წელიწადნახევარია, რაც ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
პანდემიის პირობებში ეს ცენტრი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. სხვა სასწავლებლების მსგავსად, ისიც სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
თუმცა, მასწავლებლების ძალისხმევით, პროცესი საინტერესოდ გაგრძელდა და ივლისის ბოლოს ცენტრს უკვე 93 გადამზადებული კურსდამთავრებული ეყოლება.
ზრდასრულთა განათლების ცენტრი ხარაგაულში 2019 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის – DVV international-ის მხარდაჭერით დაფუძნდა.
ეს ცენტრები საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს. ხარაგაულის პროფესიული სასწავლებელი კი, რიგით მეთერთმეტეა და მას გიორგი მუხურაძე ხელმძღვანელობს, ცენტრის ოფისმენეჯერია მანანა ტაბაშიძე.
„ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებაზე ვართ ორიენტირებულები, საკუთარი თავის რეალიზება რომ შეძლონ. სოფლებში უმუშევრობაა. გვინდა, რომ თემში მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობა მივიღოთ“, – ამბობს ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფისმენეჯერი მანანა ტაბაშიძე, – ცენტრის სერტიფიკატი საკმაოდ სანდო და მნიშვნელოვანია.
შარშან 217 კურსდამთავრებული გვყავდა. კულინარიის კურსდამთავრებულთაგან რამდენიმე ხარაგაულში კაფესა და საბავშვო ბაღში დასაქმდა, ზოგს კულინარიულ კონკურსში მონაწილეობა სურს.
ზრდასრულთა განათლების ცენტრში ამჟამად მეფუტკრეობის, უცხო ენის, მაკრამეს, ჭრა-კერვის, მანქანის მართვის, თექის, ფანდურისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები ფუნქციონირებს. ცენტრის მანქანა-დანადგარებითა და საჭირო ინვენტარით მომარაგებას DVV international უზრუნველყოფს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს. სტანდარტული სწავლების რეჟიმზე რომ გადავლენ, სტუდენტებს ხის ნაკეთობების შემსწავლელ კურსში ჩართვა შეეძლებათ.
„ხის სათამაშოების დამზადება გვსურს; სხვაგან თუ არა, ხარაგაულის საბავშვო ბაღში რომ მაინც შეეძლოთ ბავშვებს ნატურალური, ხისგან შექმნილი სათამაშოების გამოყენება“, – ამბობს მანანა ტაბაშიძე.
ზრდასრულთა განათლების ცენტრში ძიძის გადამზადების პროგრამის შექმნაზე ფიქრობენ. სექტემბრიდან ფეხსაცმლის დიზაინერიც ეყოლებათ, სტუდენტებს რომ ფეხსაცმლის შეკერვა შეასწავლონ. ასევე დაიწყება გიდების გადამზადების პროგრამა, რომელსაც ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მუხურაძე უხელმძღვანელებს.
ცენტრი მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა გათვლილი. თუმცა არ გამორიცხავენ, იმ მოზარდებსაც შეუწყონ ხელი, ვისაც ხელობის დაუფლება სურს.
მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ ჩხერიმელას ხეობიდან სწავლის ბევრი მსურველია, თუმცა საგარეუბნო მატარებლის აღდგენის საკითხი მოსაგვარებელია. ამის გარეშე ტრანსპორტირება კი, ფაქტობრივად, – შეუძლებელი და მოუხერხებელია.
ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები თვითდასაქმებულები ხდებიან. ამიტომ ცენტრის გაძლიერება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი უნდა გახდეს. ზრდასრულთა განათლების ცენტრს განუსაზღვრელი მომავალი აქვს.
თამარ ჩხიკვაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი