ხარაგაულში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, 14 საწოლიანი საავადმყოფო ფუნქციონირებს. ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულება რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს ექვემდებარება.
რა მომსახურების მიღება შეუძლია ხარაგაულის საავადმყოფოში მისულ პაციენტებს და რომელ დღეებში, – ამ საკითხების გასარკვევად ხარაგაულის რაიონული საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, ლევან კობახიძეს ვესაუბრეთ.
„ხარაგაულის საავადმყოფოში, სამწუხაროდ, ყველა სპეციალისტი ყოველდღიურად ხელმისაწვდომი არ არის, – ამბობს ლევან კობახიძე, – ეს პაციენტების სხვა მუნიციპალიტეტებში გადინებას იწვევს.“
ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტებს მუდმივად, კვირაში შვიდი დღე ემსახურებათ
პაციენტებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ემსახურებიან:
ენდოკრინოლოგი და ოკულისტი ხარაგაულის საავადმყოფოში ყოველ ხუთშაბათს მოდის;
პედიატრი – ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს;
ოტორალინგოლოგი – თვეში ორჯერ – ყოველ მეორე ოთხშაბათს.
„მსურდა, რომ კლინიკაში დარჩენილიყო პედიატრი ნანი არევაძე, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი, – ამბობს ლევან კობახიძე, – კადრების შერჩევისას ადგილობრივი მენეჯერების აზრს ითვალისწინებენ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სათაო ოფისში იღებენ.
2019 წელს ხარაგაულის საავადმყოფოში 17 ოპერაცია ჩატარდა. ანესთეზია-რეანიმაციის კუთხით პრობლემა გვაქვს. ანესთეზიოლოგი სოსო სეფაშვილი ხარაგაულში კვირაგამოშვებით მუშაობს. ეს არასაკმარისია. გეგმიური ოპერაციების დროს ანესთეზიოლოგი ყოველთვის ადგილზეა, მაგრამ მძიმე პაციენტი რომ მოჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს, იძულებული ვართ, თუ ანესთეზიოლოგი არ არის, სხვაგან გავაგზავნოთ.
საერთოდ, რაიონულ საავადმყოფოებში სპეციალისტების ნაკლებობაა. წლების მანძილზე, როცა ხარაგაულის საავადმყოფოში არასათანადო პირობები იყო, ბევრმა ხარაგაულელმა პაციენტმა ზესტაფონის, ხაშურისა და სხვა ქალაქების კლინიკებს მიმართა.
ხარაგაულის საავადმყოფოში კეთდება სხვადასხვა სახის ქირურგიული, მათ შორის თვალის, ტონზილების (გლანდების) და ცხვირის ძგიდის ოპერაციები.“
ხარაგაულის საავადმყოფოში უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიაა. თუმცა, ლევან კობახიძე ამბობს, რომ გასტროსკოპიის სრულყოფილი ანალიზისთვის მჟავიანობისა და ბაქტერიის განსასაზღვრი ტესტი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან ამ დრომდე ვერ მიიღო.
ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებისთვის პაციენტი აუცილებლად ხარაგაულის საავადმყოფოში უნდა იყოს დარეგისტრირებული. მწვავე და გადაუდებელი შემთხვევების დროს რეგისტრაციას მნიშვნელობა არ აქვს.
სტაციონარში თითქმის ყოველდღიურად ორიდან ათ პაციენტამდეა. ძირითადად, პნევმონიასა და გულის უკმარისობაზე მკურნალობენ. ამჟამად ჰყავთ აპენდიციტზე, თიაქარსა და კისტაზე ნაოპერაციები პაციენტები.
ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილს ექვსთვიანი სახელფასო დავალიანება აქვთ. ლევან კობახიძე ამბობს, რომ ხელფასები საავადმყოფოში ყოველ თვეში იცემა, მაგრამ ახლა, აპრილში, გასული წლის ოქტომბრის ხელფასი უნდა აიღონ. ეს კი თანამშრომელთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. სახელფასო დავალიანება უკვე ოთხი წელია, ვერ გამოსწორდა.
„იმედი მაქვს, უახლოეს ხანში საავადმყოფოში პროქტოლოგი გვეყოლება და ხარაგაულში პროქტოლოგიური ოპერაციებიც ჩატარდება, – ამბობს ლევან კობახიძე, – ამის მოთხოვნა მოსახლეობიდან ნამდვილად არის. სასარგებლო იქნება ამ სერვისის ამოქმედება.
ვთვლი, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში ძალიან კვალიფიციური სამედიცინო მედპერსონალია. ყველა პროფილის ექიმის ყოველდღიური მომსახურება რომ გვქონდეს, ხარაგაულის საავადმყოფო საქართველოში ერთ-ერთი საჩვენებელი იქნებოდა. მე ქარელიდან დავდივარ აქ, უკვე ორი წელია. აქაური ექიმები, ექთნები, სანიტრები, მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან. მაინც ახალფეხადგმული კლინიკაა და ბევრ რამეს ვართმევთ თავს. ხარაგაულში მაღალი კულტურისა და ინტელექტის საზოგადოება ცხოვრობს.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი