პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებული სისტემური პრობლემები, ოჯახის ექიმების წინაშე მდგარი, წლების განმავლობაში მოუგვარებელი საჭიროებები, საბოლოო ჯამში გავლენას სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ახდენს. რამდენად ზრუნავს ადგილობრივი თვითმმართველობა ოჯახის ექიმების პრობლემების მოგვარებაზე, – ამ საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძეს და საკრებულოს წევრს, ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარეს, თორნიკე ავალიშვილს ვესაუბრეთ. 

-რა შეიძლება რომ გააკეთოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლის ამბულატორიებისთვის?

თემურ ჩხეიძე: -ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაისში შევქმენით კომისია და ყველა ტერიტორიულ ერთეულში სამედიცინო ამბულატორიების მდგომარეობა ადგილზე შევისწავლეთ.

ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით წელს ამბულატორიები ფარცხნალში, ვახანში, ხიდარსა და წყალაფორეთში გარემონტდება. ფარცხნალის, ხიდარისა და ვახანის ამბულატორიები ადმინისტრაციულ შენობებშია განთავსებული. წყალაფორეთის ამბულატორიას ცალკე შენობა აქვს.

მომავალ, 2020 წელს გვინდა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამბულატორიების შიდა კომუნიკაციების მოსაწყობად თანხა გავითვალისწინოთ. ამბულატორიების უმრავლესობაში არის წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის პრობლემა.

ეს იმითაა გამოწვეული, რომ შენობები არავის საკუთრებად არაა დარეგისტრირებული. მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს დაევალა, ამბულატორიების შენობების მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრიროს.

ეს საკითხი ამ წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, რომ მერე შენობებში ელექტროენერგიის, წყლის შეყვანა შევძლოთ და ამ კუთხით თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს. წყალი და დენი ამბულატორიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

-ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოჯახის ექიმების სოფლებში ტრანსპორტირებაზე თუ მსჯელობთ მერიაში?

-შესაძლოა, მომავალში ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ ამბულატორიების ინფრასტრუქტურა და შემდგომში ვიფიქროთ სხვა პრობლემების მოგვარებაზე.

თორნიკე ავალიშვილი: -ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახის ექიმებს ამბულატორიების შენობების მოწესრიგებაში უნდა დაეხმაროს. ასევე შეუძლია შეუძინოს პირველადი სამედიცინო აღჭურვილობა. მოიძიოს თანხები ექიმების ტრანსპორტირებისთვის. ფაქტობრივად, ყველაზე დიდი პრობლემები ჯანდაცვის მიმართულებით პირველად ჯანდაცვაშია. პირველადი ჯანდაცვა კი ჯანმრთელობის დაცვის კარიბჭეა.

-კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ჩვენს ქვეყანაში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად?

თემურ ჩხეიძე: -პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე უნდა მოწესრიგდეს. პირველადი ჯანდაცვის რგოლის მომსახურება ისე უნდა იყოს გამართული, რომ ადამიანს პირდაპირ საავადმყოფოში წასვლა არ მოუხდეს. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს და ოჯახის ექიმების ანაზღაურება გაზარდოს. ოჯახის ექიმებს ენთუზიაზმი არ აკლიათ, მაგრამ ის, რომ რამდენიმე ადგილზე მუშაობენ – მორიგეობენ სტაციონარსა და სასწრაფოში, რთულია.

ერთი წუთითაც არ ვაკნინებ მათი მუშაობის ხარისხს. ოჯახის ექიმები უყურადღებოდ არც ერთ საქმეს არ ტოვებენ, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნება, რომ მათ ჰქონდეთ ერთი სამსახური და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღე უწევდნენ სამედიცინო მომსახურებას. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ამ მიმართულებით უნდა იყოს ხელშეწყობა.

თორნიკე ავალიშვილი: -ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახის ექიმების დაფინანსება უნდა გაზარდოს. იმ თანხით, რასაც დღეს ოჯახის ექიმები იღებენ, ოჯახის რჩენა შეუძლებელია. ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, რომ რამდენიმე ადგილზე იმუშაონ. ამბულატორიაში კვირაში ერთხელ ან ორჯერ მისვლით ექიმი ყველა მოსახლის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შეამოწმებს. ამ საკითხში ოჯახის ექიმების გვერდით ვარ.

თუ სოფელში ექიმი მუდმივად იქნება, მნიშვნელოვნად შემცირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სტაციონარის ხარჯები. ეს გამოთავისუფლებული თანხა კი ოჯახის ექიმების ანაზღაურების გასაზრდელად მიიმართება.

ხარაგაულში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსად რომ ვმუშაობდი, იმ სოფლებიდან, სადაც მუდმივად ადგილზე იყო ოჯახის ექიმი, თვის განმავლობაში 5-10 გამოძახება გვქონდა. სადაც ექიმი მუდმივად არ იყო, ყოველდღე 2-3-ჯერ გვიძახებდნენ.

სამედიცინო უნივერსიტეტდამთავრებულმა აუცილებლად უნდა გაიაროს რეზიდენტურა. მაღალმთიან რეგიონებში რეზიდენტურაში სწავლას სტუდენტს სახელმწიფო უფინანსებს. ეს პროგრამა უნდა ამოქმედდეს ყველგან და რა თქმა უნდა, ხარაგაულშიც. მომავალ ექიმს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაუფორმოს ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრება, რომ რეზიდენტურის დასრულების შემდეგ საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე სამუშაოდ დაბრუნდება და რეზიდენტურაში სწავლისას თვეში 2-3 დღე სოფელში იმუშავებს.

ეს პროგრამა, შესაძლოა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით დააფინანსოს. ამით თვითმმართველობა პასუხისმგებლობას აიღებს თავისი მოსახლეობის წინაშე, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქციონირება გაუმჯობესდეს.

მუნიციპალიტეტს აქვს ჯანდაცვის პროგრამები. ეს პროგრამები წლიდან წლამდე copy paste –ით გადადის, თუ აანალიზებთ არსებულ პროგრამებს, მოსახლეობის საჭიროებებს და შეჯერებული ანალიზის საფუძველზე აგრძელებთ? რამდენად მიგაჩნიათ, რომ ეს პროგრამები გასაახლებელია და რატომ? რა უშლის ხელს პროგრამების დამატებას – თანხის სიმცირე თუ სხვა რამე?

თემურ ჩხეიძე: -პროგრამები წლიდან წლამდე ანალიზის, მსჯელობისა და განხილვის საფუძველზე იცვლება. როგორია ამა თუ იმ დაავადების დინამიკა, წლის განმავლობაში ამას ვაკვირდებით და მომავალი წლის ბიუჯეტში ვამატებთ პროგრამებს, ყოველ შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, თანხას მაინც ვზრდით.

ბოლო წლებია, ონკოლოგიურმა დაავადებებმა მკვეთრად მოიმატა. ონკოპაციენტების მომართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება. ორი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის მკურნალობისა და მედიკამენტების შესაძენი თანხა გაგვეზარდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ონკოლოგიურ ავადმყოფების მკურნალობას აფინანსებს, მაგრამ ბევრი მათგანის მდგომარეობა ოპერაციას არ ექვემდებარება, მათ ქიმიოთერაპია ან მედიკამენტები სჭირდებათ. იმდენად გაიზარდა ონკოპაციენტების მომართვიანობა, რომ შარშან ექვსი თვის შედეგების სტატისტიკამ ძალიან შეგვაშფოთა. ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი ფინანსების ნახევარზე მეტი ამ მიმართულებით გავეცით. წელსაც საგანგაშო მდგომაროებაა.

2019 წელს რამდენიმე მუნიციპალური პროგრამა დავამატეთ – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომვლელებს ყოველთვიურად 30-30 ლარს ვურიცხავთ; დევნილებს ყოველ თვეში კომუნალური გადასახადებისთვის – 20 ლარს; ფულადი დახმარება მარტოხელა მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და ობლებზე, მრავალშვილიან დედებზე იცემა.

ექვსი თვის შედეგებს შევამაჯამებთ, შემდეგ ნოემბერში ისევ ვიმსჯელებეთ და მომავალი წლის პროგრამებს ისე განვსაზღვრავთ.

ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების მთხოვნელთა რიცხვიც წლიდან წლამდე იზრდება. ამჯერად ერთი ადმინისტრაციული ერთეულიდან თვეში სამ უკიდურესად გაჭირვებულს ვეხმარებით. ვისი მდგომარება ითხოვს დაუყოვნებლივ დახმარებას და ვისი ითმენს მომავალ თვემდე, ამაში დეპუტატები და მერის წარმომადგენლები არიან ჩართულები. გადაწყვეტილებას მათი შუამდგომლობის საფუძველზე ვიღებთ.

თორნიკე ავალიშვილი: -მუნიციპალური პროგრამები იცვლება და ფართოვდება. თუმცა, ვფიქრობ, არა სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე. მიმაჩნია, რომ ჰიპერტენზიულ ავადმყოფებს მედიკამენტების შეძენაში უნდა ვეხმარებოდეთ. პირველ ადგილზე დღეს საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კი სწორედ ასეთი ავადმყოფების წამლებით უზრუნველყოფაზე ვთქვით უარი.

ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები ოჯახის ექიმებთან კონსულტაციებით უნდა მუშავდებოდეს და მარტო საკრებულოს კომისიის წევრთა გადაწყვეტილებას არ უნდა ეყრდნობოდეს. მიმაჩნია, რომ მუნიციპალური პროგრამა არ არის დახვეწილი და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თანხების სიმცირეა.

-გასული წლის შემოდგომაზე სოფელ ნადაბურის მოსახლეობამ კოლექტიური წერილით მომართა ხარაგაულის ადგილობრივ თვითმმართველობას, მაჟორიტარ დეპუტატს, ჯანდაცვის სამინისტროს. ათეული წლებია, ნადაბურში ექთნის დანიშვნას ითხოვენ. რა მდგომარეობაა ამჟამად ნადაბურში ექთნის დანიშვნასთან დაკავშირებით?

თემურ ჩხეიძე: -მოსახლეობის პირველადი სამედიცინო მომსახურების საკითხი ყველაზე მძაფრად ნადაბურში დგას. წლების წინ ასეთივე მდგომაროება იყო წიფაში. ჯანდაცვის სამინისტროს ჩარევის შემდეგ იქ ექიმისა და ექთნის შტატიც დაუშვეს და ახალი ამბულატორიაც ააშენეს.

ჯანდაცვის სამინისტრო ოჯახის ექიმს მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობაზე, დაახლოებით 2 500 მოსახლეზე ნიშნავს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რთული რელიეფისა და მოსახლეობის შორი-შორ დასახლების გამო, ექიმი სოფლად მცხოვრებ ამ რაოდენობის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას ვერ უწევს.

ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოვთ, რომ გამონაკლისის სახით ნადაბურში, როგორც მაღალმთიან სოფელში, ცალკე ექიმისა და ექთნის შტატი დაუშვან. ნადაბურს ხუნევის ორდონიანი ამბულატორიის ექიმი თემურ შუბითიძე ემსახურება. ძალიან კარგი პიროვნებაა. ყველა კმაყოფილია, ვინც მას სამედიცინო მომსახურებისთვის აკითხავს, მაგრამ ის, ფაქტობრივად, ნადაბურში ვერც ერთი დღე ვერ მიდის, ფიზიკურად ვერ ახერხებს ამას.

ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუკი ეს პრობლემა გადაწყდა ისე, როგორც ჩვენ ვითხოვთ, ადმინისტრაციულ შენობაში მომავალი წლისთვის ორ ოთახს აუცილებლად გავარემონტებთ ან ახალ შენობას „სენდვიჩპანელებით“ მოვაწყობთ.

თორნიკე ავალიშვილი: -სამწუხაროდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლად რომ ვმუშაობდი, ნადაბურელებს ეს პრობლემა ვერ მოვუგვარეთ. ნადაბური ხუნევის ორდონიან ამბულატორიაში შედის. თუ ამ სოფელში ამბულატორიის შენობა მოეწყობა, ერთი ექიმი იქ მივა და მოსახლეობას მოემსახურება; მითუმეტეს, თუ თვითმმართველობა ექიმს ტრანსპორტით უზრუნველყოფაში დაეხმარება.

ყველაფერი დალაგდება კარგი მენეჯმენტის, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობის პირობებში.

ნინო კაპანაძე

სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.