
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული სამოქალაქო დარბაზის „მოდი, ვიმსჯელოთ!“ მორიგი შეხვედრა ხარაგაულის კულტურის ცენტრში გაიმართა.
კულტურის ცენტრის დირექტორის, ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციის 2014 წლის ბიუჯეტი 189 ათასი ლარია. აქედან სახელფასო ფონდი შეადგენს 148 300 ლარს, ხარჯი 40 700 ლარია.
ხარჯებიდან 32 ათასი ლარი გათვალისწინებულია ანსამბლების, თეატრისა და შიდა ღონისძიებების დასაფინანსებლად. კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს ხალხური სიმღერის, ვაჟთა ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები, სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი, ფოლკლორული ჯგუფი „ოდილა,“ ხალხური საკრავების (ფანდურის), ასევე გიტარის შემსწავლელი, მხატვრული კითხვისა და ხალხური რეწვის შემსწავლელი წრეები.
ამ წრეებში გაერთიანებულია 60 ბავშვი, ძირითადად სკოლის მოსწავლეები. კულტურის ცენტრთან მოქმედ წრეებში სწავლა უფასოა. 2014 წელს ანსამბლებმა და თეატრმა მონაწილეობა მიიღო როგორც კულტურის ცენტრისგან დაგეგმილ შიდა ღონისძიებებში, ასევე საზღვარგარეთ.
სახალხო თეატრი, კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და ქართული სათვისტომოს მიწვევით, ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო სპექტაკლით „თანამდევი სული“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). სახალხო თეატრი ასევე მონაწილეობდა ქუთაისში გამართულ იმერეთის თეატრალურ ფესტივალში, სადაც ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ირინე ჩხეიძემ დაიმსახურა პრიზი.
ხალხური სიმღერის ანსამბლი ბულგარეთში გამართული საერთაშორისო ფესტივალიდან გრანპრით დაჯილდოებული დაბრუნდა და ეს დიდი წარმატებაა.
ყოველწლიურად ვატარებთ ქორეოგრაფიულ ფესტივალს „კიდევაც დაიზრდებიან,“ რომელშიც ერთვებიან ქორეოგრაფიული ანსამბლები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. წლიდან წლამდე იზრდება ამ ფესტივალის დონე და მონაწილე ანსამბლების რაოდენობა. წლევანდელ ქორეოგრაფიულ ფესტივალში ასევე ჩაერთვნენ სიმღერის ანსამბლი ლეღვნის საჯარო სკოლიდან და ფოლკლორული ჯგუფი „ოდილა.“ სამომავლოდ ვფიქრობთ ქორეოგრაფიული ანსამბლების მოწვევას მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან.
კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა (ხელმძღვანელები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები) მონაწილეობა მიიღო ბევრ რესპუბლიკურ ფესტივალში. შარშან ანსამბლმა დაიმსახურა „სანიმუშო საბავშვო სახალხო ანსამბლის“ წოდება. ზაზა ლურსმანაშვილი ხელოვნების მოღვაწეთა კავშირისგან წარდგენილია ამაგდარი ქორეოგრაფის წოდებაზე.
კულტურის ცენტრთან მოქმედი თოჯინების თეატრი სპექტაკლებს მართავს დაბა ხარაგაულში და ასევე ტერიტორიულ ერთეულებში ყველგან, სადაც კი შესაძლებელია სპექტაკლის ჩვენება.
ჩვენი მოვალეობაა, რომ სოფლებში გავიდეთ და ჩვენი შემოქმედება ვაჩვენოთ ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა, არის გარკვეული ხელისშემშლელი პირობები, – ეს სიტყვები თავის მართლებად არ ჩამითვალოთ. სამი წლის განმავლობაში ვატარებდით კონცერტებს სოფლის სკოლების ვიწრო დერეფნებში, სადაც არა თუ ჩვენ, მიკროფონებიც ძლივს ეტეოდა. სოფლის კლუბში კონცერტის მიმდინარეობისას ორჯერ ჩავარდა იატაკი. ბევრი სოფლის კლუბი სარიტუალო დარბაზადაა გადაქცეული და ეს ძალიან ცუდია.
სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“ სისტემატურად მონაწილეობს როგორც შიდა ღონისძიებებში, ასევე ფესტივალებზე, საიდანაც ყოველთვის წარმატებით ბრუნდება.
კულტურის ცენტრის შენობა მოწესრიგდა, თუმცა კვლავ გვრჩება გასარემონტერებელი ოთახი, სადაც გვინდა გარდერობის მოწყობა. კარგი იქნება, თუ კულტურის ცენტრის დარბაზი თოჯინების თეატრის დარბაზად და სალონური საღამოების გასამართად მოეწყობა.
გვინდა, რომ თეატრის გარდერობი შევქმნათ. ჩვენი ძალიან მწირი რეკვიზიტებითა და აქსექსუარებით გვიწევს ფონს გასვლა. სიმღერის ანსამბლისთვის შესაძენია ჩოხები.
კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნიკო დეკანოსიძემ აღნიშნა, რომ რეაბილიტირებული კინოთეატრი კულტურის ცენტრის ბალანზე უნდა გადავიდეს და მას უნდა უხელმძღვანელოს კულტურის ცენტრის დირექტორმა.
გამგებლის პირველი მოადგილის პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, კინოთეატრის შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ამჟამად არსებული მოსაზრებით, დაექვემდებარება ა(ა)იპ „კულტურის ცენტრს.“
-მთელი ზაფხულის განმავლობაში სოფლებში ღია ცის ქვეშ ვმართავდით თოჯინების თეატრს, – არ ჰქონდა მნიშვნელობა, თორმეტი ბავშვი ესწრებოდა თუ ორმოცდაათი, – ამბობს ნიკო დეკანოსიძე, – რაც შეეხება თეატრს, ბაზა როცა გაქვს ძლიერი, სპექტაკლიც გამოდის ძლიერი. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ პროფესიონალი რეჟისორი. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. ათეული წლების წინ ხარაგაულში მოვიწვიეთ იური კაკულია, დევი აბაშიძე, – ჩამოვიდნენ და დადგეს სპექტაკლები. პროფესიულ დონეზე უნდა მივიყვანოთ ჩვენი საქმე. სხვაგვარად არ გამოვა. მე იმას კი არ ვამბობ, რაც გაკეთდა, არ ვარგოდა, პირიქით – საუკეთესო იყო, მაგრამ ახალი ადამიანი რომ შემოდის, ახალი ხედვა აქვს, იდგმება ახალი სპექტაკლი, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენზე უნდა იყოს მორგებული.
-რეჟისორი შეიძლება მოვიწვიოთ ერთჯერადად, – ამბობს ვასილ კიკნაძე, – ძალიან კარგად ართმევს თავს რეჟისორი, – ვინც გვყავს.
შეხვედრაზე კულტურის ცენტრის თანამშრომელმა ბიჭიკო მაისურაძემ მოსწავლეთა მხატვრული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების ოლიმპიადის აღდგენისა და ამისთვის საჯარო სკოლებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ხარაგაულის კულტურის ცენტრში, – ამ შეკითხვაზე ნიკო დეკანოსიძემ უპასუხა, – ჯამაგირი გვაქვს ნაკლები.
-ჯამაგირი გაქვთ ნაკლები თუ ძალიან ბევრი ხართ ჯამაგირისთვის?! – იკითხა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ნოდარ ებანოიძემ, – 2014 წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 189 ათასი ლარი ნამდვილად არ არის ცოტა მუნიციპალიტეტის მთავარი კულტურული ცენტრის განვითარებისთვის. მაგრამ რა ამოცანები გვაქვს დასახული? ბოლო ორ თვეში ხუთი თანამშრომელი დაგემატათ, – რა დამატებით სამუშაოს ასრულებთ, ხუთი კაცის დამატება რომ დაგჭირდათ?
კულტურის ცენტრის მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ ათი პროცენტია განკუთვნილი ხარჯისთვის, რაც ძალიან მცირეა. საიდან იქნება ხარჯისთვის თანხა, ფული ჰაერიდან არ ჩამოვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აქვს საკმაოდ კარგი ბიუჯეტი. სექტემბერში ჯარიმებიდან, დამატებით, შემოვიდა 220 ათასი ლარი. ეს სისტემა, რაც ჩვენ გვაქვს, ნებისმიერ ფულს შეჭამს.
ხარაგაულის კულტურის ცენტრის ბიუჯეტს რომ ექსპერტმა გადახედოს, იტყვის, რომ თანხების ასეთი განაწილებით საქმე ვერ გაკეთდება. სოფლებში გადაადგილება გჭირდებათ, დეკორაციები, შენობის მოვლა, მივლინება, კომუნალური ხარჯები…
ჩვენ გვაქვს უდიდესი კულტურული ტრადიციები. თქვენს შორის ბევრი ნიჭიერი და გამოცდილი ადამიანია. მე ვიცი თქვენი შესაძლებლობები და ნამდვილად ნებისმიერი დიდი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებთ. მეც სიამოვნებით ვუცქერი ჩვენს შემოქმედებით კოლექტივებს და ყოველთვის ვამაყობ ხარაგაულელი ხელოვანების ინტელექტუალური პოტენციალით, თუმცა ვერ გაგრძელდება ასე, სახელმწიფო უძირო ორმო არ არის.
