საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.

გადაწყვეტილება, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გამოაცხადა ბრიფინგზე, რომელსაც კობახიძეც ესწრებოდა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „საქართველოს პარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია, რომლის სოლიდარულიც იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მისცა შესაბამისი, მკაცრი შეფასებები.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება.

ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი, როგორც კანონის და საზოგადოების წინაშე იმ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რომელსაც დილამდე ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება“, – აღნიშნულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეები კობახიძეს აკისრებდნენ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანაში.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს. შესაბამისად, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოვალეობას თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

პარლამენტის რეგლამენტი ახალი თავმჯდომარის არჩევას 14 დღის ვადაში ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის წარდგენას აპირებს.

პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს.