
ღვაწლმოსილი პედაგოგი მამია ლაცაბიძე ახლახან 80 წლის გახდა.
40 წელი ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის სკოლაში გერმანულ ენას ასწავლიდა. მოსწავლეებს, ენის შესწავლის პარალელურად, ქართული ენის, კულტურის, ისტორიის სიყვარულს უნერგავდა. ეს კომუნისტურ ეპოქაში მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
მამია ლაცაბიძის ქალიშვილი სოფო გვიამბობს:
„მამამ პირველივე გაკვეთილზე მოსწავლეებს ჰკითხა – თქვენს სამშობლოს რა ჰქვიაო. მოსწავლეება რომ უპასუხეს, – „საბჭოთა კავშირიო“, – გადაწყვიტა, მათთვის საქართველოს ისტორია გაეცნო. საკლასო ოთახში საქართველოს რუკა გააკრა და გერმანულის გაკვეთილზე გარკვეულ დროს ჩვენი ქვეყნის წარსულზე საუბარს უთმობდა.
სახლში ერთ რუსულ სიტყვას ვერავინ იტყოდა. კომუნისტურ წყობას ვერ ეგუებოდა. სკოლაში „განსხვავებული აზრის“ მქონეს ეძახდნენ. მამა სულით ხორცამდე პატრიოტია და საქართველოს დღევანდელობა ძალიან აფიქრებს“.
პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, მამია ლაცაბიძემ მოლითის სკოლის ეზოში სკები განათავსა და მოსწავლეებს მეფუტკრეობას ასწავლიდა. თაფლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი სკოლის ბიუჯეტში შეჰქონდა. მოსწავლეები ექსკურსიებზე საკუთარი სახსრებით დაჰყავდა.
უცხო ენების ინსტიტუტის კურსდამთავრებული, პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებამდე, 1967-1969 წლებში ბიჭვინთაში თარჯიმნად განაწესეს. პარალელურად, რუსულენოვან სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობდა. მამია ლაცაბიძის დღიურებში ბევრი მოგონება სწორედ აფხაზეთს უკავშირდება.
„იმ პანსიონატის ინტერიერი და ეზო, სადაც მე ვმუშაობდი, პროფესიული გემოვნებით, საქართველოს ისტორიის კარგად მცოდნეებისგან იყო გამშვენიერებული. უცხოელებს ეზო განსაკუთრებით მოსწონდათ. ერთი ხანშიშესული გერმანელი ქალბატონი მეუბნება: „ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთი რამ (გულისხმობდა აგარაკის ტერიტორიის გაფორმებას) არსად შემხვედრია! ესპანური ფრანგულს ჰგავს, ინგლისური – იტალიურს და ა.შ. ეს კი სულ სხვაა, გამორჩეული და თავისთავადი!“ – ამას ამბობს გერმანელი ინტელიგენტი. ჩვენ კი როდის უნდა დავაფასოთ ჩვენი. ვინ უნდა გაგვაგებინოს ვინ ვართ, რანი ვართ“…
მამია ლაცაბიძეს ხარაგაულში გერმანელი ტურისტები ჩამოჰყავდა. 1984 წელს მოლითში ხუთსულიანი ოჯახი ისტუმრა.
„ეს მაშინ სასწაული იყო. სოფელში ზოგს გერმანელების ეშინოდა, – იხსენებს სოფო ლაცაბიძე, – შემდეგ მათ ყველა რიგრიგობით პატიჟობდა. მამამ გერმანელ სტუმრებს საქართველო მოატარა და თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა აჩვენა“.
მამია ლაცაბიძემ 1989 წელს დააარსა ასოციაცია „მოლითი“, რომელიც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის იდეებს იზიარებდა. ასეთი ასოციაციის შექმნა იმ პერიოდში დიდ გამბედაობას მოითხოვდა.
სკოლაში მუშაობის პარალელურად მამია ლაცაბიძე მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. გასული სააუკუნის 60-იან წლებში მან გერმანულ ენაზე გამოცემული სამედიცინო სამეცნიერო ლიტერატურა თარგმნა.
„კარგი ქართველები უნდა ვიყოთ, ევროპელებმა რომ არ გვიუცხოონ, – ამბობს მამია ლაცაბიძე, – ისეთი კარგები, აკაკი, კონსტანტინე, ექვთიმე, ჭავჭავაძეები, ნიკოლაძეები და სხვანი რომ იყვნენ. თუ მყისიერად ევროპელებად გახდომა მოვინდომეთ, აკაკის „ღამურად“ გადავიქცევით. უპირველესად, ჩვენი თავის სრულყოფისთვის უნდა ვიზრუნოთ, რაც საფუძვლიანი განათლების მიღებით არის შესაძლებელი“.
ლიკა ხიჯაკაძე
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე