საქართველოს მთავრობამ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა დაამტკიცა.

ამ სქემის მიხედვით, მასწავლებლის ყველაზე დაბალი სტატუსი იქნება არა „პრაქტიკოსი“, არამედ „უფროსი“ მასწავლებელი, შედარებით მაღალი სტატუსია „მენტორი“.

როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი ახალი სქემის მიხედვით?

მასწავლებელს სტატუსი – „უფროსი“ მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილ ზღვარს.

სტატუსი – „წამყვანი“ შესაძლოა მიენიჭოს მასწავლებელს იმ შემთხვევაში, თუკი უფროს მასწავლებელს, „უფროსის“ სტატუსის მისანიჭებლად საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით.

ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად“, – წერია ბრძანებაში.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც გულისხმობს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას.

პრაქტიკული საქმიანობის შეფასება მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას;
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

როგორ ფასდება მასწავლებლის პორტფოლიო?

პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში;

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. „პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი“, – წერია ბრძანებაში.

ასევე, მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში;

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

რა მოეთხოვება მენტორს?

სტატუსი – „მენტორი“ შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად;

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს;
ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას;
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად;

მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება ამ სქემის მე-4 მუხლით და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე;

ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში;

მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის განათლების მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს.

პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი;

როგორ ხდება მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა?

როგორ მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის მიერ შესაბამისად წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში ახორციელებს მასწავლებლის გარე დაკვირვებას, ატარებს სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრებას და აფასებს მასწავლებლის პორტფოლიოს.

ასევე, მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასებას ახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არანაკლებ 2 პირი.

ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით შეფასებიდან ორი კვირის ვადაში ელექტრონულად/მატერიალურად წერილობითი ფორმით წარმოადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელს ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ პორტფოლიოში.

პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მასწავლებლისთვის სტატუსის (მენტორი, წამყვანი) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის ბოლოს, იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრება

მასწავლებელს უფლება აქვს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაციის მასწავლებლის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში.

საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ამტკიცებს საპრეტენზიო კომისიის დებულებას.

საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისთვის ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში.