„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო, სასმელად უვარგისი ტექნიკური წყლით. პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მუნიციპალიტეტს პრობლემის გადასაწყვეტად არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2017-2019 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმა. 2017 წელს აღებული 5 სინჯიდან დარღვევა გამოვლინდა სამ სოფელში (თეთრაწყარო, კიცხი, საღანძილე), 2018 წელს – 2 სოფელში (ნუნისი, ხევი), ხოლო 2019 წელს – 3 სოფელში (დიდვაკე, ნუნისი, ხევი). ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა ისეთი მიკრობიოლოგიური ორგანიზმები, რომელთა სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ დოკუმენტაცია ვერ წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის 55 ათასი ლარი დაგეგმა. თუმცა ამ მიზნით მხოლოდ 7,6 ათასი ლარი გაიხარჯა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ დაბასა და 76 სოფელში 10 097 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის, წყლის სისტემის მეშვეობით წყალი 5 336 ოჯახს მიეწოდება მუდმივად, ხოლო 3,895 ოჯახს – შეფერხებებით. დანარჩენი 866 ოჯახი ჭებითა და წყაროებით სარგებლობს.
დაბა ხარაგაულში, სოფლებში: დიდვაკესა და საღანძილეში 1,165 ოჯახის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. დაბა ხარაგაულის ნაწილს – 75 ოჯახს, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ემსახურება ააიპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ (აღსანიშნავია, რომ ააიპ-ის მიერ წყლით მომსახურებისათვის ტარიფი დადგენილი არ არის). რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, არსებული წყლის სისტემები მოვლა-პატრონობისთვის რომელიმე ორგანიზაციაზე გადაცემული არ არის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (გარდა დაბა ხარაგაულის, ასევე სოფელ დიდვაკის და საღანძილის რამდენიმე ოჯახისა) წყლის გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, მოსახლეობას გაუფილტრავი წყალი მიეწოდება. მერიას სოფლებში, გარდა საბავშვო ბაღებისა, წყლის ხარისხის შესახებ ლაბორატორიული კვლევა ჩატარებული არ აქვს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ წყალს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებით შეუსაბამობები გამოვლინდა დაბა ხარაგაულის №1, ხარაგაულის №2 და სოფელ ხევის საბავშვო ბაღებში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს სტრატეგია, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის რადიკალურ გაუმჯობესებას. ასევე, მერიამ დაუყოვნებლივ მოაწესრიგოს წყლის არსებული სისტემები. მერიამ უნდა განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა სრულად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის გამართულ წყალმომარაგებას სასმელად ვარგისი წყლით.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი