ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ ფარგლებში, დღეს, 16 აპრილს, ქართველოლოგ ტარიელ ფუტკარაძესთან შეხვედრა და მისი წიგნის „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში გაანალიზებულია ენისა და დიალექტის გამმიჯნავი კრიტერიუმები. ნაჩვენებია ქართველურ ენობრივ ერთეულთა კლასიფიკაციის შესახებ არსებული აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი.

-პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ მიზანია მომავალ თაობას გავაცნოთ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ცხოვრების საინტერესო გზა განვლეს და სერიოზული საქმეები უკეთებიათ, – აღნიშნა შეხვედრაზე ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა, – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე პირველი მოწვევის პარლამენტის წევრია. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე არის მისი ხელმოწერა. ის იმ ადამიანების გვერდით იდგა, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობას შეუდგა“.

შეხვედრაზე აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუკა დვალიშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რამაც ტარიელ ფუტკარაძეს წიგნის „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ გამოცემა უბიძგა. მან აღნიშნა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს საქართველოში გააქტიურდნენ საქართველოს მტრები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სვანური, მეგრული და ლაზური არის არა კუთხური კილოები, არამედ დამოუკიდებელი ენები.

„თუ ენების დაყოფას დავუშვებთ, ეს ქვეყნის ენობრივად და სარწმუნოებრივად დაყოფას გამოიწვევს.

სწორედ ეს უნდოდათ ჩვენს მტრებს. ამ წიგნით ტარიელ ფუტკარაძემ ამ მოსაზრების წინააღმდეგ გაიბრძოლა და ქართული ენისა და სახელმწიფოებრივობის დამცველად დადგა. ეს მეცნიერული ნაშრომი ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის მისაღები და გასაგებია,“ – აღნიშნა ლუკა დვალიშვილმა.

წიგნის ავტორი ტარიელ ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ ქართველოლოგიის წინაშე არსებითი გამოწვევები დგას; მათ შორის

– საინფორმაციო ომში თავდაცვა;

– „რეგიონული ან უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების კონტექსტში საქართველოს ენობრივი სიტუაციის ადეკვატური აღწერა;

– ქართული ენის ჩართვა თანამედროვე ტექნოლოგიებში;

– ქართველური ზეპირი მეტყველებების შენარჩუნებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება და საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ქართველობის ენობრივი იდენტობის გადარჩენა.

ტარიელ ფუტკარაძის აზრით, ეს გამოწვევები, აუცილებელია, კარგად გაითავისოს საქართველოს ხელისუფლებამ, პრობლემების მოსაგვარებლად მასშტაბური ღონისძიებები დაიწყოს და საამისოდ თანხები გამოიყოს.

ტარიელ ფუტკარაძემ შეხვედრაზე ხარაგაულელებისთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავად ისაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

წიგნი „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მკითხველისთვის ხელმისაწვდომია.

თამთა გოგოლაძე