არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგი“ ხარაგაულში, 4 ივნისს, შეხვედრა გამართა, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით.

„საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – ამბობს „თაობათა დიალოგის“ გენერალური მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი.

სახელმწიფოს ან კერძო კომპანიის საქმიანობისას ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს გარემოსდაცვითი დოკუმენტის შექმნასა და აღსრულებაში, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის საფუძველზე – განმარტავს აკაკი ფანჩულიძე.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებელია, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა შექმნას ტერიტორიული სივრცის განვითარების გეგმა, რომელიც უნდა წარუდგინოს საქართველოს ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს. ისინი გასცემენ რეკომენდაციებს ამ გეგმასთან დაკავშირებით. რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ ტერიტორიული სივრცის განვითარების გეგმა უნდა დაამტკიცოს ადგილობრივმა საკრებულომ და ეს უნდა გახდეს ადგილობრივ დონეზე ტურისტული, ინფრასტრუქტურული თუ სხვა მიმართულების განვითარების მთავარი დოკუმენტი. მასზე უნდა დაშენდეს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა,“ – ამბობს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელი, ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებზე აკაკი ფანჩულიძე.

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ – ფარგლებში ჩატარდა. პროექტს ახორციელებს RICDOG, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა და სითი ინსტიტუტი საქართველო.
შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარლამენტის გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.

მსგავსი ტიპის შეხვედრები იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაიმართება.