ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხუთი საბავშვო ბაღის შენობის სახურავზე მზის ელექტროსადგურები საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ პროექტის ფარგლებში 2019 წლის ოქტომბერში დამონტაჟდა.
იმერეთში ეს ქსელში ჩართული მზის ერთ-ერთი პირველი ელექტროსადგურია.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ენერგოდამოუკიდებლობის, დაზოგილი ფინანსების ეფექტურად გამოყენებისა და კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად პირველი ნაბიჯი გადაიდგა, – ამბობს ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე, – ჩვენი ორგანიზაციის პროექტი – „ენერგიის ალტერნატიული წყაროები და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტის ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი სი-თი-სი.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის კეთილი ნებაა, როცა ბიზნესსექტორი საკუთარი მომხმარებლების, მომწოდებლების, თანამშრომლების, კოლეგების, ბიზნეს პარტნიორებისა და საზოგადოების ინტერესებს ითვალისწინებს.
კორპორაციული პასუხისმგებლობა ნიშნავს საზოგადოების კეთილდღეობაში დადებითი წვლილის შეტანას და იმ ზემოქმედების მართვას, რომელსაც ბიზნესი გარემოსა და ადამიანებზე ახდენს. ეს არის კომპანიის კეთილი ნების საფუძველზე აღებული პასუხისმგებლობა და არა სახელმწიფოსგან სამართლებრივი გზით დაკისრებული ვალდებულება.
ბიზნესი საზოგადოების კეთილდღეობაზე ნებაყოფლობით ზრუნავს და ამით სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში დადებითი წვლილი შეაქვს.
„ტექნიკურმა პროგრესმა კაცობრიობა ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დააყენა. ამიტომ პრობლემებს ერთიანი ძალებით უნდა შევებრძოლოთ. ნარჩენების შემცირებაზე, რეციკლირებაზე, ენერგიის დაზოგვაზე უნდა ვიფიქროთ. ეს მიზანი მამოძრავებდა, როდესაც პროექტი შევიმუშავე, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში BP საქართველოს მილსადენი არ გადის და ხარაგაული ამ კომპანიის სამიზნე რეგიონს არ წარმოადგენს.
ამის მიუხედავად, BP საქართველომ მიიჩნია, რომ ხარაგაულში მზის სადგურების დამონტაჟების პროექტით ადგილობრივი თემის განვითარებისთვის ხელი უნდა შეეწყო.
აღსანიშნავია, რომ პროექტი შესაბამისობაშია გარემოს დაცვის სამინისტროს პრიორიტეტებთან. ხარაგაულის #1, ვარძიის, კიცხის, წყალაფორეთისა და ბორითის საბავშვო ბაღებში სულ 30 კვტ-მდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა – ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში 10 კვტსაათიანი სადგურია, დანარჩენ ბაღებში – 5-5 კვტსაათიანი.
პროექტის საბოლოო სამიზნე ჯგუფი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები არიან – დაზოგილი თანხა ბავშვთა კეთილდღეობას, მათი კვების რაციონის გამდიდრებას, სხვადასხვა ინვენტარის შეძენას უნდა მოხმარდეს“.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღები ყოველწლიურად 25 000 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს. მზის მიკროელექტროსადგურები კი ელექტროენერგიის ხარჯს 15 ათას ლარამდე შეამცირებს.
BP საქართველოს კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერი რუსუდან მეძმარიაშვილი ამბობს, რომ კომპანია ცდილობს, სარგებელი მოუტანოს იმ საზოგადოებას, სადაც ბიზნესს ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, BP საქართველო 2003 წლიდან სოციალურ პროექტებს აფინანსებს. ამ მიზნით წინასწარ ადგენენ მოსახლეობის საჭიროებებს.
„ჩვენი ბიზნესის მიზანია, რომ საქმიანობა გარემოსთვის უსაფრთხო იყოს, – ამბობს რუსუდან მეძმარიაშვილი, – გამონაბოლქვები შევამციროთ, დაღვრები ან ემისიები არ გვქონდეს. ამას გარდა, შევიმუშავეთ პროგრამები, რომლებსაც სარგებელი არა მხოლოდ მილსადენების მარშრუტზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაქვს. ერთ-ერთია გარემოსდაცვითი ინვესტირებისა და ეკოგრანტების პროგრამა, რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, სხვადასხვა ალტერნატიული ენერგიების გამოყენების ხელშეწყობაა.
გარდა იმისა, რომ ცალკეული სოციალური თუ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ხელს ვუწყობთ, ფაქტობრივად, ჩვენი საქმიანობით სხვა ბიზნესებს შთავაგონებთ, რომ სოციალურად პასუხისმგებლიანები ისინიც გახდნენ. ამ კუთხით მდგომარეობა საქართველოში იცვლება, – საუბარია უფრო მოზრდილ ბიზნესებზე, მაგრამ მცირე ბიზნესებიც უკვე გარკვეულწილად კორპორაციულ პასუხისმგებლობას ყურადღებას უთმობენ“.
საქართველო, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. შეთანხმება ითვალისწინებს ამ სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დიალოგის ხელშეწყობას.
რა ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ ამ მიმართულებით და რა იგეგმება მომავალში, ამის შესახებ ექსპერტი კახა მაღრაძე განმარტავს:
-კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების კუთხით გამოკვეთილი პოზიცია სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აქვს. როგორ ჩართოს ბიზნესი საზოგადოების განვითარებაში, ამის ერთიანი მიდგომა და სტრატეგია არ არსებობს. კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით ნაბიჯები გადაიდგა, მაგალითად, ნარჩენების მართვისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ სტრატეგიულ დონეზე ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არა უშუალოდ სოციალურ მხარდაჭერას მოიცავს, არამედ ისეთი პასუხისმგებლიანი ბიზნესის წარმოებას, რომელიც საზოგადოების მდგრად განვითარებას ხელს შეუწყობს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
მალე დადგება დრო, ყველა ოჯახი მზის ელექტროსადგურით ისარგებლებს
ხარაგაულის საბავშვო ბაღებზე დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურები იმერეთში პირველია
ხარაგაულის საბავშვო ბაღებში ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ
ფოტოებზე: მზის ელექტროსადგური ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში დამონტაჟებამდე;
მზის ელექტროსადგური წყალაფორეთის საბავშვო ბაღის შენობაზე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი