დღეს ქვეყანაში კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ამ დაავადების გამოვლენის პირველი დღიდან დღემდე სულ 1179 პირი დაინფიცირდა.

ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი გახლავთ ადრე დაინფიცირებულთან კონტაქტი, მეორის ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება გრძელდება.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი ოთხით გაიზარდა და 959 გახდა.  დღეისათვუს კოვიდ ცენტრებში 241 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობაა 81,5%, ლეტალობის მაჩვენებელი – 1,44%.

„საქართველოში დაავადებულთა ზომიერი მატებაა, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია, – კოვიდდაავადებულები ჩვენი ქვეყნიდან არ გაქრებიან. უბრალოდ, ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ.

მომავალ თვეებში როგორი იქნება კოვიდსიტუაცია, დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ გავუფრთხილდებით ერთმანეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები: დისტანცირება, პირბადის ტარება. გვესმის, რომ ძალიან რთულია ამდენი თვის განმავლობაში ასეთი მოთხოვნები.

თუმცა, თუ გვინდა, რომ საკუთარი თავი და ჩვენი საყვარელი ადამიანები დავიცვათ, ეს მოთხოვნა უნდა შევასრულოთ.“