საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტთან საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებდა.

საპროტესტო აქციები პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში 17 ნოემბერს სხვადასხვა ადგილებზე გამართეს. პიკეტირებულია პარლამენტის შენობის შესასვლელები. აქციის მონაწილეები ვადამდელი პროპორციული არჩევნების გამართვას ითხოვენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ აქციაზე ხარაგაულიდან პარტიის 150-მდე მხარდამჭერთან ერთად იმყოფებოდა და აქციებში მომდევნო დღეებშიც ჩაერთვებიან.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ხარაგაულიდან „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. ამ პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი ამბობს, რომ სათაო ოფისიდან თბილისში ხუთი მხარდამჭერის ჩაყვანის მითითება მიიღეს.

„პატრიოტთა ალიანსმა“ აქცია 17 ნოემბერს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე გამართა. ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ფცქიალაძე ამბობს, რომ აქციაზე ძირითადად დედაქალაქის მოსახლეობა იმყოფებოდა. თუმცა, საკუთარი ინიციატივით, პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ბიურომ ხარაგაულიდან 150-მდე მხარდამჭერი წაიყვანა. „პატრიოტთა ალიანსი“ მასშტაბურ აქციას 24 ნოემბერს გეგმავს. თემურ ფცქიალაძე ხარაგაულიდან თითქმის ყველა მხარდამჭერის მობილიზებას აპირებს და ხელისუფლებას აფრთხილებს, არ გაბედონ მათზე ზეწოლა.

ფოტო 17 ნოემბერს თბილისში გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციიდან მოგვაწოდა თემურ ფცქიალაძემ.

ამავე თემაზე

კობა ლურსმანაშვილიპროპორციულზე გადასვლას მხარი არ დავუჭირე იმიტომ, რომ ქვეყანა არ დაგვემხოს თავზე

ინგა მაღრაძე -პარლამენტის გადაწყვეტილებით გაწბილებული და გაღიზიანებული ვარ