ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით 10 თებერვალს ღონისძიება გაიმართა.

ხარაგაულის გიმნაზიის ისტორიის პედაგოგმა ზეინაბ ბუაჩიძემ, ამავე სკოლის უფროსკლასელებთან ერთად, თემის – „დავით აღმაშენებელის მეფობა საქართველოში“ შემაჯამებელი გაკვეთილი წარმოადგინა.

მოსწავლეებმა გააანალიზეს დავით აღმაშენებლის ეპოქა, იმსჯელეს ამ პიროვნების როლზე მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიაში, მის ურთიერთობაზე ჯვაროსნებსა და მეზობელ სახელმწიფოებთან. ისაუბრეს დავით აღმაშენებლის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაზე.

„დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდის უმნიშვნელოვანეს მოვლენას, 1104 წელს ჩატარებულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, ისტორიკოსები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დემოკრატიზაციის დასაწყისად მიიჩნევენ, – აღნიშნა ღონისძიებაზე ზეინაბ ბუაჩიძემ, – მანამდე ეკლესია დიდებულებს ეკუთვნოდათ და აქტიურად მიმდინარეობდა საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობა. კრების შემდეგ ყველა ღირსეულ კანდიდატს შეეძლო გამხდარიყო სასულიერო პირი. რუის-ურბნისის კრებაზე მიიღეს კანონი – „ძეგლისწერა“, რომელიც 19 მუხლისგან შედგებოდა და რომელიც დიდი სჯულის კანონშია შესული. ამ კრების შემდეგ დაიწყო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა“.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენაზე – დიდგორის ბრძოლაზე ისაუბრეს. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე 55 600 მეომრისაგან შემდგარმა საქართველოს ლაშქარმა 500 ათასიანი თურქ-სელჯუკთა ლაშქარი დაამარცხა. ბრძოლას „ძლევაი საკვირველი“ ეწოდა.

„ჩვენ, თითოეული ქართველი თამარის, დავითის შთამომავლები ვართ. ეს დიდი პატივია და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაა ყველა ქართველისათვის. ჩვენ მხოლოდ ისტორიის ცოდნით არ უნდა შემოვიფარგლოთ, ჩვენ მათ კვალს უნდა გავყვეთ, საქართველოს საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა თომამ (ლაცაბიძე).

ხარაგაულის გიმნაზიის დირექტორმა მამა პავლემ (ცერცვაძე) მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებს და აღნიშნა, რომ დავით აღმაშენებლის პერიოდი ყველა ქართველისათვის საამაყოა.