2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას პარლამენტმა, მათ შორის ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, მხარი არ დაუჭირა.

კანონში ცვლილების ინიციატივა 2019 წლის ივლისში დარეგისტრირდა და დაანონსდა.

პარლამენტისგან პროპორციულ სისტემაზე უარის გამო გაწბილებული და გაბრაზებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე:

„პარლამენტის გადაწყვეტილებით ძალიან გაწბილებული და გაღიზიანებული ვარ.  განსაკუთრებით ვბრაზდები ჩვენი ოლქის მაჟორიტარზე, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად დაამუხრუჭებს, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება უნდა მოხდეს. ამიტომ, ბუნებრივია, ცვლილება აუცილებელი იყო. მაინტერესებს, ახლა რას ფიქრობენ ჩემი თანამოქალაქეები ჩვენს მაჟორიტარზე, რომელსაც თავის დროზე ხმა მისცეს?! თუ აცნობიერებენ, რამდენად დიდი დარტყმა მიაყენეს საკუთარ მომავალს, როცა ამ ადამიანს ირჩევდნენ. დარწმუნებული ვარ, ადამიანს, ვინც ჩვენს ოლქს წარმოადგენს პარლამენტში, ეს გადაწყვეტილება თავისი თავისუფალი გონებით არ მიუღია.“