„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი სამოქალაქო დარბაზის – „მოდი, ვიმსჯელოთ!“ ფარგლებში დღეს, 3 ივლისს, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შეხვედრა გაიმართა.
ხარაგაულის საბავშვო ბაღების პრობლემებზე ანალოგიური მსჯელობა გასულ წლებში გავმართეთ.
შეხვედრაში გაერთიანების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის თანამშრომლები, საბავშვო ბაღების გამგეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აღსაზრდელთა მშობლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მიზანი სკოლამდელ გაერთიანებაში არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობა და ხელისუფლების მხრიდან პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა იყო.
გასულ წელთან შედარებით, 2017 წელს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დაფინანსება 160 ათასი ლარით შემცირდა. როგორ აისახა ეს ფაქტი საბავშვო ბაღებზე? – ამ საკითხზე გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, დაფინანსების შემცირებამ თანამშრომელთა ხელფასების კლება გამოიწვია, რაც, მისივე შეფასებით, ძალიან უსიამოვნო ფაქტია. მან არ იცის დაფინანსების შემცირების მიზეზი, თუმცა იმედი აქვს, რომ დაპირებულ 65 ათას ლარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებს.
65 ათასი ლარი საჭიროა იმისთვის, რომ გაერთიანების ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ზე მეტად არ შემცირდეს, მოგვარდეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემა და წლის ბოლომდე დარაჯებისა და დამლაგებლების ხელფასები გაისტუმრონ.
თუ დაპირებულ თანხას ვერ მიიღებენ, დარაჯებსა და დამლაგებლებს ხელშეკრულებებს ვეღარ გაუგრძელებენ.
შეხვედრაზე მყოფი მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე დაფინანსების კლებას ტრანსფერის შემცირებით ხსნის. მისი ინფორმაციით, ის შეთანხმებულია მთავრობასთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაფინანსების შესავსებად თანხას მიიღებს; თუმცა, რა ფორმით და როდის, – „მტრედს გამოატანენ თუ ჩემოდნებით ჩამოიტანენ ფულს ხარაგაულში“ – ეს გამგებლისთვის უცნობია და „ამ საკითხზე გონების ჭყლეტას არ აპირებს.“
საკრებულოს წევრი ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ თავიდანვე სწორად არ დაითვალა და არ განაწილდა ფინანსები. საკრებულოს დეპუტატი დავით კიკნაძე აცხადებს, რომ სკოლამდელი აღზრდის სფეროს დაფინანსებას თავიდანვე სხვა კუთხით უნდა მიდგომოდნენ. ის იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან სკოლამდელი აღზრდა, ისევე როგორც სკოლები, ვაუჩერით დაფინანსდებიან.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი თავს უხერხულად გრძნობს ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირების გამო. მან შეხვედრის მონაწილეებს საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ ტექნიკური პერსონალი საკრებულოს დაჟინებული მოთხოვნით შენარჩუნდა და გამგეობამ საკრებულოს შენიშვნა დაფინანსების გაზრდის თაობაზე, შეძლებისდაგვარად გაითვალისწინა.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი საკრებულომ გამგეობის თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირებას, ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ გამოცდაჩაბარებულ საჯარო მოხელეებს კანონი მყარ გარანტიებს სთავაზობს. მათ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე განესაზღვრათ ხელფასის ოდენობა.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, საკრებულომ საპრემიო ფონდი გააუქმა, საწვავისა და წარმომადგენლობითი ხარჯები შეამცირა.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მედული ბოგვერაძემ იგივე შეკითხვები დასვა, რაც ერთი თვის წინ საკრებულოს სხდომაზე, – თუ კრიზისი იყო და ხელფასები დაგვაკლდა, რა საჭირო იყო ახალი შტატის დაშვება გაერთიანების ადმინისტრაციაში?
თუ საჯარო სამსახურში გარანტირებულია ხელფასები, რატომ არ უნდა ჰქონდეთ ასეთივე გარანტია საბავშვო ბაღების აღმზრდელებს? მედული ბოგვერაძე ამბობს, რომ საკრებულოში საჯაროდ გამოსვლის გამო მას გაერთიანების ადმინისტრაციაში შეურაცხყოფა მიაყენეს. მან დასძინა, რომ საბავშვო ბაღი აპოლიტიკური დაწესებულებაა და მომავალი თაობის აღზრდას პირნათლად ემსახურებიან.
მამუკა ჭიპაშვილი აღმზრდელ მედული ბოგვერაძის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.
ლეღვნის საბავშვო ბაღის გამგე თამარ ტაბატაძის ინფორმაციით, მუსიკის მასწავლებელს და დამლაგებელს ხელფასები 50%-ით შეუმცირდა. მისი შეფასებით, ეს კატასტროფაა.
აღსაზრდელთა მშობლებმა ხათუნა მანჯავიძემ, დავით ჩადუნელმა და თამარ ჩერქეზიშვილმა კმაყოფილება გამოხატეს აღმზრდელების მიმართ და აღნიშნეს, რომ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში უსაფრთხოების, კვების, ჰიგიენისა და აღზრდა-განათლების მაღალი სტანდარტია. მათი სურვილი და მოთხოვნაა, რომ აღმზრდელებს მეტი ხელფასი ჰქონდეთ.
შეხვედრის ბოლოს გამგებელმა ნიკო თოფურიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულში ნებისმიერ ააიპ-ში იმაზე მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე უნდა მუშაობდეს, მაგრამ გამგებლის თქმით, ამ ადამიანებს სხვა შემოსავალი არ აქვთ და 200-250 ლარით მათი სასიცოცხლო ინტერესი წყდება. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ კარგად იცის, რომელ სამსახურში ვინ რას აკეთებს, არავის გათავისუფლებას არ გეგმავს.
გამგებლის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი იანვრიდან ყველაფერი შეიცვლება და „თბილისიდან გამოგზავნიან ყველაფერს.“
„ქვეყანა იქნება ძლიერი მაშინ, როცა პროფესიონალები მოვლენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და აღარ იქნებიან უსაქმურები, ჭორიკნები, შურიანები, მექრთამეები და კორუმპირებულები,“ – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე და ირწმუნება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან საბავშვო ბაღების დაფინანსება შეიცვლება, რის შედეგადაც აღმზრდელები ჯეროვნად დაფასდებიან.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში