„ინფრასტრუქტურული ხარჯების აუთვისებლობამ დაშალა და დაანგრია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. გარკვეული სიკეთეები, რომელიც მოსახლეობამდე დროულად და ხარისხიანად უნდა მისულიყო, პოზიტივის ნაცვლად ნეგატივის მომტანი ხდება და მოსახლეობაში უარყოფით დამოკიდებულებას აჩენს“, – აღინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა 2019 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემების მიხედვით, შემოსულობების მხრივ 89,5%-ით, ხოლო გადასახადების კუთხით – 82%-ით შესრულდა.
დღეს, 5 აგვისტოს, 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგებს დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. სხდომაზე ასევე იმსჯელებენ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის და ადმინისტრაციული სამსახურების მუშაობაზე.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ საკრებულოს წევრებისგან შემუშავებული, დასაბუთებული შენიშვნები, რეკომენდაციები, საქმიანი წინადადებები გათვალისწინებული არ არის. ბიუჯეტის დამტკიცებისას მერია აცხადებდა, რომ შენიშვნებს ეტაპობრივად გაითვალისწინებდნენ. თუმცა, უმეტესი მათთაგანი უგულვებელყოფილია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის 2019 წლის 6 თვეში დაგეგმილი 6 150 500 ლარიდან გახარჯულია 3 118 600 ლარი, რაც გასული წლის 6 თვის შედეგებზე 1 170 300 ლარით ნაკლებია.
ინფრასტრუქტურული ხარჯების აუთვისებლობის გამო უკმაყოფილებას განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატები გამოხატავენ. მათი შეფასებით, დღეის მდგომარეობით ათვისების მაჩვენებელი კატასტროფულია. დეპუტატები კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის ხარისხის გამოკვეთას და მიზეზების დასაბუთებას მოითხოვენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების სარეაბილიტაციოდ ექვს თვეში დაგეგმილი 59 100 ლარიდან არცერთი თეთრი არ გახარჯულა მაშინ, როცა ბევრ ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის პრობლემებია და მოსახლეობა დახმარებას ელის.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი 183 400 ლარიდან მხოლოდ 4 700 ლარია ათვისებული.
„ჯერ ხომ შესრულების მაჩვენებლებია კატასტროფული და ამ მაჩვენებლებში ავანსიცაა შესული, – ამბობენ დეპუტატები, – მშენებლებზე თანხების ავანსად გაცემამ მიზნობრიობა დაკარგა და მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, დაბალპროცენტიანი სესხის გამცემ ორგანოდ გადაიქცა“.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიას მშენებლებზე თანხის ავანსის სახით გაცემის უფლება მიეცა, მაგრამ ასეთი მასიური ხასიათი არ უნდა მიეღო. მერმა მხოლოდ მაშინ უნდა გასცეს თანხა წინასწარ, როდესაც წინადადება დასაბუთებული და შესწავლილია.
საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ 2019 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების მასშტაბები უნდა გაზრდილიყო. დეპუტატები სოფლებში დამატებით მარშრუტების თანადაფინანსებას ითხოვდნენ, რაც არ არის გათვალისწინებული.
საკრებულოს წევრები აღნიშნავენ, რომ სარეზერვო ფონდი მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში უნდა განიკარგოს და კარგი იქნება, თუ მერიისგან გადაწყვეტილების მიღების დროს დეტალური ინფორმაცია საკრებულოსაც ექნება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 10 ათასი ლარი გაიცა ბეჟათუბანში მცხოვრები იმ მოქალაქის საცხოვრებელი სახლის შესაძენად, რომლის სახლიც 2018 წელს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისას დაინგრა, მშენებლობის მწარმოებელმა კომპანიამ კი უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე. სამართლებრივად რამდენად დასაშვები იყო სარეზერვო ფონდის განკარგვის კომისიის დასკვნა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, – დეპუტატები ამის გარკვევის საჭიროებაზე საუბრობენ.
დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მხრიდან დამატებით, საკუთარი სახსრებიდან გაწეული ფაქტობრივი ხარჯები გარკვეულწილად შემცირებულია, თუმცა ჯერაც არაა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ხარჯებთან შესაბამისობაში.
სოციალური ხარჯების განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ საჭიროებებსა და მწვავე პრობლემებს, რომელთა გადასაჭრელად წელს ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა. მოქალაქეთა მიმართვებიდან გამომდინარე, ასეთია ერთჯერადი ფინანსური დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 6 თვის შედეგების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისას დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიანდება. ამ მიზნით გამოყოფილი თანხა აუთვისებელია, მოსახლეობა კი დახმარებას ელის.
მერიამ ნაწილობრივ შეასრულა დაპირება წლის მეორე ნახევრიდან სოციალური ხარჯის მინიმუმ 50 ათას ლარამდე გასაზრდელად. ფაქტობრივად, გაზრდილია მხოლოდ 26 ათასი ლარით.
საკრებულოს დეპუტატები საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერიიდან პასუხისმგებელ პირებს იწვევენ კონკრეტულ საკითხებზე პასუხების მისაღებად.
გასულ კვირაში გამართულ საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მერიიდან მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ნინო მაღლაკელიძე და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე იმყოფებოდნენ.
ჯერ კიდევ არის შანსი, მერიას ჯერ კიდევ აქვს დრო საიმისოდ, რომ 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა გამოსწორდეს, – ასეთია საკრებულოს დეპუტატების მოსაზრება.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი