„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი სამოქალაქო დარბაზის „მოდი, ვიმსჯელოთ!“ მორიგი შეხვედრა ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმზრდელები, აღსაზრდელთა მშობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

2014 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 500 ათასი ლარით ფინანსდება. გაერთიანების ცხრა საბავშვო ბაღში 93 თანამშრომელია დასაქმებული და 350 აღსაზრდელი ირიცხება. სახელფასო ფონდი შეადგენს 380 500 ლარს.

„მთელი გაერთიანებისთვის, ბაღების გამგეების მოთხოვნებით, ერთიანად ვიძენთ საკანცელარიო ნივთებს, საოფისე, გამაგრილებელ და გასათბობ ტექნიკას, შეშას, რბილ ინვენტარს,“ – ამბობს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ნინო ბუხნიკაშვილი, – საბავშვო ბაღები საკვებით მარაგდება თვეში ორჯერ. ყველგან არის მაცივარი და საიმისო პირობები, რომ ჯანსაღი საკვები მივაწოდოთ ჩვენს აღსაზრდელებს.“

უახლოეს მომავალში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ახალი საბავშვო ბაღები შემოუერთდება. ნინო ბუხნიკაშვილის თქმით, 2015 წლისთვის გაერთიანების დაფინანსების ერთ მილიონ ლარამდე გაზრდა იგეგმება.

 

აღმზრდელთა უმთავრესი პრობლემა – დაბალი ანაზღაურება

ხარაგაულის #2, ბორითისა და მოლითის საბავშვო ბაღების პრობლემაა წყალმომარაგება. ხევისა და ვერტვიჭალის საბავშვო ბაღებში, ფართის სიმცირის გამო, დამატებით ვერ იღებენ ათ-ათ აღსაზრდელს. სოფლის ბაღების პრობლემაა, რომ არ ჰყავთ მეორე ცვლის მასწავლებელი, ექთანი და დამლაგებელი. დამლაგებლის ფუნქცია შეთავსებული აქვს ძიძას. გაერთიანებაში შემავალ არც ერთ ბაღს არ აქვს ეზოს სათამაშოები.

საბავშვო ბაღის აღმზრდელთა უმთავრესი პრობლემა კი დაბალი ანაზღაურებაა.

ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ელზა ბანცაძე ამბობს, რომ მათი ანაზღაურება, 320 ლარი, ძალიან ცოტაა მათ შრომასთან შედარებით. მისივე თქმით, განსაკუთრებით რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს შერეული ასაკის ჯგუფში მუშაობა.

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ირმა სებისკვერაძე მიიჩნევს, რომ თითქმის ყველა მიმართულებით გაუმჯობესდა საბავშვო ბაღებში მდგომარეობა, გარდა ხელფასებისა. „30%-ით მაინც მოგვემატოს ხელფასი. ეს არის ჩვენი სატკივარი,“ – ამბობს ირმა სებისკვერაძე.

გასული წლიდან ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათ გაერთიანებაში სწავლების ახალი პროგრამა დაინერგა.

გაერთიანების მეთოდისტი თამარ ავალიშვილი კმაყოფილია იმით, რომ აღმზრდელებს მოსწონთ ახალი სასწავლო პროგრამა. მისივე თქმით, ყველა პირობაა შექმნილი გაერთიანებაში იმისთვის, რომ ბავშვები სკოლისთვის სრულყოფილად მოემზადონ.

სააღმზრდელო პროგრამით და აღმზრდელთა პროფესიონალიზმით კმაყოფილები არიან მშობლები მარინე გოგია, დავით ჩადუნელი და ირმა გაბუნია. დავით ჩადუნელის თქმით, აუცილებელია, რომ ლოგოპედი გაერთიანებაში შემავალ ყველა საბავშვო ბაღში იყოს. ირმა გაბუნია აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ წელიწადში ერთხელ მოქმედ პედიატრს მოიწვევენ. „მან კარგად იცის, დავადებათა ტენდენციები მუნიციპალიტეტში და ისეთ პროდუქტებს დაამატებს, რაც შეიძლება იყოს პრევენციული ამა თუ იმ დაავადების მიმართ. ყველაფერი რომ მოგვარდება, ამის შემდეგ, იქნებ იზრუნოთ სადღესასწაულო კოსტიუმების გარდერობის შექმნაზე,“ – ამბობს ირმა გაბუნია.

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღმზრდელების, მედული ბოგვერაძის და ნანა რევაზიშვილის მოსაზრებით, სამ წლამდე ასაკის ბავშვისა და 4-6 წლიანთა მენიუ უნდა განსხვავდებოდეს. მათივე თქმით, კვება გაუმჯობესებულია, მაგრამ რაციონში უნდა შედიოდეს რძე, ხაჭო, არაჟანი, კვერცხი. მენიუს შედგენისას უნდა გაითვალისწინონ აღმზრდელების აზრი.

გაერთიანების დირექტორი ნინო ბუხნიკაშვილი განმარტავს, რომ შეიმუშავებენ განსხვავებულ მენიუს სამ წლამდე ასაკის აღსაზრდელებისა და სკოლამდელებისთვის. მისივე თქმით, ეს სიახლე განხორციელდება მხოლოდ ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში.

ნინო ბუხნიკაშვილის განმარტებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით იგეგმება თანამშრომელთა ხელფასების 20%-ანი მატება.

 

გაერთიანების შენარჩუნება თუ დაშლა

ადგილობრივ ხელისუფლებაში მსჯელობენ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების რეორგანიზაციის შესახებ.

გაერთიანების დირექტორი, ნინო ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ გაერთიანების პირობებში ყველგან თანაბარია აღსაზრდელთა კვება და აღმზრდელთა ანაზღაურება. მისივე თქმით, გაერთიანების მიერ ტენდერის გამოცხადებისას გარანტირებულია დაბალ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა.

„გაერთიანების შექმნამდე სკოლამდელი აღზრდა განათლების განყოფილებიდან იმართებოდა, – ამბობს აღმზრდელი ნანა რევაზიშვილი, – ყველა ბაღს ჰქონდა თავისი ბეჭედი და შტამპი. ბაღის გამგე თავად ადგენდა ხარჯთაღრიცხვას. კარგია, რომ ცენტრალიზებულად ხდება შესყიდვა. დარჩეს ეს ისევ ასე, მაგრამ გამგეებს ადგილზე ჰქონდეთ ბიუჯეტის შედგენისა და ადმინისტრირების უფლება.“ ნანა რევაზიშვილის თქმით, უმჯობესია რეფორმის გატარებისას გაითვალისწინონ დარგის სპეციალისტების აზრი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მაქსიმალურად გვერდით დაუდგებიან გაერთიანებას და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხს  შეაჯერებენ საზოგადოების აზრთან.

გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ გაყოფა არ გულისხმობს დაშლას. „შეიძლება ვფიქრობდე, რომ ცენტრალიზებულად მართვა კარგია, მაგრამ ზონალურად დაყოფა (მაგალითად, ძირულას ხეობა, კიცხის ზონა, ჩხერიმელას ხეობა), შესაძლოა, იყოს უმჯობესი.“

რაც შეეხება ხელფასების მატებას, პაატა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურ ნაბიჯებს გადადგამენ.

საკრებულოს წევრების ინგა მაღრაძის, მანანა ბარბაქაძის, გივი თხელიძის და  მარინე ვეფხვაძის თქმით,  გადაწყვეტილების მიღების პროცესში იხელმძღვანელებენ სწორედ საბავშვო ბაღის თანამშრომელთა მოსაზრებებით.

საკრებულოს წევრმა ქეთევან ზუმბაძემ ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არის დაცული სტანდარტები.

გამგებლის პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის განმარტებით, მშენებარე ბაღების პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია. მისი ინფორმაციით, წყალაფორეთის საბავშვო ბაღის მშენებელს შეუწყვიტეს ხელშეკრულება და ახალი ტენდერია გამოცხადებული.

პარლამენტარმა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხარაგაულისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საბავშვო ბაღების განვითარებას. რაც შეეხება რეორგანიზაციას, დეპუტატის თქმით, მთავარია, სწორად დაითვალოს უპირატესობები.

ნოდარ ებანოიძის თქმით, სერიოზული იმედებია იმისა, რომ მუნიციპალიტეტს დამატებითი შემოსავლები გამოუჩნდეს.

„გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებენ ჩინოვნიკები, უნდა იყოს საზოგადოებისგან მაქსიმალურად მკაცრად გაკონტროლებული. ნაკლებად გვიყურეთ თვალებში ხელისუფლებას.

შეხედეთ პრობლემებს, მშობლებს, მათ საჭიროებებს.

თუ ბევრი არ ვისაუბრეთ და აზრები არ მივაწოდეთ ერთმანეთს, არაფერი გამოვა,“ – აღნიშნა დეპუტატმა.

ნოდარ ებანოიძის თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლება და საკრებულო მზად არიან სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოუსმინოს სპეციალისტებს.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე
მტრედს გამოატანენ თუ ჩემოდნებით ჩამოიტანენ ფულს ხარაგაულში

ცოტა ჯამაგირი თუ ბევრი თანამშრომელი ჯამაგირისთვის