ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა და ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა ერთობლივი ღონისძიება მოაწყო.

ლიტერატურული სპექტაკლი „მარადიული პიონერფილმელი, გრიშა მასწ…“ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია „პიონერფილმის“ 60 წლის იუბილეს და მის ხელმძღვანელს, რეჟისორს, თეატრმცოდნეს, ოპერატორს, ჟურნალისტს, მრავალ თაობათა აღმზრდელ გრიგოლ ჩიგოგიძეს მიეძღვნა.

ლიტერატურული თეატრის მსახიობმა იზა ვეფხვაძემ დარბაზში შეკრებილთ გრიგოლ ჩიგოგიძის ცხოვრებისა და საქმიანობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები უამბო.

16 წლის გრიგოლ ჩიგოგიძის კარიერა საქართველოს ტელევიზიაში ოპერატორობით დაიწყო. მის მიერ გადაღებულ ფირებზე შემორჩა უნიკალური კადრები, სადაც აღბეჭდილნი არიან მაშინდელი ინტელიგენციის, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გასტროლებზე წასულ ქართულ ანსამბლებს მუდამ თან ახლდა ოპერატორი გრიგოლ ჩიგოგიძე. მან გადაიღო აფხაზეთის ომში მებრძოლი ბატალიონის „ღამურას“ მებრძოლები.

კოლეგებში, თანამშრომლებსა და მეგობრებში ღირსებით, ერთგულებით გამორჩეულს შეუდარებელი იუმორი ახასიათებს. გრიგოლ ჩიგოგიძე დღემდე „პიონერფილმის“ ხელმძღვანელია და როგორც თავად ამბობს, მისთვის ყველა ჟანრი კარგია, გარდა მოსაწყენისა.

ღონისძიება ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და „პიონერფილმის“ მოსწავლეებმა სიმღერებით გაალამაზეს.

„ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ, რომელიც ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს, კინოხელოვნებას ასწავლის, – ამბობს გრიგოლ ჩიგოგიძე, – თამაშ-თამაშით ვმუშაობთ ბავშვებთან, რომ კინოხელოვნება მათთვის საინტერესო გახდეს. ამით ისინიც ბედნიერები არიან, მათი მშობლებიც და მეც.“

„პიონერფილმის“ აღსაზრდელმა ნიკა ზუბაშვილმა გრიშა მასწავლებელს სტუდიის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ის პიონერფილმელი გახდა, მისი ცხოვრება უფრო ლაღი და საინტერესოა. ნიკა ამბობს, რომ „პიონერფილმი“ მისი მეორე სახლი, ერთი დიდი ოჯახია, სადაც მოსწავლეებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ.

გრიგოლ ჩიგოგიძის მოწვევისა და „პიონერფილმის“ საიუბილეო ღონისძიების ხარაგაულში აღნიშვნისთვის იზა ვეფხვაძეს მადლობა გადაუხადა გურიიდან მობრძანებულმა სტუმარმა ნოე ჩიგოგიძემ, ხარაგაულის საკრებულოს წევრმა იუზა კელენჯერიძემ და მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ.

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმის“ მეგობრობა 2014 წელს ერთობლივი პროექტით „კინოქალაქი სინემა ხარაგაულში“ დაიწყო. მათ შორის მეგობრობა და თანამშრომლობა დღემდე გრძელდება და მომავალშიც მრავალ ლამაზ დღეს მიითვლის.

ნინო კაპანაძე