ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ხულოში „ალპური ზონის თეატრების პირველ საერთაშორისო ფესტივალში“ მონაწილეობს.

ფესტივალზე ხარაგაულის თეატრი წარადგენს სპექტაკლს „დოდოს მოლოდინში“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე).

ეს ფესტივალი 9-11 სექტემბერს ხულოს მუნიციპალიტეტში შედგება. ფესტივალის იდეის ავტორია იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ ბოლქვაძე.

„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალში“ ხარაგაულის, ამბროლაურის, მესტიისა და თავად ხულოს თეატრები მონაწილეობენ.

ფესტივალის მიზანი საქართველოს მთის თეატრებსა და კულტურის ცენტრებში არსებული სურათის გამოკვეთაა.

ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოში მთის თეატრების განვითარებას, საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირების გამყარებას, გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო მასშტაბით ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას.

სპექტაკლების შემდეგ მთის თეატრების გამოწვევების შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება. ამ დისკუსიების მომხსენებლები არიან: თეატრმცოდნეები ლაშა ჩხარტიშვილი და მანანა ხელაია, საერთაშორისო ექსპერტები იაპონიიდან და გერმანიიდან.

„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ არასაკონკურსო ფორმატისაა და იგი ყოველწლიურად გაიმართება. ამ ფესტივალს ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „დოდოს მოლოდინში“ დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ 2023 წელს დადგა.

სპექტაკლი მოგვითხრობს საბერძნეთში სამუშაოდ მყოფ ქალებზე, რომლებსაც მძიმე შრომით უწევთ საქართველოში დარჩენილი ოჯახების რჩენა. არანაკლებ რთულია საქართველოში დარჩენილი იმ ადამიანების ყოფა, რომლებიც წლებია მეუღლეებისა და დედების გარეშე ცხოვრობენ.

ამ სპექტაკლმა იმერეთის საერთაშორისო ფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ეს სპექტაკლი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო პროექტის „ტელესპექტაკლები“ ფარგლებში.

„ალპური ზონის თეატრების“ ფესტივალის პროგრამას გაეცანით ბმულზე.