ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
რეკომენდაციების თანახმად სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდება სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყონ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში.
შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დისტანციური სწავლება ვერ გაამართლებს, რადგან ოჯახების უმრავლესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მასწავლებელს ელექტრონულად სწავლების რესურსები – ვიდეო გაკვეთილები, პრეზენტაციები – შემუშავებული აქვს, მოსწავლეები ამ ვიდეო გაკვეთილების და სხვა რესურსების მიღებას ვერ შეძლებენ.
მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, მოსწავლეებს მასწავლებლები, ძირითადად, ტელეფონით უკავშირდებიან და სასკოლო პროგრამის შესაბამის საკითხავ ლიტერატურას ურჩევენ.
ზვარეს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი რუსუდან ჩაჩანიძე ამბობს, რომ კორონავირუსმა 21-ე საუკუნის გამოწვევა – დისტანციური სწავლების აუცილებლობა – გამოკვეთა.
„სახელმწიფოს, ასეთი კრიზისული მდგომარეობისას, სტრატეგიული გეგმა უნდა ჰქონდეს, – ამბობს რუსუდან ჩაჩანიძე, – ონლაინ სწავლებისთვის არც პედაგოგები და მითუმეტეს, მოსწავლეები მზად არ არიან. მასწავლებლების გადამზადება და მოსწავლეების ტექნოლოგიებით აღჭურვა – ასეთი პრობლემების წინაშე ვდგავართ. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს კანონი დისტანციური სწავლების შესახებ. ჩვენ ჯერ მხოლოდ რეკომენდაციებს ვისმენთ“.
მარელისის სკოლის მასწავლებლები უფროსკლასელებს სოციალური ქსელით უკავშირდებიან. სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე ამბობს, რომ კლასის დამრიგებლებს დახურული ჯგუფები აქვთ შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს პრეზენტაციებს აწვდიან და უკუკავშირის მისაღებად შესაბამის კითხვარებს უგზავნიან.
სწავლის განახლების შემდეგ ვერა ოდიკაძე გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურებას სკოლაში დამატებითი გაკვეთილებისა და სარეზერვო საათების ხარჯზე გეგმავს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი