ხარაგაულის საკრებულოს წევრმა „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„ხარაგაულის მერიის შვებულებაში გასული სამსახურის უფროსები საბოტაჟში ხართ ეჭვმიტანილები. დაბრუნდით, თორემ ცუდადაა საქმე“.

დავინტერესდით, მერიის რომელი სამსახურების უფროსები გავიდნენ შვებულებაში და რა პრობლემებს ქმნის მათი სამსახურებში არყოფნა; რამდენად უკავშირდება მათი შვებულება მუნიციპალიტეტის მერის, ნიკო თოფურიძის გადადგომას და ისინიც თანამდებობების დატოვება ხომ არ გეგმავენ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად შვებულებაში იმყოფებიან შიდა აუდიტის, ეკონომიკისა და ქონების მართვის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფროსები – გიორგი ჭყოიძე, ჯაბა ბერაძე, აფრასიონ ლურსმანაშვილი, თემურ თაბუკაშვილი.

ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ მერიის ოთხი სამსახურის უფროსის ერთდროულად შვებულებაში წასვლა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია, რის გამოც არჩეულმა მერმა, ნიკო თოფურიძემ, თანამდებობა დატოვა.

– ამ სამსახურების უფროსები თანამდებობებზე თოფურიძემ დანიშნა და როგორც ჩანს, „ზემოთ“ გადაწყვეტილების მიმღებ პირს უნდა, რომ ისინიც მერთან ერთად წავიდნენ, – ამბობს ინგა მაღრაძე, – ერთი რამ ცხადია, – საკრებულომ მერის გასული, 2029 წლის საქმიანობა ვერ შეაფასა.

არ გვაქვს პასუხი კითხვაზე – რატომ წავიდა არჩეული მერი – შეუსრულებელი პროექტების, თუ რაიმე დანაშაულის გამო. ერთადერთი, რაც იკვეთება ისაა, რომ პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი მერის თანამდებობაზე კენჭისყრისთვის ემზადება.

ინგა მაღრაძე მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს და ამბობს, რომ არჩეული მერის ამ ფორმით წასვლა თვითმმართველობას აზარალებს.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პატა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ მერიის ოთხი სამსახურის უფროსის ერთდროულად შვებულებაში წასვლა საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს.

– დღეს საკრებულოში მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში წარმოადგინა, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – ბიუჯეტი 57,8%-ით არის შესრულებული. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები ვერ ავითვისეთ. ეს იმ სამსახურების უმოქმედობის ბრალია, რომელთა უფროსებიც ახლა შვებულებაში იმყოფებიან.

საინტერესოა, რატომ წავიდნენ შვებულებაში – ყოფილი მერის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავენ, თუ ყველა ერთდროულად გადაიღალა?! ასეთ სიტუაციაში შვებულებაში წასვლა, როცა პრობლემებია შესყიდვების, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კუთხით, პასუხისმგებლიანი თანამდებობის პირის მხრიდან, არაადექვატური საქციელია.

თუ საქმეს თავს ვერ ართმევენ, განცხადებები დაწერონ და წავიდნენ. თუმცა, მე როგორც ვიცი, მათთვის ეს არავის მოუთხოვია.

ეს, პირველ რიგში, საკრებულოს ბრალია. თუმცა, როცა დავინახეთ მერის მხრიდან უმოქმედობა, ვთქვით. მერი გადადგა, მაგრამ სამსახურების უფროსები რატომ მიჰყვებიან, ამას ვერ ვხვდები. ასე არ გამოვა, – ჯერ ფასიან შვებულებაში გავიდნენ, მერე უფასოში, მერე ბიულეტენზე. თუ რამე დააშავეს, მარტო სახლში გაშვებას არავინ აკმარებს. გამოასწორონ ხარვეზები და მუშაობა გააგრძელონ“, – ამბობს პაატა გოგოლაძე.

ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, მერიის ოთხი სამსახურის უფროსი კუთვნილ შვებულებაში მერის, ნიკო თოფურიძის გადადგომამდე წავიდა. მისივე ინფორმაციით, დღეს ჯაბა ბერაძე შვებულებიდან გამოიძახეს.

ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე ამბობს, რომ სამსახურის უფროსების კუთვნილ შვებულებაში ყოფნა საქმის გაკეთებას არ აზარალებს, რადგან მათ მოვალეობას იმავე სამსახურებში სხვა თანამშრომლები ასრულებენ.

რაც შეეხება სამსახურების უფროსებისგან თანამდებობების დატოვებას, თემურ ჩხეიძე თვლის, რომ ეს მათივე გადასაწყვეტია.

– თუ ასეთი რამ მოხდა და მერიის სამსახურების უფროსებმა თანამდებობები დატოვეს, მერის მოვალეობის შემსრულებელს უფლება აქვს, მათ ადგილებზე კონკურსი გამოაცხადოს, – განმარტავს მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ინგა ლურსმანაშვილი.

რატომ წავიდნენ ერთდროულად შვებულებაში, ამის გასარკვევად ამ სამსახურების უფროსებთან დაკავშირება ვცადეთ. ჯაბა ბერაძემ, თემურ თაბუკაშვილმა და აფრასიონ ლურსმანაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

მერიის აუდიტის სამსახურის უფროსმა გიორგი ჭყოიძემ გვითხრა, რომ ის კუთვნილ შვებულებას იყენებს და 15 აგვისტოდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. თუ საჭირო გახდა, სამსახურში შვებულების ვადის გასვლამდეც გამოვცხადდები, – ამბობს გიორგი ჭყოიძე.

ნინო კაპანაძე