ჩვენ ყველა იმ ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ვინც შემოქმედია, თუმცა, უნდა შევქმნათ პროდუქტი, რომლითაც საზოგადოება ისარგებლებს. რა სარგებლობა მოაქვს 189 ათას ლარს, რომელსაც კულტურის ცენტრში ვხარჯავთ?
მომავალი წლის ბიუჯეტი უკეთესად, სწორად, პროგრამულად უნდა დავგეგმოთ.
ყოველ წელს უნდა შევქმნათ პროგრამები და ეს პროგრამები დავაფინანსოთ. დაგვანახეთ, რომ ამაში ფულის ჩადება ღირს. ამაზე ვიმუშაოთ, ამაზე დავხარჯოთ ენერგია. თქვენც კმაყოფილი იქნებით და ჩვენც.
პარლამენტარმა შეხვედრაზე ისაუბრა სოფლებში კულტურული ცხოვრებისა და ღონისძიებების წარმართვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე გიორგი (ჟორა) ბლუაშვილმა ხარაგაულში კინოს ჩვენების აღდგენის სურვილი გამოთქვა. გამგებლის პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის, ინფორმაციით, მოტანილია აპარატურა და რეაბილიტირებული კინოთეატრის გახსნის შემდეგ ხარაგაულში კინოჩვენება აღდგება.
მანანა ტაბაშიძემ პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლის უპირატესობასა და ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეაბილიტირებული კინოთეატრის შენობაში წვიმის დროს სცენაზე სახურავიდან საშინელი ხმაურია. გამგებლის პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის, თქმით, ტექნიკური პრობლემები გასწორდება.
პაატა გოგოლაძე, გამგებლის პირველი მოადგილე: -თუკი ხარაგაულში რაიმე ნორმალური კეთდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულტურის სფეროა. ხარაგაულში კულტურას კარგი ტრადიციებიც აქვს, აწმყოც და მომავალიც. რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც. უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ არსებული რესურსები. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ხედვა აქვთ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს. ბუნებრივია, ფინანსების უფრო ეფექტურად გამოყენება შეიძლება, რომ არა ერთი პრობლემა, – მძიმე სოციალური ფონი. ხუთი კაცი რომ მუშაობს, შეიძლება ის საქმე სრული დატვირთვით ერთმა კაცმაც გააკეთოს და შესაბამისად, მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდეს. მაგრამ, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, გასათვალისწინებელია ჩვენი სოციალური ფონი. ამის შედეგია იმის მცდელობა, რომ გარკვეულწილად რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ოჯახის რჩენის შესაძლებლობა.
რამდენიმე მსახიობი უანგაროდ მუშაობს თეატრალურ დასში. მეც მიმუშავია ამ დასში ანაზღაურების გარეშე, როცა მქონდა შემოთავაზება. თუკი მათ ანაზღაურება ექნებათ, დასიც უფრო ეფექტურად იმუშავებს და წელიწადში ერთს კი არა, 4-5 სპექტაკლს დადგამენ.
ძალიან მიხარია, რომ ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები წარმატებულად უძღვებიან ხარაგაულში ქორეოგრაფიას და სხვებსაც აძლევენ სტიმულს ამ მიმართულებით სამუშაოდ. თოჯინების თეატრი ბევრ მუნიციპალიტეტს არ აქვს. მიმაჩნია, რომ ხარაგაულის კულტურის ცენტრში დასაქმებული ადამიანები არავისზე ნაკლებად არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
რაც შეეხება კულტურული ცხოვრების სოფლებში გაშლას, ძალიან გვინდა, რომ ეს ასე იყოს და მხოლოდ ხარაგაულში არ იყოს თავკომბალასავით კულტურული შემოქმედებითი წვა. მოლითში ცეკვის წრე გავხსენით. მოლითელი ბავშვები ცეკვის სწავლაში ფულს აღარ გადაიხდიან.
ვერტყვიჭალაშიც ფუნქციონირებს კლუბი. როგორ შეიძლება, რომ არ გვინდოდეს ყველა სოფელში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, მაგრამ დასადგენია, რამდენადაა საამისო რესურსი სოფლებში.
