სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარებების გაცემა დაიწყო.

ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, „აგროდიზელით ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათების მიღება ფერმერს მათ სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და სოფლის საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ.

ფერმერმა ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სპეციალური პროგრამის მეშვეობით მას ეცნობება, თუ რა ოდენობის მიწის ნაკვეთს ფლობს. ამის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენ ლიტრ საწვავს მიიღებს.

ფერმერს გადაეცემა ფასდაკლების ტალონი, რომლითაც მან უნდა მიაკითხოს მხოლოდ „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურს.

დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა. პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავის შეძენა დაახლოებით 1 ლარამდე ნაკლებ თანხად არის შესაძლებელი.

რაც შეეხება „სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამას, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, ვისაც საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 ჰა-დან 10 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთი.

პროგრამის თანახმად, ფერმერებს, სუბსიდიის თანხის შესაბამისი ქულები (1 ქულა = 1 ლარს) დაერიცხებათ ლიბერთი ბანკის ,,აგრო ბარათებზე“ – 0.25 ჰექტარზე –  50 ქულა, 1 ჰექტარზე – 200 ქულა,  10 ჰექტარზე – 2 000 ქულა.

„აგრო ბარათის“ ასაღებად ფერმერმა უნდა მიმართოს ლიბერთი ბანკს. სუბსიდიის მოცულობისა და ბარათის მიღების თარიღის შესახებ ინფორმაცია მიიღეთ ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე.

დარიცხული სუბსიდიის შესაბამისი ქულების გახარჯვა შესაძლებელია ,,აგრო ბარათის“ პოსტერმინალზე გატარებით, ლიცენზირებულ სასოფლო-სამეურნეო საქონლის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიაში.