ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ეს ტრენინგი საბავშვო ბაღების ავტორიზაციისთვის საჭირო ღონისძიებათა შემადგენელი ნაწილია.

„ჩვენი მიზანია, აღმზრდელებს გავაცნოთ, თუ როგორ უნდა დანერგონ პრაქტიკაში სიახლეები, ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამები, – ამბობს

ტრენერი, ადრეული განათლების სპეციალისტი და ფსიქოთერაპევტი ნათია რუხაია-კუხალეიშვილი, – მხოლოდ წიგნიდან ინფორმაციის მიღებით ახალი მეთოდების პრაქტიკაში გადატანა ძნელია. ამიტომ აღმზრდელებთან  პირისპირ შეხვედრები ეწყობა“.

„თამაში“ და კურიკულუმის მოდული – ტრენინგზე ეს საკითხები განიხილეს. ნათია რუხაია-კუხალეიშვილი ამბობს, რომ ხარაგაულში აღმზრდელებისა და მეთოდისტების საკმაოდ აქტიურ, მოტივირებულ ჯგუფთან იმუშავა. აღმზრდელებმა მასალის შესწავლის შემდეგ ტესტირება წარმატებით დაძლიეს.

„ბევრი სიახლით დატვირთული ტრენინგია, – ამბობს ლია ხმალაძე, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის მეთოდისტი, – ახლებური ხედვებია ბავშვის თავისუფალ თამაშთან და აღმზრდელის მიერ მოფიქრებულ, დაგეგმილ თამაშებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა განსხვავებები, რომ ბავშვისთვის უფრო საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული თავისუფალი თამაშია.

ახალი კურიკულუმი წიგნებშიც არის მოცემული, თუმცა, ბევრი რამ ბუნდოვანი იყო. ამ ტრენინგმა დაგვანახა, რომ კურიკულუმის ძირითადი მიზანი ჯგუფის ერთობა და კვლევა-აღმოჩენაა. აქამდე თემას „ცხოველები“ რომ ვასწავლიდით, ვფიქრობდით, ბავშვს მეტი ინფორმაცია მიეღო ცხოველებზე. სინამდვილეში სწავლება ისე უნდა წარიმართოს, რომ თავად ბავშვების ჯგუფმა ერთობლივად აღმოაჩინოს და იკვლიოს ცხოველები. ასე უკეთ გაიაზრებენ ყველა თემას, რასაც აღმზრდელები შეთავაზებენ“.

„ტრენინგზე სწავლა-აღზრდის ახალ სტანდარტებს დავეუფლეთ, – ამბობს თამარ ტაბატაძე, ბორითის საბავშვო ბაღის მეთოდისტი, – გავეცანით, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ კურიკულუმზე, სიღრმისეულად გავიაზრეთ ბავშვებისთვის თავისუფალი თამაშის მნიშვნელობა, რა დროსაც ბავშვი გონებრივად, ემოციურად და ფიზიკურად ვითარდება.

შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ბავშვზე მორგებული და ორიენტირებული კვირის გეგმა, რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი მასალა უნდა მოვიძიოთ, რომ ბავშვის შეხედულებები ბუნებასა და სამყაროზე გავამრავალფეროვნოთ“.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი თამარ ლაცაბიძე ამბობს, რომ ეს ტრენინგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, მასწავლებლის სახლის ორგანიზებით ეწყობა. შემდეგ ეტაპზე მეორე ცვლის აღმზრდელების, ლოგოპედების, ფსიქოლოგებისა და სპეცმასწავლებლების გადამზადება იგეგმება.