ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთში მცხოვრები მიხეილ გლუნჩაძის ოჯახის სამი წევრი, კორონავირუსის პანდემიის გამო, უმუშევარი დარჩა.

მიხეილი სარიტუალო დარბაზში მზარეულად მუშაობდა, მისი მეუღლე ცისანა – ტანსაცმლის მაღაზიაში, ვაჟი კი – ხარაგაულის #3 სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ემსახურებოდა.

რვასულიანი ოჯახი ახლა მიხეილის დედის 220 ლარიანი პენსიის ამარა დარჩა.

ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ დანაზოგი თანხით საჭმელ-სანოვაგე შეიძინეს. დედამთილის პენსია კი თავად მოხუც ქალბატონს წამლებში არ ჰყოფნის.

ორი თვე ხდება, რაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ამ ოჯახის პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავის უკითხავს.

„არ ვწუწუნებ და არც არავისთან ჩივილს ვაპირებს, – ამბობს ცისანა გელაშვილი, – მაგრამ ფაქტია, ჩვენი ოჯახი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ დასახმარებელთა ვერცერთ კატეგორიაში ვერ მოხვდა. მხოლოდ შვილიშვილებისთვის საბავშვო ბაღიდან ორჯერ საკვები პროდუქტები მივიღეთ.

შვილს თირკმლის შეტევა დაემართა და ექიმისგან დანიშნული წამლების შესაძენად ფული აღარ მეყო“.

რამდენად ეფექტურად იმოქმედეს პანდემიის პირობებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, რამდენად სწორად შეისწავლეს თითოეული მოქალაქის საჭიროებები, – ამ საკითხებზე „ჩემი ხარაგაული“ თვითმმართველობის ექსპერტ მაგდა პოპიაშვილს ესაუბრა.

-დავიწყოთ იმით, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი უფლებამოსილებები პანდემიასთან გასამკლავებლად, – ამბობს მაგდა პოპიაშვილი, – ვერ მოახერხეს დროულად ადაპტირება, მოსახლეობის ყველა საჭიროების კვლევა და მათზე რეაგირება. საქართველოში არის მუნიციპალატეტები, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჭარბია, მაგალითად მარნეულში, ხოლო ზოგან, მაგალითად ხარაგაულში, ამ პროდუქციის ნაკლებობაა. მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთნამშრომლობით შეიძლებოდა პროდუქციის რეალიზაცია, მაგრამ ეს ადგილობრივმა ხელისუფლებებმა ვერ შეძლეს.

პრობლემა იყო კორონავირუსის თაობაზე მოქალაქეთა ინფორმირებულობა. აღარ ვლაპარაკობ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ფსიქოლოგის მომსახურება. სწორედ ასეთ დროს ადამიანებს შიში და პანიკა იპყრობთ. თვითმმართველობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამ კუთხით არც უფიქრია.

პრობლემათა მთელი წყებაა, რომელიც ახლა უფრო მწვავედ დავინახეთ. თვთმმართველობები ცენტრალურ ხელისუფლებაზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდნენ და მხოლოდ მათ რეკომენდაციებს ასრულებდნენ. ინიციატივები, იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც ადგილზე მათ უკეთ იციან, სამწუხაროდ, არ დამდგარა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრების გაძლიერებისა და სოფლის ექიმის პროგრამის დეცენტრალიზაციის აუცილებლობა გამოჩნდა.

როგორც ექიმები ამბობენ, შემოდგომის ბოლოდან კორონავირუსის მორიგი აფეთქებაა მოსალოდნელი. ადგილობრივი ხელისუფლება მაშინ მაინც უნდა აღმოჩნდეს მზად – შეისწავლოს თითოეული მოსახლის საჭიროება, დაახარისხოს და დაგეგმოს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში როგორ შეძლებს მათ გადაჭრას.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახები ხარაგაულში