანდარტულ რეჟიმზე გადავიდა.
აქ სწავლის მსურველებს ბევრი სიახლე დახვდება. თუ თქვენ გინდათ ფეხსაცმლის დიზაინის, ხის ნაკეთობების დამზადების შესწავლა, ეს უკვე ხარაგაულშია შესაძლებელი.
გარდა ამ ახალი პროფესიებისა, ზრდასრულთა განათლების ცენტრში მეფუტკრეობის, უცხო ენის, მაკრამეს, ჭრა-კერვის, მანქანის მართვის, თექის, ფანდურისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები ფუნქციონირებს.
ცენტრი ხელს უწყობს ადამიანებს, შეისწავლონ ის პროფესიები, რომლითაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფისმენეჯერის, მანანა ტაბაშიძის თქმით, აქ პროფესიის დაუფლება შეეძლება ყველას, ვისაც საშუალო განათლება აქვს.
„ჩვენთან ასაკი შეზღუდული არ არის. გვყოლია პენსიონერებიც, რომლებიც დაეუფლენ ამა თუ იმ პროფესიას. ასაკით ყველაზე პატარა სტუდენტი 18 წლის იყო. მთავარია, ადამიანს ათვისების უნარი ჰქონდეს.
ზოგადად, პროფესიების მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესი არ არის. აი, მაგალითად, ხარაგაულში კარგ ხელოსანს ვერ ნახავ. ლესვის შესწავლის კურსებზე მიღება გამოვაცხადეთ. არცერთი ადამიანი არ დაინტერესდა. ძალიან ვწუხარ იმის გამო, რომ ადამიანებს პროფესიების შესწავლა ნაკლებად აინტერესებთ.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრს სტუდენტები, ხარაგაულის გარდა, ძირითადად, ახლოს მდებარე ისეთი სოფლებიდან ჰყავს, როგორებიცაა: ბაზალეთი, ჩხერი, საღანძილე, დიდვაკე. ძირულას ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში კურსების გავლას ვერ ახერხებს. მანანა ტაბაშიძის თქმით, ამის მიზეზი ტრანსპორტირების პრობლემაა.
„მომავალ წელს აქტიურად ვიმუშავებთ სოფლებში მცხოვრები ადამიანების დასაინტერესებლად.
სექტემბრიდან თექის კურსები გაიხსნება. ასევე გავაგრძელებთ მიღებას ფეხსაცმლის დიზაინის შემსწავლელ კურსებზე. ჩვენთან ფეხსაცმლის დიზაინს თბილისიდან მოწვეული მასწავლებელი ასწავლის.
პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება ქართული სამზარეულოს შემსწავლელი კურსები. გვინდა სტილისტის კურსების გახსნა და სოფლებიდან ადამიანების ამ სპეციალობაზე მოწვევა. აქტიურად ვმუშაობ მეც და ჩვენი დირექტორი გიორგი მუხურაძეც, გიდობის გადასამზადებელი კურსების შექმნაზე. თავდაპირველად ეს იქნება ქართულენოვანი. მოგვიანებით კი ინგლისურენოვანი კურსების გახსნაზეც ვიფიქრებთ“.
ზრდასრულთა განათლების ცენტრში არ არის მკაცრად გაწერილი დღის გეგმა. გრაფიკიც მოქნილია. ცენტრის სტუდენტს შეუძლია, კურსებს სამსახურის შემდგომ დაესწროს.
„ჩვენთან ადამიანები იმიტომ უნდა მოვიდნენ, რომ სასურველ პროფესიასა და ხელობას დაეუფლებიან. აქ არის ძალიან მეგობრული გარემო. აქ მოსული ადამიანი, დაღლილიც რომ იყოს, წასვლისას მაინც გახალისებულია. ეს ხალისიანი განწყობა ყველამ უნდა გამოცადოთ“, – ამბობს მანანა ტაბაშიძე.
ზრდასრულთა განათლების ცენტრი ხარაგაულში 2019 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის – DVV INTERNATIONAL- ის მხარდაჭერით დაფუძნდა.
მსგავსი ცენტრები საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან მიწის
სამართლიანობა, მოსმენის უნარი, ლოგიკური
„გელა მთივლიშვილი ფორმაშია – დარბაზს ტოვებს, იშიშვლებს
„ამ წუთას მზია ამაღლობელის პროცესზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში