ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა მომავალ სასწავლო წელს იმდენივე პირველკლასელს მიიღებს, რამდენ კურსდამთავრებულსაც ახლახან დაულოცა გზა.

სკოლის 25 პედაგოგიდან ერთი – ალექსანდრა ჭიპაშვილი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მფლობელი, ხოლო თერთმეტი – უფროსი მასწავლებელია. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვებას გადიან მათემატიკისა და ქიმიის მასწავლებლები – დოდო ლილუაშვილი და მანანა ჯიქურიძე. რვა პრაქტიკოსი მასწავლებლიდან ოთხი სკოლასთან დამშვიდობებას დამსახურებული ჯილდოთი აპირებს. ოთხი პრაქტიკოსი მასწავლებელი კი სასერთიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად ემზადება.

სასწავლო წლის მიღწევები და გამოწვევები ვერტყვიჭალის სკოლაში ტრადიციულად, წელს უკვე მეცხრედ, სასკოლო კვირეულზე – „გაზაფხული 2019“ შეაჯამეს.

სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ კვირეული მოსწავლეთა იდეებით დაგეგმეს, აქტიურად ჩართეს მშობლები. ვერტყვიჭალის სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა მიზანია, რომ ეს სკოლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეული იყოს.

კვირეულის ფარგლებში ვერტყვიჭალის სკოლაში მათემატიკაში, ქართულში, ინგლისურსა და გეოგრაფიაში საჩვენებელი გაკვეთილები ჩატარდა; ნორჩ ისტორიკოსთა კლუბმა „ფესვები“ კონკურსი – „რა ვიცით საქართველოს შესახებ“ გამართა; ნორჩ ქიმიკოსთა კლუბმა ღია ცის ქვეშ სახალისო ცდები შემოგვთავაზა; შიდა სასკოლო სპორტული ღონისძიება ჩატარდა კალათბურთში, „მხიარული სტარტები“ – დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შორის; სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა თვითნაკეთი ნამუშევრების გამოფენა „ჩვენი ფანტაზია“.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ზაირა ხაჩიძემ მეშვიდე კლასში სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა. მან მოსწავლეებს თვალსაჩინოებებისა და მუსიკის გამოყენებით გააცნო, თუ როგორ შექმნა ხალხური სიმღერის – „პატარა ქალო, თინაო“ – მოტივებზე დავით გურამიშვილმა ღვთის სადიდებელი – „ვაქოთ, ვადიდოთ ვინაო, ღმერთი მაღალთა შინაო.“

„სწავლება გაჩერებებით“ – ამ მეთოდით შესთავაზა მათემატიკაში მერვეკლასელებს „რიცხვის ჩაწერა სტანდარტული ფორმით“ მასწავლებელმა ალექსანდრა ჭიპაშვილმა. მოსწავლეთა ერთმა გუნდმა „პრობლემა“ აღმოაჩინა, მეორე გუნდმა კი ამ „პრობლემის“ გადაჭრის მეთოდები შეიმუშავა. მოსწავლეებმა ინტერვიუს გამოყენებით საკითხის გარკვევაში „ექსპერტი“ ჩართეს. ფაქტობრივად, ახალი მასალა მოსწავლეებმა ახსნეს.

ისტორიის მასწავლებელმა თამაზ გოგოლაძემ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავთან დაკავშირებით კლუბ „ფესვების“ მოსწავლეებთან ერთად საკონკურსო თემები შეიმუშავა. მოსწავლეებმა 1917 წლიდან 1921 წლის მარტამდე პერიოდი შეისწავლეს, გაეცვნენ დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციას, რომელიც პიროვნული თავისუფლების, საკუთრების დაცვისა და ადამიანებს შორის თანასწორობის კუთხით ევროპულ ქვეყნებს არ ჩამოუვარდებოდა.

ნორჩ ისტორიკოსთა კლუბ „ფესვების“ წევრები სასკოლო ღონისძიებებით თითქმის ყველა ისტორიულ თარიღს აღნიშნავენ; ქვეყნის მასშტაბით გამართულ კონკურსებშიც წარმატებებს აღწევენ.

21-ე საუკუნეში მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები უნდა განვუვითაროთ, – ამბობს პირველი კლასის მასწავლებელი მზია ტაბატაძე, – სწავლება მათთვის საინტერესო და სახალისო უნდა გახდეს. ამას მზია მასწავლებელი კომპიუტერებისა და ინტერნეტის გამოყენებით აღწევს. მოსწავლეებმა რიცხვების გაორმაგება-განახევრება თამაშით ისწავლეს.

ინგლისურ ენას მოსწავლეებს პედაგოგი მაია ღარიშვილი პრეზენტაციებითა და თვალსაჩინოებებით, სიმღერისა და ცეკვის თანხლებით ასწავლის. ამიტომ გაკვეთილზე მესამეკლასელები ხალისით ახასიათებდნენ წელიწადის დროებს.

მეათე და მეთერთმეტეკლასელებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (მასწავლებელი ლენა აბაშიძე) მოიძიეს და სლაიდების სახით წარმოადგინეს საფრანგეთისა და გერმანიის შესახებ ინფორმაცია.

სკოლაში ახლახან ქიმიკოსთა კლუბი შეიქმნა. მასწავლებელ მანანა ჯიქურიძის დახმარებით მოსწავლეებმა ქიმიური სახალისო ცდები ჩაატარეს. სკოლას ინვენტარითა და ქიმიური ნივთიერებებით აღჭურვილი კარგი ლაბორატორია აქვს. ამიტომ მოსწავლეები ქიმიაში ნასწავლ თეორიულ მასალას პრაქტიკულად ახორციელებენ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ვერტყვიჭალის სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა. პირველი კლასიდანვე ზრუნავენ მოსწავლეების სპორტული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მასწავლებლები ნათელა ბურჯანაძე და ნუგზარ კაპანაძე. ამიტომ ვერტყვიჭალის სკოლის მოსწავლეები რაიონულ და რეგიონულ სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებებს აღწევენ.

მოსწავლეები გოჩა ლომიძე, ანი ბლიაძე, მარიამ ახალკაცი, ინოლა და ლალი ღონღაძეები მიიჩნევენ, რომ  ტრადიციად ქცეული კვირეული მათ სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მოსწავლეები ამბობენ, რომ კვირეულისთვის მზადებისას ისინი სწავლობენ გუნდურ მუშაობას, დამოუკიდებლად მსჯელობას, დისკუსიებში ჩართვას, ანალიზის უნარს, საკუთარი პოზიციების დაცვას და მეგობრის მოსაზრების პატივისცემას.

ვერტყვიჭალის სკოლის ტრადიციულ ღონისძიებას მიესალმება ვაშლევის სჯარო სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი. ის ამბობს, რომ კვირეულის ჩატარება მისაბაძია სხვა სკოლებისთვის და მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უძლიერებს.

კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე ვერტყვიჭალელმა მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს. ჟღერდა კლასიკური მუსიკა, საესტრადო და ქალაქური სიმღერები. შესრულდა ცნობილი პოეტების ლექსები და ქართული ცეკვები.

ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა, საკრებულოს წევრებმა – ეკა შველიძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და დავით კიკნაძემ აღნიშნეს, რომ წლიდან წლამდე ვერტყვიჭალის სკოლის საგაზაფხულო კვირეული საინტერესო და მოსწავლეებისთვის სასარგებლო აქტივობებით ძლიერდება.

სკოლის კურსდამთავრებულის, ცნობილი საოპერო მომღერლის, მამუკა ლომიძის ღონისძიებაზე მოწვევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ სკოლა თავის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობებს აგრძელებს. მამუკა ლომიძემ მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შინაარსიანი, საინტერესო კონცერტისთვის და მათივე თხოვნით იმღერა.

წარმატებები ვუსურვოთ დიდი ტრადიციების მქონე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლას.

ნინო კაპანაძე