„თხუთმეტი წელია, საქართველოდან წამოსული ვარ და ასეთი ბედნიერი დღე ჯერ არ მქონია. მე და ჩემს შვილებს ძალიან გვჭირდებოდა სწორედ ეს სპექტაკლი, ილია ჭავჭავაძის სიტყვა და მოწოდება,“ – გვითხრა 24 მაისს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლის – „თანამდევი სული“ შემდეგ ქართველმა ემიგრანტმა რუსუდან მიქიანმა.

22-26 მაისს თეატრი ბელგიის სამეფოში წმ. თამარ მეფის სახელობის ქართველ მართლმადიდებელთა ასოციაციამ მიიწვია. პროექტის მხარდამჭერი გახლდათ კულტურის სამინისტრო.

დასის წევრები უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, რადგან არა მხოლოდ ხარაგაულის, არამედ ჩვენი სამშობლოს სახელით უნდა გამოვსულიყავით ბრიუსელში ქართველი ემიგრანტების წინაშე და მათთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობა აღგვენიშნა.

„კულტურის სამინისტრომ „თანამდევი სული“ მაღალი დონის სპექტაკლად მიიჩნია. ასეთი რეკომენდაციის მიუხედავად, ძალიან ვღელავდი, – გვითხრა  ბელგიის სამეფოში წმ. თამარ მეფის სახელობის ქართველ მართლმადიდებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა არქიმანდრიტმა დოსითეოზმა (ბოგვერაძე), – ასოციაციის წევრები ცოტა სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, მაგრამ ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მაღალი დონე აჩვენეთ.“

ბელგიაში დასის სტუმრობას ქართველი ემიგრანტები მოუთმენლად ელოდნენ. მამა დოსითებრიუსელში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში, პატრიარქის კურთხევით, 2007 წლიდან მსახურობს. ბელგიაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ მამა დოსითემ შეაკავშირა და დააახლოვა ერთმანეთს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველები. ამიტომ თითოეული ქართველის ქცევასა და სიტყვაში იგრძნობა უდიდესი სიყვარული და მოწიწება მის მიმართ. მამა დოსითეა მათი ჭირისა და ლხინის უპირველესი გამზიარებელი. ბედნიერები არიან კვირა დღეს, რადგან ტაძარში წირვაზე იკრიბებიან. ეკლესიასთან არსებობს საკვირაო სკოლა, სადაც პატარა ემიგრანტები ქართულს სწავლობენ.

ბელგია კონსტიტუციური მონარქიის, ფედერალური საპარლამენტო ქვეყანაა. სხვადასხვა მხარეში საუბრობენ ნიდერლანდულად, ფრანგულად და გერმანულად. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. ბელგიაში ათ მილიონზე მეტი მოსახლეა, მათ შორის, ათი ათასზე მეტი ქართველი.

ბრიუსელში ჩვენი ჩასვლის წუთიდანვე მამა დოსითე ქართველ ემიგრანტებთან ერთად ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ღირსშესანიშნავი ადგილი დაგვეთვალიერებინა, გავცნობოდით ბელგიის სიძველეებს და თანამედროვეობას. ბრიუსელის გარდა ვესტუმრეთ ქალაქ გენტს. „მადლობა, რომ გამახარეთ. ჩემი ხარაგაულელები რომ ხართ აქ, განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, – დროდადრო გამოხატავდა სიხარულს მამა დოსითე, – ხარაგაულის საუკუნოვანი თეატრი ჩამოვიდა ბრიუსელში. ბევრმა აქ მცხოვრებმა ქართველმა არ იცის, სად არის ბუნებისგან დაცული და ღმერთისგან კურთხეული ეს მხარე. მადლობა ყველა იმ ხარაგაულელს, რომლებმაც ქართული სიტყვა, ქართული ჰარმონია, მუხტი და ემოცია ჩათესეს და იმ ნაყოფს ვიმკით და ვიმკით. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ხარაგაულში კულტურას უფრთხილდება,  ვისაც სწორი სამოქალაქო შეგნება აქვს, ის სულიერადაც სწორად ცხოვრობს. სამოქალაქო შეგნება თუ არ არსებობს, სულიერ საფეხურზე ვერასდროს ახვალ.“

