18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
2019 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა – „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები – ტრადიციის მომავალი.“
მეოთხე წელია, რაც საქართველოში საზოგადოების თვითორგანიზებული ჯგუფის მიერ 18 მაისს ეროვნული სამოსის დღე დაწესდა. ამ დღეს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები ქუჩაში მსვლელობით აღნიშნავენ.
ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა (დირექტორი ნინო დიდიძე) ეს ორი თარიღი საინტერესო ღონისძიებით აღნიშნა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილ მუზეუმის თანამშრომლებსა და ახალგაზრდებს ქუჩაში მოქალაქეები უერთდებოდნენ.
კინოთეატრის წინ „უბისის“ ცეკვები შესრულდა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ძველი ქალაქური სიმღერა შემოგვთავაზა. სახალხო მსვლელობას ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები შეუერთდნენ.
მუზეუმის ეზოში მოეწყო ფონდში დაცული XIX-XX საუკუნეში გადაღებული ფოტოების გამოფენა. ამ ფოტოებზე ხარაგაულის მაშინდელი საზოგადოების წარმომადგენლები არიან აღბეჭდილნი. ეზოში გაიმართა ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი თოჯინების გამოფენა. ეს თოჯინები მუზეუმს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძემ უსახსოვრა.
მუზეუმის ეზოში შეკრებილთ მოცეკვავეებმა საკუთარი შემოქმედება აჩვენეს – ვახტან მაღრაძისა და გვანცა ყრუაშვილის ქორეოგრაფიით დადგმულმა გათანამედროვებულმა ცეკვებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ხალხური სიმღერებით წარსდგა მაყურებლის წინაშე „საუნჯე.“ შესრულდა ანა ჩხეიძის მიერ შექმნილი ელექტრონული მუსიკა.
მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ის პირები, რომლებმაც გასულ წელს მუზეუმს ექსპონატები შეწირეს – დავით მაღრაძე, ნიკო თოფურიძე, დალი შუბითიძე, თიკო ჩხეიძე, დარეჯან ანდღულაძე, რუსუდან გიორგაძე, სულიკო შველიძე, ეთერ კაპანაძე, ეკა შველიძე, თეა გობიანი.
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 12 წელია ხორციელდება პროექტი „მოხალისე გიდები“ (პროექტის ავტორი მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა შველიძე). მოსწავლეები ითავსებენ გიდის ფუნქციას და მუზეუმში მომსვლელ დამთვალიერებლებს აცნობენ მუზეუმში დაცული ექსპონატების ისტორიას. დღეს მუზეუმს განსაკუთრებული სტუმრები ეწვივნენ – ხარაგაულში რკინისჯვარის მოსალოცად დედაქალაქიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოსული მრევლი. ისინი დაინტერესდნენ გამოჩენილი ხარაგაულელი მეცნიერების, აკადემიკოსებისა თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე პიროვნებების ბიოგრაფიებით.
მუზეუმების საერთაშორისო დღე გრძელდება ღონისძიებით „ღამე მუზეუმში.“ დამთვალიერებელს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ესტუმროს მუზეუმს. „მუზეუმების ღამე“ პირველად 1997 წელს ბერლინში მოეწყო. შემდგომში მსგავსი აქციები ტრადიციად იქცა ევროპის ქალაქებსა და მსოფლიოს სხვა კონტინენტების მუზეუმებში.