მედიკოსობა ბავშვობიდან ექიმი ბებიას გავლენით მოსწონდა. ბებია სამტრედიაში გინეკოლოგად მუშაობდა და საზოგადოებაში ღრმა პატივისცემითა და დიდი სიყვარულით სარგებლობდა. სპეციალობით თავადაც ექიმ-გინეკოლოგს, ამჟამად ლეღვანი-ვახანის ამბულატორიის ოჯახის ექიმს ირმა ფორჩხიძეს არჩეული პროფესია საკუთარ მოწოდებად მიაჩნია, თუმცა შვილებს ამავე გზის არჩევისკენ ვერ მოუწოდებს.

– მე რომ ექიმობა ავირჩიე, იმდენად გახარებული იყო ბებიაჩემი… – იხსენებს ირმა ექიმი, – მაშინ ეს პროფესია პოპულარულიც იყო, მეტი დაფასება ჰქონდა და ანაზღაურებაც – უკეთესი. ექიმის ფასი სულ სხვა იყო მაშინ. ბავშვობიდან მინდოდა, რომ სხვა გადამერჩინა და დავხმარებოდი. ექიმობა ძლიერი პასუხისმგებლობაა.

ჩემმა შვილმა სასკოლო თემა „ვინ მინდა გამოვიდე“ ამ სიტყვებით დაიწყო „არ მინდა გამოვიდე ექიმი იმიტომ, რომ დედა საერთოდ არ არის სახლში“.

ირმა ფორჩხიძე სოფლის ექიმის პრობლემებსა და ვახანის ამბულატორიაში არსებულ არასათანადო ვითარებაზე საუბარს პაციენტებთან ახლო და გულითადი ურთიერთობის შესახებ თხრობას ამჯობინებს. ამბობს, რომ მოსახლეობისგან დიდ სიყვარულსა და ნდობას გრძნობს.

სამ სოფელს ემსახურება – ვახანს, ზედუბანსა და სერბაისს. თუმცა ძველი, შეჩვეული პაციენტები ლეღვნიდანაც აკითხავენ. სამი წელია, რაც ვახანში ოჯახის ექიმია, მანამდე ლეღვანში მუშაობდა.

სოფლის მოსახლეობაში მოხუცებულები სჭარბობენ და პაციენტები უმეტესად ჰიპერტონული დაავადებებით, გულის უკმარისობით, ფარისებრი ჯირკვლის, შაქრიანი დიაბეტის ჩივილებით აკითხავენ.

დიაგნოზის დასმას მრავალჯერადი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევა სჭირდება, რისი შესაძლებლობაც სოფლის ამბულატორიაში არ არის. ირმა ექიმს მხოლოდ შაქრის საზომი აპარატი აქვს, ისიც საკუთარი. ლეღვანი-ვახანის ამბულატორიას რომ შაქრის საზომი აპარატი გადასცეს, ფაქტობრივად, უმოქმედოა, რადგან ჩხირები არ იშოვება. ირმა ფორჩხიძე ამბობს, რომ ამბულატორიას მინიმუმ, კარდიოგრამის აპარატი მაინც უნდა ჰქონდეს, რაზეც დიდი მოთხოვნაა.

ოჯახის ექიმი მიახლოებით დიაგნოზს სვამს, როცა ვთქვათ, პაციენტი ქოშინით, უკმარისობით შემოდის. ასეთ ვითარებაში მთავარია, კონკრეტულ სპეციალისტთან სწორად გადაამისამართოს.

ვახანში სამუშაოდ კვირაში ორი დღე – სამშაბათი- ხუთშაბათი ან ორშაბათი-ხუთშაბათი აქვს გამოყოფილი; ეს იმის მიხედვით, – რომელ დღეებში მოუწევს მორიგეობა ხარაგაულისა და ზესტაფონის სასწრაფო დახმარების სამსახურებში. ირმა ექიმი ამბობს, რომ პაციენტები ხშირად ტელეფონით ეკონტაქტებიან იმის გასარკვევად, ხომ ნამდვილად შეძლებს ვახანში დათქმულ დღეს მისვლას და ასევე – კონსულტაციისთვის.

ზესტაფონიდან ვახანის ამბულატორიამდე მატარებლით მგზავრობს, ვახანისწყლიდან ამბულატორიამდე – მიკროავტობუსით. ვახანში მერის წარმომადგენელი ხარაგაულიდან ავტომანქანით დადის და ირმა ექიმი ხშირად მასთან ერთად მგზავრობს.

წელს ვახანის ამბულატორიისთვის განკუთვნილი ორი ოთახის გარემონტება იგეგმება. რადგან ამბულატორია ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, ირმა ექიმს გაუმართლა, – ელექტროენერგიის საფასურს თვითმმართველობა იხდის. ოჯახის ექიმების უმრავლესობა ელექტროენერგიისა და გათბობის ხარჯს გამოყოფილი თანხიდან ფარავს. ვახანის ამბულატორიას არ მიეწოდება წყალი, მოუწესრიგებელია სველი წერტილები.

ლეღვანი-ვახანის ამბულატორიის სამოქმედო არეალში შემავალ სოფელ პატარა სახვლარს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. ამიტომ ამ ამბულატორიის ექიმები და ექთნები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, საშემოსავლო გადასახადი არ ექვითებათ. ამის მიუხედავად, ირმა ფორჩხიძე თვლის, რომ ოჯახის ექიმის ანაზღაურება მიზერულია.

ვახანის ამბულატორიაში ინტერნეტით ვერ სარგებლობს და ინფორმაციის ელექტრონულად ატვირთვა სახლიდან უწევს. იმუნიზაცია, გარდაცვალება, შობადობა, პატრონაჟი – ეს ყველაფერი ექთანთან ერთად უნდა აღწეროს და ბაზაში ასახოს. საჭირო და აუცილებელ მედიკამენტებს, საკანცელარიო ნივთებს, ფორმა #100-ისა და რეცეპტის ბლანკებს, ისევე როგორც ყველა სოფლის ოჯახის ექიმი, ირმა ფორჩხიძეც თავად იძენს.

ამას წინათ პაციენტების შესახებ რვეულში აღრიცხული სტატისტიკური მონაცემები შემოწმებაზე მისულმა კომისიამ დაუწუნა – სპეციალური ჟურნალი უნდა შეიძინოთო. თუმცა, ჯერჯერობით ვერსად ნახა დაავადებათა აღრიცხვის ჟურნალი რომ იყიდებოდეს.

ოჯახის ექიმებისთვის უცხოა შვებულება. ირმა ფორჩხიძემ ახლახან შეიტყო, რომ სექტემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრო ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას დაიწყებს. ოჯახის ექიმებისთვის სერიოზული პრობლემაა ის, რომ არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა.

„2006 წელს გადავმზადდი ოჯახის ექიმად, – ამბობს ირმა ფორჩხიძე, – ეს იყო სიახლე და საკმაოდ დიდი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ოჯახის ექიმს ყველანაირი პაციენტის მართვა უნდა შეეძლოს. ეს პირველადი რგოლია. პაციენტი სტაციონარში როცა მიდის, იქ ყველა ერთად ბჭობს, მერე კონსილიუმი დგება და დიაგნოზი შეფასდება. ოჯახის ექიმი კი მარტოა. მან რომ პაციენტების სრულყოფილად მომსახურება შეძლოს, ამისთვის ელემენტარული პირობები მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. ამბულატორია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უნდა მოეწყოს.

ჩემი ძირითადი სამსახური სოფლის ამბულატორია, მაგრამ ანაზღაურება მიზერულია, ამიტომ სხვაგანაც ვმუშაობ. 1000 ლარი რომ იყოს ხელფასი და არჩევანის წინაშე დავდგე, მე პირადად სოფლის ექიმობას ავირჩევ.

პირველადი სამედიცინო რგოლი ძალიან დაბალ საფეხურზეა. ამ დროს პირიქით უნდა იყოს. როცა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ძლიერია, ეს ნიშნავს, რომ დაავადებები თავიდანვე იქნება აღმოფხვრილი, ნაკლები იქნება ჰოსპიტალიზაცია. დღეს ყველაფერი ძალიან გართულდა. ახალგაზრდა ასაკში მძიმე პათოლოგიები ვლინდება. დაავადებას რომ დროულად აღმოაჩენ და სწორად მართავ, ამდენი ქრონიკული პაციენტები აღარ გვეყოლება. თანხაც ნაკლები დაიხარჯება და ჯანმრთელადაც ვიქნებით.“

ლაურა გოგოლაძე

სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.