„გელა მთივლიშვილი ფორმაშია – დარბაზს ტოვებს, იშიშვლებს თავის განუყრელ მეგაფონს, რომელიც მისი ხმის პატრონს საერთოდ არ სჭირდება, და სასამართლო დარბაზში ჭიქა-ქუხილივით ისმის – თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას… – მხარეები თითქოს შეშდებიან.

„მოსამართლე ნინო სახელაშვილო, ამ სახელით და გვარით, თქვენ ვერასოდეს მოიშორებთ ამ ლაქას, მას შემდეგაც როცა აღარ იქნებით მოსამართლე“…

მანდატურები, რომლებიც ცუდი ხალხი არაა მთლიანობაში, სასოწარკვეთით აწყდებიან ფანჯრებს. ყველა ჩაკეტილია, მეტად ვეღარ ჩაკეტავ.

„ვაცხადებ ტექნიკურ შესვენებას“, – ნერვიული ხმით ამბობს სახელაშვილი.

დარბაზს სიცილი გადაუვლის. ყველა ჩუმადაა. გარეთ გელა ბობოქრობს. აქციის მონაწილეები სინქრონულად ჰყვებიან მის შეძახილებს. დარბაზში ერთგვარი წუთიერი (მრავალწუთიერი) დუმილია. ვუსმენთ. ტიხარს აქეთ ღიმილით სახეზე, ტიხარს იქით, ნერვულად. ასეთი რამ არცერთ პროცესზე არ მახსოვს.

შესვენება მეტ ხანს ვეღარ გასტანს – პროცესი გრძელდება გელას მგრგვინავი ხმის ფონზე. მის გამო პროკურორის ხმა აღარ ისმის, მაგრამ დარბაზი ამას აღარ აპროტესტებს.

„მოსამართლე სახელაშვილო, შენ უკანონო პატიმრობაში გვყავს მზია ამაღლობელი“…საბოლოოდ, მოსამართლეს ნერვები უმტყუნებს, კიდევ ერთხელ აცხადებს შესვენებას, ამჯერად დგება კიდეც და დარბაზს გაბრაზებული, ნერვული ნაბიჯებით ტოვებს.

მზიაც გაჰყავთ. ამ დროის მანძილზე მას სახეზე რამდენჯერმე მსუბუქი ღიმილი გადაურბენს. სხვა მხრივ, ტრადიციულად სიმშვიდეს ასხივებს.

დამსწრეები ვრჩებით, ვმასლაათობთ, ელჩებს ვუთარგმნით რაც ხდება… ძალიან, ძალიან საინტერესო პროცესია“.

წერს სოციალურ ქსელში „პუბლიკას“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი.

P.S. დაბრუნდა მოსამართლე სახელაშვილი. კვლავ განერვიულებულია. ამბობს, რომ თუ კიდევ გაისმა შეძახილები გარედან, კიდევ გამოაცხადებს შესვენებას. და ასე უსასრულოდ.
ასევე თქვა, რომ მომავალ სხდომას სხვა დარბაზში გამართავს. რათა ხმა აღარ მისწვდეს.
ეს დარბაზი ყველაზე დიდია ბათუმის სასამართლოში. სხვა დარბაზები მომცროებია. მოსამართლე სახელაშვილი ამით დაგვემუქრა, რომ მომავალში ყველა მსურველს აღარ მიეცემა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

P.S.P.S.
უცნაურია: პროკურატურამ ამწუთას ყველა მოწმე ჩახსნა დასაკითხთა სიიდან. მათ შორის პოლიციელი ჩიტაია. აი ის, რომლის ჩვენების მიხედვითაც, თითქოსდა მზიას დაავალეს, რომ სილა გაეწნა დგებუაძისთვის.

დიფსთეითმა, მოკლედ რომ ვთქვათ.

ამის გამო დღევანდელი პროცესიც მოულოდნელად სწრაფად დასრულდა.

ჩემი აზრით, ერთადერთი ახსნა აქვს – ხელისუფლება ცდილობს დააჩქაროს სასამართლო, ყოველი პროცესი პიარულად ძვირი უჯდებათ.

და ეს პროცესი ხომ სასამართლო არაა, პიარია. და აგებენ.