ხარაგაულის კინოთეტრში, დღეს, 27 მაისს, კულტურის სამინისტროს პროექტის – „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში თანამედროვე ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართა.

მწერლებმა – მანანა ჩიტიშვილმა, გიორგი ლობჟანიძემ, გიორგი არაბულმა, ბექა ქურხულმა და ვასო გულეურმა ხარაგაულელ საზოგადოებას საკუთარი ნაწარმოებები წარუდგინეს.

„დიდი პასუხისმგებლობაა მკითხველის წინაშე გამოსვლა. ოთხი და ხუთი ლექსით რთულია მკითხველს წარმოდგენა შევუქმნათ ჩვენს შემოქმედებაზე. თუმცა, შევეცდებით თქვენში ჩვენი ნაწერებისადმი ინტერესი აღვძრათ,“ – აღნიშნა პოეტმა მანანა ჩიტიშვილმა და შეკრებილ საზოგადოებას თავისი რამდენიმე ლექსი წარუდგინა.

„დიდი მადლობა ასეთი ერთიანობისთვის და იმისათვის, რომ ქართული ლიტერატურა გაინტერესებთ. საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა, მწერლების მოსასმენად მოსული ახალგაზრდებია,“ – მიმართა დარბაზში შეკრებილ ახალგაზრდებს მწერალმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ  და ხარაგაულის ბიბლიოთეკას საჩუქრად თავისი მეხუთე კრებული „სიზმრის ნანგრევებში“ გადასცა.

რეჟისორმა და პოეტმა გიორგი არაბულმა თავისი შემოქმედებიდან პატრიოტული ნაწარმოებები წარმოგვიდგინა.

მწერალმა და პროზაიკოსმა ბექა ქურხულმა წაიკითხა მოთხრობა „დროშა“, რომელშიც მწერლის ინტერპრეტაციით იყო გადმოცემული საქართველოში 1989-1994 წლებში განვითარებული მოვლენები.

დამსწრე ახალგაზრდების დიდი მოწონება დაიმსახურა საბავშვო პოეტ ვასო გულეურის ლექსებმა.

მწერლებმა ხარაგაულის ბიბლიოთეკას როგორც საკუთარი, ასევე კოლეგების წიგნები და სალიტერატურო ჟურნალების რამდენიმე გამოცემა გადასცეს.

სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადეს ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, რეზო თაბუკაშილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის პედაგოგმა მერი გიორგიძემ, ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორმა იზოლდა ოკრიბელაშვილმა.

შეხვედრის კოორდინატორმა და მწერალმა ნინია სადღობელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში პროექტი „ცოცხალი წიგნები“, უკვე მეხუთე წელია, ქეთევან დუმბაძისა და მარიამ წიკლაურის ავტორობითა და ორგანიზებით მიმდინარეობს.

„პროექტი ხელს უწყობს მკითხველსა და მწერალს შორის ცოცხალ კავშირს, რაც ახალგაზრდებს  წიგნებთან აახლოებს,“ – ამბობს ნინია სადღობელაშვილი.

შეხვედრა ხარაგაულში მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.