გაეროს კალენდრის მიხედვით, 17 მაისს მსოფლიო ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო საზოგადოების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიისა და „მედიააკადემიის“ გადაწყვეტილებით, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი: „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ცხადდება.

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია – Fake News. აღმოჩენილი ინფორმაცია უნდა ეხებოდეს საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ უნდა იყოს დადასტურებული როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

კონკურსში გამარჯვებული პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 11 Pro მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს iPad 10.2, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2020 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ შემდეგ ბმულზე – http://tiny.cc/oggb6y

დავალების წარსადგენად კონკურსის მონაწილეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ ფორმატი – ვიდეო ან მულტიმედიური ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა 2 ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი“ წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდზე და კომისიის ვებ გვერდზე www.gncc.ge