სპექტაკლის დღეს დილიდან ვღელავდით. მამა დოსითეს დარბაზის მოსაწყობად ყველა წვრილმანი გაეთვალისწინებია. ყოველწუთს გვაოცებდა ამ ადამიანის ენერგია, ორგანიზებულობა, სიტყვა… სპექტაკლის დაწყებამდე კულისებში ჩვენი თანამემამულეების – ლაიფციგში მცხოვრები ნატო ტაბატაძისა და გია სახვაძის, პარიზში მცხოვრები მალხაზ კუპრაძისა და მაკა ბაბუაძის გამოჩენამ გაგვიასკეცა პასუხისმგებლობა და მონდომება. მათ ხომ ასეულობით კილომეტრი გამოიარეს სპექტაკლის სანახავად…

ილია ჭავჭავაძის უკვდავმა სიტყვებმა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, მით იყვის უკეთ,“ რომ უნდა გავუფრთხილდეთ სამ ღვთაებრივ საუნჯეს – მამულს, ენას და სარწმუნოებას, „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“ – ყველა ქართველის სულსა და გულში გაიარა. აღელვებული და აცრემლებული დარბაზი დიდხანს გვიკრავდა ტაშს. „თანამდევი სულის“ შემდეგ ხარაგაულის დასის წევრებმა წარვადგინეთ ნაწყვეტი სპექტაკლიდან „დარისპანის გასაჭირი.“ შემდეგ გაიმართა ქართული კერძების დეგუსტაცია.

„ერთი სპექტაკლი მეორეში გადაიზარდა ფოლკლორით, სიმღერითა და ცეკვით. მერე მაყურებელი ჩაერთო და ნაწილი გახდა ამ ყველაფრის. ემიგრანტებმა საკუთარ სახლში იგრძნეს თავი. ამიტომ იყო თქვენი ბრიუსელში სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანი,“ – ასე შეგვაფასა სპექტაკლის შემდეგ მამა დოსითემ.

შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები:

 

ავთო ხეცაძე: -მადლობა ხარაგაულის თეატრალურ დასს, რომ ერთად შეგვკრიბეთ. „თანამდევი სული“ იყო საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი. უმნიშვნელოვანესი პატარა დეტალებითაა სპექტაკლი შეკრული. საინტერესოა, რომ ლიტერატურული და თეატრალური ხელოვნება ისეა ერთმანეთში შერწყმული, რომ ერთ კომპოზიციას ქმნის.

შალვა წიკლაური: -უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭეთ. ღმერთმა ძალა მოგცეთ, რომ სხვა ქვეყნებშიც გაახაროთ ქართველი ემიგრანტები.

ნანა ნათაძე: -ძალიან დიდი მადლობა ასეთი სპექტაკლისთვის. ილია ჭავჭავაძე არის ყველაზე მეტად საჭირო და თანამედროვე. აქ მცხოვრები ქართველები ვცოცხლობთ საქართველოზე ფიქრით.

ვიოლეტა სისვაძე: -ემიგრანტებისთვის ამ სპექტაკლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ძალიან მომეწონა, სევდა დამეუფლა…

ელისო ლაბაძე: -აგვაცრემლეთ და ბევრი რამ შეგვახსენეთ.

კოკა კაპანაძე: – ეს იყო არაჩვეულებრივი სპექტაკლი უძლიერესი მიგნებებით.

თინიკო წყაბელია-კვარაცხელია: -მოხარულები ვართ, რომ აქ ჩამობრძანდით და ასე გვასიამოვნეთ.

თათა კიკნაძე: -ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა ამ სპექტაკლმა, რადგან ხარაგაულელი ვარ.

მალხაზ კუპრაძე: -ყველამ აღნიშნა, რომ სპექტაკლის მიმდინარეობისას ტანში ჟრუანტელი უვლიდა. ეს იყო ქართული სულის გაღვივება. მათ უდიდესი სულიერი საზრდო მიიღეს.

დაუვიწყარი დღეები ბელგიაში სავსე იყო სიყვარულით, სიხარულით, კურიოზებით… მე და ნათია განსაკუთრებით მოვიხიბლეთ ჩვენი მასპინძლის, გია მეტრეველის, არაჩვეულებრივი და შესანიშნავი ოჯახით.

„სპექტაკლი „თანამდევი სული“ იწყება ასე – მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით ჩამოვედით. ახლა ვამბობ, – მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს დღეები გვაჩუქა. დიდი მადლობა ბელგიის ქართველთა სათვისტომოს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მეუფე აბრაამს, მამა დოსითეს და კულტურის სამინისტროს. ასეთი სიყვარული, ენერგია და ემოცია არასდროს მიგრძვნია მაყურებლისგან და ეს არის ბუნებრივი, რადგან ქართველი ემიგრანტები მონატრებულნი არიან ქართულ სიტყვას. ერთმა მითხრა, – სცენიდან შეგვახსენეთ, რომ უნდა გვახსოვდეს მამული, ენა სარწმუნოება. ვისურვებდი, რომ ასეთი დღეები კიდევ ჰქონდეს ჩვენს თეატრს,“ – ამბობს სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე.

დასის წევრი ლუიზა კიკნაძე მიიჩნევს, რომ უდიდეს მისიას თავი კარგად გავართვით. „სპექტაკლის შემდეგ გავიცანი ქართველები, რომლებიც მატერიალურად უზრუნველყოფილნი, მაგრამ სევდიანები არიან – სამშობლო ენატრებათ. შევხვდი ჩემი აწგარდაცვლილი უახლოესი მეგობრის, ჯემალ კიკნაძის შვილს, თათა კიკნაძეს, რომელიც ოცი წელია ბელგიაში ცხოვრებს და ამ ხნის მანძილზე არ მინახავს.“

ნიკო წიკლაური (მსახიობი): -მოვინახულეთ ევროპის ცენტრი, ევროპარლამენტი და ნატოს შტაბბინა. ყველაზე შთამბეჭდავი მამა დოსითესთან და იმ ქართველებთან შეხვედრა იყო, რომლებიც მონატრებულნი არიან ქართულ სიტყვას.

ვასილ კიკნაძე (დასის წევრი): -ბედნიერი ვარ, რომ კარგად წარვდექით ქართული ემიგრაციის წინაშე და შევძელით დაკისრებული მისიის შესრულება.

ნათია მეტრეველი (დასის წევრი): -ევროპაში საკუთარი შემოქმედების ღირსეულად გატანა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სპექტაკლით ევროპაში მცხოვრებ ქართველებს გულის სიმები შეერხათ. ბედნიერი ვარ, რომ ყველას ნდობა გავამართლეთ.

დავით კვირიკაშვილი (ოპერატორი): -ბელგიაში გატარებული დღეები არასოდეს დამავიწყდება.

ძნელია, ბელგიაში განცდილი ემოციების საგაზეთო წერილში მოქცევა. ერთი რამ ცხადია, – ეს იყო ხარაგაულის სახალხო თეატრის მორიგი გამარჯვება. კვლავ ულევი წარმატება ჩვენს სახელოვან დასს.

ნინო კაპანაძე

P.S. გაზეთის მომზადების პროცესში შევიტყვეთ სასიამოვნო ინფორმაცია: საქართველოს წმინდა სინოდის 3 ივნისის სხდომის განჩინებით ბენელუქსის ქვეყნების ეპარქიას არქიმანდრიტი დოსითეოზი (ბოგვერაძე) უხელმძღვანელებს.

kiharagaulis teatri 133