პაატა გოგოლაძემ კულტურის ცენტრის თანამშრომლებს მოუწოდა, – რომ არ იყოს მუდმივად სალაპარაკო გაზრდილი შტატების თემა, ყველამ მოვძებნოთ ჩვენი საქმე და გავაკეთოთ მაქსიმალურად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინა ვეფხვაძის თქმით, „მათი კომისია მუშაობს იმაზე, რომ სოფლებში ფუნქციონირებდეს კულტურის ცენტრები, სადაც შემოიკრებენ სოფლად მცხოვრებ შემოქმედ ადამიანებს. „რაც შეეხება ხარაგაულის კულტურის ცენტრში შტატების „გაბერვას,“ ეს ადამიანები არც სხვაგან მუშაობაზე იტყოდნენ უარს, მაგრამ არ არის არაფერი სამსახური. მართლაც პურის ფული და ელემენტარული საშუალება გამოუჩინა მათ გამგეობამ. სხვა რა საშუალება არის ხარაგაულში?“ – ამბობს საკრებულოს წევრი მარინა ვეფხვაძე.
უჩა ბერაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე: -წელიწადნახევარი მებარა კულტურის სფერო გამგებლის მოადგილედ მუშაობისას. ერთ-ერთი სამსახური, რომელიც ხარაგაულში მუშაობს, არის კულტურის ცენტრი. ხელი უნდა შევუწყოთ სოფლებში კულტურული ცხოვრების გაშლას. შარშან მოახერხეს, რომ ვერტყვიჭალაში შექმნილიყო კულტურის სახლთან არსებული ორგანიზაცია, ასევე მოლითში გახსნილა ცეკვის წრე და მივესალები. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს კიცხს, არიან პედაგოგები, რომელთაც იდეალურად შეუძლიათ ფოლკლორული სიმღერების სწავლება ბავშვებისთვის.
შეიძლება უმრავლესობას ეწყინოს ჩემი მომავალი გამოსვლები საკრებულოში. ნამდვილად აღარ ვაპირებ იმაზე გაჩუმებას, რაც ჩემთვის ადრე იყო მიუღებელი.
გივი თხელიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: -ნიჭიერება და პოტენციალი ხარაგაულში ყოველთვის იყო და არის. საკრებულოში ვიმსჯელებთ და იმედია, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს სფერო უნდა აღორძინდეს და მეტი საშუალება უნდა მიეცეს.
ინგა მაღრაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: -არ შემიძლია ჩემი საუბარი არ დავიწყო თქვენს მიმართ პატივისცემის გამოხატვით. ნამდვილად ბევრი ნიჭიერი შემოქმედია კულტურის ცენტრში. დიდი სიამოვნება მიმიღია თქვენს მიერ გამართული ღონისძიებებით. დღევანდელ შეხვედრაზე ნაკლებად ისაუბრეს თანამშრომლებმა, თუმცა ამოვიკითხე, რომ პრობლემაა სახელფასო სარგოებთან დაკავშირებით. რაღაცები გაუმჯობესდა, – მახსოვს წინა წელს ამ დარბაზში უფრო ცუდი პირობები იყო და მადლობა ღმერთს, დღეს ბევრად უკეთესი პირობებია.
აქ ითქვა, რომ მძიმე სოციალური ფონია და ადამიანთა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებით იძებნება გამოსავალი. ხუთი ადამიანი რომ საქმე აკეთებს, როცა ამდენი ამ საქმეს რეალურად არ სჭირდება და მერე ხუთივე ერთნაირად იღებს შრომის ანაზღაურებას, მათი შესაძლებლობებისა და გაწეული საქმიანობის გაუთვალისწინებლად, საქმის კეთების მოტივაცია იკარგება.
ის, რომ სოციალური ფონი მძიმეა, გასაგებია. თუმცა გარკვეული ინდივიდების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით ჩვენ ამ სოციალურ ფონს ვერ გამოვასწორებთ. ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, უკეთ წავიყვანოთ საქმე.
კულტურა ხარაგაულისთვის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. თუ რამით შეგვიძლია ვიამაყოთ, პირველ რიგში, ეს კულტურაა. გვყავს კარგი მომღერლები, კარგი მოცეკვავეები, არაჩვეულებრივად დგამს ქალბატონი ირინე ჩხეიძე სპექტაკლებს.
მე მაინც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ სფეროში რაღაცები დასალაგებელია. მიდგომები უნდა შევცვალოთ და ორიენტირი უნდა ავიღოთ რეალურ საჭიროებებზე.
ლაურა გოგოლაძე
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.