ხარაგაულში საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“- ორგანიზებით ბიზნესის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „განახლებადი ენერგიები – მზის ენერგეტიკა“.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ალტერნატიული ენერგიების, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის, ენერგოდამოუკიდებლობის, მზის ელსადგურების დაგეგმვის და მონტაჟის, ნეტო აღრიცხვის პროგრამის შესახებ.

„პროექტის „ენერგიის ალტერნატიული წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღში (ხარაგაულის #1, წყალაფორეთის, ვარძიის, კიცხისა და ბორითის) მთლიანობაში 30 კვტ, ქსელში ჩართული, მზის მიკროელექტრო სადგური დამონტაჟდა, – ამბობს ამ პროექტის კოორდინატორი, „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე. 

„პროექტი ხორციელდება ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში. ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტის ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“.

15 სექტემბერს გამართული ტრენინგიც ამ პროექტის ნაწილია.

„ტრენინგი საჯარო სექტორს ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება, ბიზნესს – ხარჯების შემცირებასა და მომგებიანი ბიზნესის დაგეგმვაში, – ამბობს ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ თავმჯდომარე ცისანა ჭიპაშვილი, – ჩვენი პროექტი ინოვაციურია. ხარაგაულის საბავშვო ბაღებზე დამონტაჟებული პანელები იმერეთის რეგიონში ქსელში ჩართული მზის პირველი ელექტროსადგური იქნება.

ტრენინგის მონაწილეებს განახლებადი ენერგიებისა და ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი ავთანდილ გელაძე ესაუბრნენ.

„დღეს საქართველოში გამოყენებული ენერგიის წყაროები – ნავთობი, გაზი, შეშა ამოწურვადია; თანაც, ბუნება ნადგურდება. ამიტომ თანდათან სუფთა, „მწვანე“ განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე უნდა გადავიდეთ, – ამბობს „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი და განახლებადი ენერგიების აქტივისტი თორნიკე დარჯანია, – მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ და დღეიდანვე ვფიქრობდეთ მზის ენერგიის მოხმარებაზე. ეს შესაძლებელია ჩვენი სახლის სახურავზე მზის ელექტროსადგურის განთავსებით. მზის ენერგიით შეგვიძლია წყლის გამაცხელებლებით სარგებლობა, ელექტრომობილების დატუმბვა, შენობის გათბობა და ა.შ.

ახალი ტექნოლოგიებით რაც მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება, ამ მიმართულებით მით მეტი სპეციალისტი გვეყოლება. ეს კი სასარგებლო იქნება, რადგან ნაკლებად დავაბინძურებთ გარემოს და რაც მთავარია, ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი გახდება.

ჩვენს შეკითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ოჯახი, რომელსაც მზის განახლებადი ენერგიით სარგებლობა სურს, რა ჯდება მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება, როგორ გაგრძელდება ენერგოკომპანიასთან ურთიერთობა, თორნიკე დარჯანიამ გვიპასუხა:

-მზის ელექტროსადგურის დამონტაჟების მსურველს შეუძლია, კომპანია „ჰელიოს ენერჯის“ მოგვმართოს. დამონტაჟების ღირებულება კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ შეთავაზებაზეა დამოკიდებული; რამდენ კვტსთ-იანი სიმძლავრის სადგურია საჭირო, რომელ პანელებს გამოვიყენებთ. დღეს პანელებს ქუთაისშიც ამზადებენ და იქ შეძენილი პანელების გამოყენებაც შეიძლება. ბევრნაირი შემთხვევა შეიძლება განვიხილოთ. კარგი ისაა, რომ ორი წლის განმავლობაში, რაც ჩვენი კომპანია საქმიანობს, პანელები 20%-ით გაიაფდა. ტექნოლოგია იაფდება და უმჯობესდება. ადრე თუ გვიან დადგება დრო, – როგორც დღეს სახლში ყველას აქვს კომპიუტერი და ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა, ასევე იქნება ელექტროენერგიასთან მიმართებითაც. აბსოლუტურად ყველა ოჯახს მზის ელექტროსადგური ექნება.

შესაძლებელია, რომ მზის კოლექტიური სადგური გაკეთდეს. ეს უფრო იაფია, ვიდრე ინდივიდუალური პირისგან ელექტროსადგურის დამონტაჟება.

ხარაგაულის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, დააკვირდეს, თუ როგორ მუშაობს საბავშვო ბაღებზე განთავსებული სადგურები. ვისაც სურვილი გაუჩნდება, თანამშრომლობისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ.

„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ურთიერთობა რეგულირდება კანონით, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩაერთოს, სახლის სახურავზე თუ სხვაგან მზის ელექტროსადგური განათავსოს და ეს სადგური ქსელს დააერთოს.

„ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა ენერგოდამოუკიდებლობაზე გადის, – ამბობს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი ავთანდილ გელაძე, – დღეს საქართველოში დემოკრატია ვითარდება, ევროპა და ამერიკა მხარს გვიჭერს, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელი არ ვართ, რადგან მეზობელი ქვეყნების ენერგიის წყაროებით ვსარგებლობთ.

გვაქვს უამრავი, განახლებადი ენერგიების რესურსი, რომლის ამოქმედება და გამოყენებაც შეგვიძლია. თუმცა, ჯერჯერობით, ტემპი ძალიან დაბალია. ეს სფერო, პრაქტიკულად, უყურადღებოდაა მიტოვებული. ძირითადი აქცენტი ჰიდრორესურსების ამოქმედებაზეა გადატანილი. ჰიდროთერმია, მზისა და ქარი ენერგია გამოუყენებელი გვრჩება.

კანონი, რომელიც 2016 წელს მივიღეთ, – ინდივიდის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რომ სავალდებულო წესით უნდა შეისყიდოს ენერგოდისტრიბუტორმა, – ეს წესი სომხეთში 2004 წელს ამოქმედდა. ჩვენ დავაგვიანეთ.

თუმცა, რადგან საქართველო ევროპასთან ასოცირებული ენერგოგაერთიანების წევრი გახდა, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ინერტულობას აღარ დაგვანებებენ და ეს მიმართულება ძალიან სწრაფად განვითარდება. გეოთერმიის, მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებით ენერგოდამოუკიდებლობა გაიზრდება და ჩვენს ტყეებს ზეწოლა მოაკლდება.

ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, რომ მოსახლეობამ თავად მოახერხოს ამ ენერგიების გამოყენება“.

ტრენინგის მონაწილეები ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში მზის ელექტროსადგურის დამონტაჟების პროცესს დააკვირდნენ.

ლაურა გოგოლაძე

ამავე თემაზე
ხარაგაულის საბავშვო ბაღებზე დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურები იმერეთში პირველია

ფოტოებზე: ტრენინგზე; მზის ელექტროსადგური ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის სახურავზე; ტრენინგის მონაწილეთა ერთი ჯგუფი ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში, მზის ელექტროსადგურთან, მის დამონტაჟებამდე