რას ნიშნავს უძრავი ნივთის გაერთიანება

უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, ასევე შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.

მესაკუთრეს შესაძლებელია საკუთრებაში ჰქონდეს რამდენიმე უძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთები (ორი ან/და მეტი) ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობენ, მესაკუთრეს შეუძლია მათი გაერთიანება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაერთიანების შედეგად მიღებულ ერთ უძრავ ნივთზე.

უძრავი ნივთის გაერთიანებისას უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე გაერთიანებამდე რეგისტრირებული ნებისმიერი უფლება ან ვალდებულება უცვლელად გადადის გაერთიანების შედეგად წარმოშობილ უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე (ნაწილებზე) (თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს).

უძრავი ნივთის გაერთიანებისას აუცილებელია დამზადდეს გაერთიანების შედეგად წარმოშობილი უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ან/და შიდა აზომვითი ნახაზები.

საკადასტრო აზომვითი ნახაზი მზადდება იმ შემთხვევაში, თუ ხდება მიწის ნაკვეთის (მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე) გაერთიანება. საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოდგენილ უნდა იქნეს როგორც ქაღალდის, ასევე ციფრული ვერსიის სახით, შესრულებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ, WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს (shp) ფაილის სახით.

შიდა აზომვითი ნახაზი მზადდება იმ შემთხვევაში, თუ ხდება შენობა-ნაგებობების ან მისი/მათი ერთეულების გაერთიანება. შიდა აზომვითი ნახაზი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქაღალდის ვერსიის სახით.

 

რეგისტრაციის წესი და პირობები

უძრავი ნივთის გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის  რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. უძრავი ნივთის გაერთიანების თაობაზე მესაკუთრის ნების გამოვლების დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადება, თანხმობა და ა.შ.);

აღნიშნული დოკუმენტი მოწმდება ან სანოტარო წესით ან საჯარო რეესტრის/იუსტიციის სახლის უფლებამოსილი პირის მიერ;

  1. უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ან/და შიდა აზომვითი ნახაზი;
  2. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – 50 ლარი (4 სამუშაო დღის ვადაში).

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია: განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი.

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

 

დამატებითი ინფორმაცია

– თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

– ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.

– იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, უძრავი ნივთის გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური