
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვაზის სანერგე მეურნეობის შექმნა დაფინანსდა. ამ სოციალური პროექტისთვის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო. როგორც პროექტის ავტორი, საკრებულოს წევრი, ს/ს „იმერის“ ხელმძღვანელი ბატონი იუზა კელენჯერიძე ამბობს, ხარაგაულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მევენახეობის აღორძინება და მისი სამრეწველო მიმართულებით გამოყენება.
კიცხში ამჟამად 0,20 ჰა მიწაზე დარგულია ათი ათასი ძირი ციცქას ნამყენი. ახალამოსული ნერგს განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა უნდა. უკვე რვაჯერ შეწამლა ვაზის ნერგები სანერგე მეურნეობაში დასაქმებულმა ტარიელ კვაშილავამ. ბალახი რომ არ მოერიოს, ნერგებს ყოველ მეორე-მესამე დღეს სჭირდება გამარგვლა. ფრიდონ ხიჯაკაძე მართლაც შვილივით უვლის თითოეულ ნერგს. „ათი ათასი ვაზის ძირს შემოდგომაზე ამოვიღებთ და როგორც პროექტით არის განსაზღვრული, სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფასოდ გადავცემთ, – ამბობს სანერგე მეურნეობის თანამშრომელი ამირან ოქრომჭედლიძე, – მთავარი მიზანია, რომ გამრავლდეს და გაძლიერდეს ვაზის კულტურა. გაისად ეს ტერიტორიაზე მთლიანად გაშენდება ვაზის ნერგები. გვსურს, 0,5 ჰა მიწაზე 50 ათასი ძირი ვაზი გავაშენოთ, რომ ხარაგაულში მოსახლეობის მოთხოვნა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. ხარაგაულში მევენახეობის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი.“ სანერგეს სულისჩამდგმელებმა კახეთში შეიძინეს მწარე – ფილოქსერაგამძლე ფრანგულ-ამერიკული ჰიბრიდი, რომელზეც იმყნობა კულტურული ჯიშები. ნერგები თერჯოლელმა სპეციალისტებმა დაამყნეს. ინტენსიური მყნობა 12-დან 15 აპრილამდე მიმდინარეობდა. ნამყენი სპეციალურ სილიან ყუთებში მოთავსდა. 7 მაისს ათი ათასი ძირი ნამყენი წინასწარ მომზადებულ ნიადაგში გადაიტანეს. „მიწა ექვსჯერ დავამუშავეთ, – გვიამბობს ამირან ოქრომჭედლიძე, – თავდაპირველად ბუჩქნარი ამოვძირკვეთ დანიანი ტრაქტორით და ნიადაგი გადავფხიკეთ. შემდეგ მიწა დავაპლანტაჟეთ – ღრმად დავამუშავეთ, გადავხანით, მერე დავფარცხეთ და მიქსერით გავაფხვიერეთ. შემდეგ ეტაპზე კიდევ დავფარცხეთ და ტრაქტორით დავხანით. შევიტანეთ ორგანული სასუქი – ნაკელი.“ ამირან ოქრომჭედლიძის თქმით, კიცხი შესანიშნავი ადგილია ვაზისთვის. სანერგე მეურნეობის მესვეურები ამბობენ, რომ შემდეგ ეტაპზე ვაზის საძირე სადედეს შექმნიან. წელს საამისოდ საჭირო ფართობი აღარ ჰქონდათ. გარდა ვაზის სანერგე მეურნეობისა, ფიქრობენ, რომ ხეხილის, ციტრუსის და სხვა კულტურების სანერგე მეურნეობა განავითარონ. „ბევრი მოსახლე ითხოვს ვაზის ნერგს, – ამბობს ამირან ოქრომჭედლიძე, – კრიტერიუმები დადგენილია, რომ ვაზის ნერგი პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა უფასოდ.“ კიცხის ახალგახსნილ სანერგე მეურნეობაში შვიდი ადამიანი დასაქმდა. ს/ს „იმერის“ ხელმძღვანელი იუზა კელენჯერიძე გვიამბობს, რომ მის თვალწინ აღორძინდა ხარაგაულში მევენახეობა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. ბოლო ოცი წლის მანძილზე კი, ფაქტობრივად, განადგურდა ყურძნის სანედლეულო ბაზა. ბატონი იუზა მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მეურნეობიდან გლეხურ მეურნეობაზე გადასვლა ნაჩქარევი აღმოჩნდა და სხვადასხვა მიზეზების გამო (სახელმწიფოსგან უყურადღებობა, შხამქიმიკატებზე კონტროლის მოშლა) მევენახეობა კიდევ უფრო განადგურდა. „გასული საუკუნის 90-იან წლებში სხვადასხვა გზას დავადექით,- გვიამბობს იუზა კელენჯერიძე, – 1992-94 წლებში ხილის მაგარი სასმელი „იმერი“ გავაკეთეთ ჩემი თანაავტორობით და ქარხანაში 50 ადამიანი დავასაქმეთ. შემდეგ ეტაპზე ხარაგაულის წყლის შესწავლა დავიწყეთ და მტკნარი წლის წარმოებაზე დავიწყეთ ზრუნვა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ეს საქმე შეჩერდა. 2011 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანხმადაც, რეგულირების საფასური დაწესდა და ეს მეწარმეებს არ გვითხრეს. 40 ლარი უნდა ჩაგვერიცხა თურმე ყოველთვიურად და მისი გადაუხდელობის გამო 5 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს. ასეთი რეჟიმი მუშაობდა – ბიზნესზე ზეწოლისა და წნეხის. 2006 წლიდან ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მაშინდელ დირექტორთან, ეკა შველიძესთან თანამშრომლობით, დავაწესეთ საოჯახო ღვინის დეგუსტაცია-კონკურსი. ამით გარკვეული სტიმული მივეცით მევენახეობის დარგის განვითარებით დაინტერესებულ პირებს. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი საგურამოს სანერგე მეურნეობიდან 2012 წელს საჩუქრად მივიღეთ და ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე გავაშენეთ 1 575 ნერგი – ციცქის, ცოლიკაურის, ოცხანურის, საფერესა და სხვადასხვა ჯიშის ხეხილის. ამ გაზაფხულზე ყინვამ დაგვიზიანა ნერგები, მაგრამ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.“ ბატონი იუზას მრავალწლიანმა შრომამ, რომ ხარაგაულში შექმნილიყო ვაზის სანერგე მეურნეობა, შედეგი გამოიღო. „დარწმუნდა საკრებულო, რომ თანხა გამოეყო ვაზის სანერგე მეურნეობის შესაქმნელად. სწრაფი ტემპით დავიწყეთ ამ სოციალური პროგრამის განხორციელება. მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს და გაისიდან ვაზის ნერგებს გავცემთ. ორ-სამ წელიწადში კი მთელ ხარაგაულს მოვამარაგებთ ვაზის უნიკალური ჯიშებით,“ – ამბობს ბატონი იუზა და გეგმავს ყურძნისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტების ამოქმედებას.
ნინო კაპანაძე
სამართლიანობა, მოსმენის უნარი, ლოგიკური
„გელა მთივლიშვილი ფორმაშია – დარბაზს ტოვებს, იშიშვლებს
„ამ წუთას მზია ამაღლობელის პროცესზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში
საყოველთაო ინტერნეტიზაცია საქართველოში 2015 წელს დაიწყო.