„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში ხომ არ აპირებს ნიკო თოფურიძის კანდიდატად წამოყენებას ან პროკურატურამ ხომ არ დადო იმდენად მძიმე შეფასება, აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომ მერმა სასჯელით გათავისუფლებას საკუთარი განცხადებით წასვლა ამჯობინა, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს მივმართეთ.

როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

მკითხველისთვის ასევე ცნობილია, რომ პროკურატურა ხარაგაულის ბიუჯეტში დარღვევებს იძიებს.

„დანამდვილებით გეტყვით, რომ თოფურიძის კანდიდატურას საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ არ დაასახელებს, – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანანა ბარბაქაძე, – თავად ამბობდა, რომ თბილისში სოლიდურ თანამდებობას სთავაზობენ, თუმცა კონკრეტულად რას, – არ ვიცი.

საათნახევრის წინ საკრებულოში მივიღეთ მერის განცხადება, რომ ის ტოვებს მერის პოსტს. ჩემი ინფორმაციით, მას წასვლა პანდემიამდე უნდოდა, მაგრამ იმერეთის გუნერნატორის თხოვნით დარჩა, რომ სიტუაციისთვის მიეხედა“, – ამბობს მანანა ბარბაქაძე.

თოფურიძის გადადგომის გამო, 2020 წლის შემოდგომაზე ხარაგაულში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მერის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება.