საქართველოში უამრავი არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელი არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ 63 მუნიციპალური ნაგავსაყრელია აღრიცხული. რთულია ნარჩენების გატანა სოფლებიდან. სოფლის მოსახლეობა იძულებულია ხევებში ჩაყაროს საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

ნარჩენების მართვის საკითხებზე ხარაგაულში 22 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ნარჩენების მართვის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ ისაუბრა.

შეხვედრაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ა/ო საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ წარმომადგენლები – პროექტის „დავასუფთავოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ კოორდინატორი მადონა პირველაშვილი და გარემოს მონიტორინგის ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე.

აღნიშნული პროექტი 2010 წლიდან ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფითა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მხარდაჭერით.

ხათუნა ჩიკვილაძის ინფორმაციით, 63 მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურება ეტაპობრივად. ამის შემდეგ გადავალთ რეგიონალურ ნაგავსაყრელებზე.

ქუთაისთან მშენებარე ნაგავსაყრელი მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთს რეგიონებს. ასევე შეიქმნება გადამტვირთავი სადგურები.

არალეგალური ნაგავსაყრელები აბინძურებენ წყალს, ჰაერს, ნიადაგს და ადამიანის ორგანიზმს.

პარლამენტი იხილავს ნარჩენების მართვის კოდექსს, რომელიც დაარეგულირებს ნარჩენების მართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში ჰაერის, ნიადაგისა თუ წყლის დაბინძურება კანონით დასჯადი ქმედებაა, თუმცა დასჯის პრეცენდენტი ძალიან დაბალია.

გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ ისაუბრა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მან აღნიშნა, რომ ბუნებრივ დამაბინძურებლებს – ვულკანები, ტყის დიდი მასივების წვა, მტვრიანი ქარიშხლები, ზედაპირული წყლების მექანიკური აორთქლება – ემატება ნაგავსაყრელებზე საშიში ნივთების გადაყრა. ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული სხვადასხვა ქიმიური ხსნარის ნარჩენების მოხვედრა ნაგავსაყრელებზე აბინძურებს ნიადაგს, საიდანაც ბინძურდება საკვები პროდუქტები.

ადამიანის ჯანმრთელობაზე საშიშ გავლენას ახდენს ასევე ტრანსპორტისა და სხვადასხვა სამრეწველო გამონაბოლქვები. პოლიეთილენისა და სხვა მსგავსი ნაერთების წვით ბუნებაში გამოიყოფა მომწამვლელი ნივთიერებები, რაც წვის შედეგად ხვდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს დაავადებებს. გარემოს აბინძურებს და ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სხვადასხვა პესტიციდები. ისინი ორთქლდებიან ჰაერში ან რჩებიან ნიადაგში და იწვევენ მოწამვლას.

შეხვედრის ორგანიზატორებმა ისაუბრეს ევროპაში ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე, – ევროპის ბევრ ქვეყანაში საერთოდ აღარ არსებობს ნაგავსაყრელები. იქ სპეციალური კონტეინერებში გროვდება ერთი სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მუშავდება სპეციალური დანადგარებით.

საქართველოში აუცილებელია ადამიანთა ცნობიერების ამაღლება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან მიმართებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვისწავლოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება და და მათი განთავსება შესაბამის კონტეინერებში.

თამთა გოგოლაძე