ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მაკრამეს, თექის, ხეზე კვეთის, ჭრა-კერვის, კომპიუტერისა და ქართული სამზარეულოს კერძების შემსწავლელ ჯგუფებში სწავლა 16 სექტემბერს განახლდება. ამ სპეციალობებში მსმენელთა ახალი ჯგუფები დაკომპლექტდება.

რა სიახლეები იგეგმება ზრდასრულთა განათლების ცენტრში, როგორ შეიძლება გახდეთ ამ ცენტრის მსმენელი, – ამ და სხვა საკითხებზე ამ ცენტრის ოფისის მენეჯერი მანანა ტაბაშიძე გვესაუბრება.

– მეფუტკრეობის სპეციალობაზე მიღება 2020 წლიდან განახლდება. ვგეგმავთ არსებულ სპეციალობებს დავამატოთ ინგლისური ენის შემსწავლელი, ხელნაკეთი სამკაულების შექმნის, ფეხსაცმლის კერვის, ტკბილეულისა და სწრაფი კვების პროდუქტების მომზადების შემსწავლელი კურსები.

ფეხსაცმლის კერვის შემსწავლელი ჯგუფის გახსნას გასულ სასწავლო წელსაც ვგეგმავდით. თუმცა შერჩეულმა სპეციალისტმა უარი გვითხრა. ვფიქრობთ,  შემდეგი წლიდან ტრენერი თბილისიდან მოვიწვიოთ.

გასულ სასწავლო წელს მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსის მსმენელები მეფუტკრეობის კოოპერატივის წევრებს შეხვდნენ. გამოცდილმა სპეციალისტებმა დამწყებ მეფუტკრეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

რამდენიმე კვირის წინ ხარაგაულელ მეწარმეს ეკა ვეფხვაძეს შევხვდი. ის კენკროვანი კულტურების მოვლისა და მოყვანის სპეციალისტია. სწავლის განახლების შემდეგ, დაინტერესებული პირებისთვის ეკა ვეფხვაძესთან შეხვედრას ვგეგმავთ.

იმ მსმენელებს, რომლებმაც სხვადასხვა სპეციალობის შემსწავლელი კურსი უკვე გაიარეს, სერთიფიკატები სწავლის განახლების შემდეგ გადაეცემათ. სამომავლოდ ვზრუნავთ, რომ ჩვენი სერთიფიკატები განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული იყოს. ამისათვის აუცილებელია მსმენელების მიღების წესის ცვლილება. მსურველები გაივლიან გასაუბრებას, რითაც შემოწმდება, რამდენად აქვს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისების უნარი. უპირატესობა დაუსაქმებელ პირებს მიენიჭებათ. მეორადი პროფესიის დაუფლების მსურველი დასაქმებულებისათვის ზრდასრულთა განათლების ცენტრში კომერციული ჯგუფები შეიქმნება.

ცენტრის სამომავლო მიზანია, ხარაგაულში შეიქმნას სოციალური საწარმო, რომელშიც დასაქმდებიან ის პირები, რომლებმაც წარმატებულად გაიარეს შესაბამისი სწავლების კურსი.

nხეზე კვეთის ექვსთვიანი კურსი ივნისიდან ამოქმედდა და ამ სპეციალობას მამაკაცებთან ერთად ქალებიც ეუფლებიან. სწავლებისთვის ჩარხები არ გვყოფნის. ამიტომ უახლოეს მომავალში შენობის უკანა ეზო უნდა მოვაწესრიგოთ და იქ დამატებითი ჩარხები დავამონტაჟოთ.

გასულ სასწავლო წელს ზრდასრულთა განათლების ცენტრში სხვადასხვა სპეციალობების კურსი 135-მა მსმენელმა (114 ქალი, 21 მამაკაცი) გაიარა. სპეციალობებს ეუფლებოდნენ დაბა ხარაგაულში, ბაზალეთში, ჩხერში, დიდვაკეში, ლეღვანში, თეთრაწყაროსა და საღანძილეში მცხოვრებლები.

სწავლის სურვილი ასევე გამოთქვეს მდინარე ძირულას ხეობის სოფლებში მაცხოვრებლებმა. ვიმედოვნებ, ადგილობრივი ხელისუფლება შემდეგი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს თანხას ამ სოფლებიდან სწავლის მსურველების ტრანსპორტირებისთვის.

ქართული სამზარეულოს სპეციალობაზე გადამზადებული ექვსი ლეღვნელი კურსდამთავრებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს შეხვდა. მათ ლეღვნის სარიტუალო სახლის ბაზაზე სარესტორნო მომსახურების განვითარება და ამ მიზნით ამ სახლის იჯარით აღება სურთ.

ზრდასრულთა განათლების ცენტრის უმთავრესი ამოცანა სხვადასხვა სპეციალობებში გადამზადებული ადამიანების დასაქმებაა. დღეს აღარაა საკმარისი, იცოდე ქსოვა ან თექის დამუშავება. იმისათვის რომ დასაქმდე, საჭიროა, შექმნილი ნივთი კარგად შეფუთო და რეალიზაცია გაუწიო. ამისათვის სამომავლოდ, ვფიქრობთ, დაინტერესებული პირებისთვის, მარკეტინგის შემსწავლელ კურსს გავხსნით.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მზადაა, მსმენელთა მოთხოვნის შესაბამისად მოიძიოს საჭირო სპეციალისტი, გადაამზადოს და შესაბამისი სპეციალობა დაამატოს“.

ზრდასრულთა განათლების ცენტრი ხარაგაულში მიმდინარე წლის 24 აპრილიდან ფუნქციონირებს.

თამთა გოგოლაძე

ფოტოებზე: კულინარიის შემსწავლელი წრის მეცადინეობაზე, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში; მანანა ტაბაშიძე.