ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ორგანიზებით დღეს, 12 აპრილს, ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა.

ფორუმი დონორთა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვას, იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრამ სამოქალაქო საზოგადოების დონორებთან ურთიერთობაში უკეთესი შედეგი უნდა მოგვიტანოს.

„იმერეთი ყოველთვის გამორჩეული იყო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით,“ – აღნიშნა ფორუმზე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივის პროექტის მენეჯერმა დავით აფრასიძემ, – თუმცა, სერიოზული გამოწვევაა, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობა და ანგარიშვალდებულება. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა მიმართული უნდა იყოს ხელსაყრელი საარსებო გარემოს გაუმჯობესებისკენ.“

როგორია საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, – ამ თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოგვიდგინა ფორუმის მონაწილეებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თემო ჯალიაშვილმა. კვლევა საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა და სულ 2 900 პირი გამოიკითხა.

კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა 16%-ს ურთიერთობა ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათ გამოკითხულთა 28% ენდობა. 23% თვლის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები ფართო მასების ინტერესებს იცავენ.

ფორუმზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფციაზე ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის იურისტმა ლევან ფანიაშვილმა. მან ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესაძლო რისკებზე გაამახვილა. ვინაიდან არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია, ცალკეული სამინისტროები და თვითმმართველობები თავად ადგენენ დაფინანსების წესს.

ფორუმზე დონორი ორგანიზაციების – ღია საზოგადოება საქართველო, ევროპის ფონდი, ლტოლვილთა დანიის საბჭო, USAID/ACCES, UNDP და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ – წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი პრიორიტეტები წარუდგინეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ფორუმზე გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შედეგები.

ფორუმში ქუთაისისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.

ნინო კაპანაძე