უდიდესი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის, დაბადებიდან 120 წელი შესრულდა.

გალაკტიონი ცნობილია, როგორც „მეფე-პოეტი,“ თანამედროვე ქართული პოეზიის ფუძემდებელი, მაგრამ, ვფიქრობ, ნაკლებადაა შესწავლილი იგი, როგორც პედაგოგი.

ჩვენ არ გვაქვს გალაკტიონ ტაბიძის პედაგოგიურ შეხედულებათა მეცნიერული ანალიზის პრეტენზია. ჩვენი მიზანია, გალაკტიონის ნაცნობებისა და მეგობრების მონათხრობთა საფუძველზე მოკლედ შევეხო ზოგიერთ ეპიზოდს, რომელთაც, ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი მკითხველისათვის ექნება ალბათ მნიშვნელობა.

გალაკტიონმა მასწავლებლობა 1910 წელს დაიწყო ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში და იქ უმოღვაწია იმ სასწავლო (1910-1911) წელს. სკოლის შენობა, რომელიც სოფლის შუაგულში აშენებულ უხეირო ხის ქოხს წარმოადგენდა, სრულად არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. იქ სწავლისათვის ელემენტარული სასწავლო პირობებიც არ ყოფილა შექმნილი.

ამჟამად იმ ადგილას, სადაც სკოლა იყო, გალაკტიონის ხელით დარგული, ფართოდ მხრებგაშლილი ცაცხვის ხე დგას, რომელიც ცადატყორცნილი ტოტებით მის ახლოს მდგარი ყველა ხისგან განსხვავდება. თითქოს სიმბოლურად მიგვითითებს მისი დამრგველი პოეტის სიდიადეზე. ეს ცაცხვი სოფელში „გალაკტიონის ცაცხვის“ სახელითაა ცნობილი.

რა მეთოდებით ასწავლიდა გალაკტიონ ტაბიძე, ან როგორი იყო მაშინდელი სასწავლო პროგრამა, ამის შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით. ინჟინერი ნ. ბუაჩიძის, დამსახურებული მასწავლებლის ლ. აბაშიძის, გ. ტაბიძის მოსწავლე ე. ბუაჩიძის მოგონებათა მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ გალაკტიონი, ნაცვლად ძველ სკოლაში გამეფებული სქოლასტიკური მეთოდებისა, სწავლებაში იყენებდა მოწინავე პროგრესულ მეთოდებს, რომლებიც მოსწავლეთა შეგნებულობასა და აქტიურობაზე ყოფილა დამყარებული.

იგი მოზარდებში ნერგავდა ბედნიერი მომავლისა და თავისუფლების მოპოვების მტკიცე და ღრმა რწმენას, რის გამოც მოსწავლეთა და მშობელთა დიდი სიყვარული დაუმსახურებია.

გალაკტიონს ბინა დაქირავებული ჰქონია დიმიტრი ხარაძის ოჯახში. მის ერთ-ერთ ოთახში დღეს მუზეუმია გახსნილი. თავის დროზე მე, ამ სტრიქონების ავტორი, აქ ხშირად ვაწყობდი მოსწავლეთა ლიტერატურულ ექსკურსიებს, ლიტერატურულ დილა-საღამოებს და სხვ.

გალაკტიონს მასწავლებლობა მძიმე პირობებში უხდებოდა. მიუხედავად დუხჭირი ეკონომიური პირობებისა, არ დაჰკარგვია ბავშვებთან მუშაობის ხალისი. პირიქით, თავისი თავდადებული, ენერგიული და გულგაუტეხელი მუშაობით შთამაგონებელ, მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა მოსწავლეთათვის, რომელთა გონებას წარმართავდა იგი ბეჯითი სწავლისა და შემოქმედებითი მუშაობისაკენ.

გალაკტიონი, როგორც ამაზე მიუთითებენ გალაკტიონის ფარცხნალელი მეგობრები და ნაცნობები (ლ. აბაშიძე, ნ. ხარაძე და სხვები), არ იფარგლებოდა თურმე ბავშვებთან მარტო გაკვეთილზე მუშაობით. იგი, როგორც შემოქმედი პედაგოგი, ფართოდ იყენებდა კლასგარეშე და სკოლისგარეშე (ლიტერატურული დილა-საღამოები, დისპუტები, ექსკურსიები და სხვ.) მუშაობის სხვადასხვა ფორმას, რომლებიც არა მარტო ბავშვების, არამედ მოზრდილი ადამიანების გათვითცნობიერების კეთილშობილური მიზნით ყოფილა ნაკარნახევი.

გალაკტიონის სკოლაში მუშაობის შემოქმედებითი ხასიათის გასათვალისწინებლად ვიგონებ ზოგიერთ ეპიზოდს გალაკტიონის ნაცნობთა გადმოცემიდან:
„გალაკტიონმა შემაყვარა ლექსი და მეც გავყევი იმის გზას. იგი დღესაც მამხნევებს ლექსითო, – განაცხადა საუბარში გალაკტიონის აწ განსვენებულმა მოსწავლემ ერმალოზ ბუაჩიძემ, – მისი გულთბილი დამოკიდებულება ჩემი და ჩემი ამხანაგების მიმართ ჩემს გულში მუდამ აღმოუფხვრელი იქნება. მას მოსწავლეთა დასჯა არ უყვარდა. ხშირად ბავშვებს კარგი სწავლისა და სამაგალითო ყოფაქცევისათვის აჯილდოებდა წიგნებით, ზოგჯერ ფულითაც.
ერთხელ გაკვეთილი კარგად ჩავაბარე. გალაკტიონმა ამისთვის საჩუქრად ათი შაური მიბოძა, ამით შარვალი იყიდეო.“

გალაკტიონ ტაბიძის კლასგარეშე მუშაობის საგულისხმო ფაქტზე მიუთითებს ერთი გარემოებაც: გალაკტიონს იმჟამად ილმის სკოლის მასწავლებელი (შემდეგში პროფესორი) ალექსანდრე გორგაძე იმ დროს სწვევია, როცა იგი ახალგაზრდებს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მიმართულ ეგ. ნინოშვილის „გოგია უიშვილს“ უკითხავდა. კითხვა რომ დაუმთავრებია, ალ. გორგაძეს შეუნიშნავს ახალგაზრდები, რომლებიც გალაკტიონის ბინის კარს მოსდგომიან. როდესაც ალ. გორგაძეს უკითხავს, თუ ვინ იყვნენ ისინი, გალაკტიონს უპასუხია: ჩემი გლეხები არიან, ახლა ესენი უნდა დავმოძღვროო და ერთი ქერათმიანი ახალგაზრდა წარუდგენია მისთვის: ეს ყმაწვილი ლექსთა თხზვაში დიდ იმედს იძლევაო.

კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი შეგვეძლო დაგვესახელებია გალაკტიონ ტაბიძის პედაგოგიური მოღვაწეობიდან და არა მარტო პედაგოგიური მოღვაწეობიდან, რომლებიც ადრე გამოქვეყნებული მაქვს ჟურნალ-გაზეთებში („ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში,“ „საჩინო,“ „ლენინის დროშით“).

ყველაზე საინტერესო ისტორიულ ფაქტად მაინც მიმაჩნია გალაკტიონის ლექსი ხარაგაულის სადგურზე, რომლის დაწერის იდეა ფარცხნალში მოღვაწეობისას ჩაენერგა:

„მახოვს ხორაგოულის
სევდიანი სადგური,
მისი ყრუ სამკაული
აცვივნული აგური.

უშფოთველი ცხოვრება
წყნარი, როგორც გუგული,
მესმის მოახლოებულ
ორთქმავალის გუგუნი.“

და ბოლოს, ჩემი შეხედულება ამ ლექსზე მინდა ჩემი ლექსითვე გამოვხატო:

და გალაკტიონს, მე ვფიქრობ,
ფარცხნალს არ ემასწავლებლა,
ამ ოქროს სტრიქონთ სადგურზე
იგი არასდროს დაწერდა.“

შაქრო ამაშუკელი

ღირსების ორდენოსანი
პენსიონერი პედაგოგი

ფოტოზე: პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, ლიტერატურათმცოდნე იპოლიტე ვართაგავა და ლიტერატორი  იური ჩიკვაიძე.