რაც შეიძლება მეტი ნარჩენის დახარისხება და გადამუშავება, მისი დაკონსერვების ნაცვლად, – ამ მიმართულებით ვითარდება დღეს ესტონეთში ნარჩენების გადამუშავების ბიზნესი, რადგან ასეთივეა დღეს ევროკავშირის სტანდარტი და მოთხოვნა. ესტონეთში ნარჩენების მართვა მომგებიანი ბიზნესია.

ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი ესტონეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მიწვევით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობისთვის ვიმყოფებოდით. ძირითად მისიასთან ერთად, ესტონეთში ნარჩენების მართვის ბიზნესში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებსაც გავეცანით. ამისთვის ტალინის გადამამუშავებელ კომპანიასა და ტალინის ნარჩენების გადამამუშავებელ ცენტრს ვესტუმრეთ.

ნარჩენების გადასამუშავებლად მუნიციპალიტეტები ტენდერებს აცხადებენ. ტალინის ნარჩენების გადამამუშავებელი ცენტრი, სხვა კონკურენტებთან ერთად, ტენდერებში ერთვება და გამარჯვების შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნარჩენების გადამუშავების უფლებას მოიპოვებს.

„1992 წელს დამოუკიდებლობა რომ მივიღეთ, პოლიტიკით ვიყავით დაკავებულები, – იხსენებს ტალინის ნარჩენების გადამამუშავებელი ცენტრის ფინანსური მენეჯერი სვეტლანა სუგიაინან, – 1997 წელს ჩვენმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ნარჩენებისთვის რაღაც უნდა მოგვეხერხებინა, – ასეთი იყო ევროკავშირის მოთხოვნაც. გადამამუშავებელი კომბინატები ევროკავშირის დახმარებით აშენდა და ევროპული ტექნოლოგიებით მოეწყო. დღეს ესტონეთში ნარჩენების ბიზნესში დიდი კონკურენციაა. ყველა წარმოებას თუ კერძო პირს შეუძლია ჩვენთან ნარჩენის მოტანა. ჩვენ გვიყვარს ნარჩენები“.

ტალინის ნარჩენების გადამამუშავებელ ცენტრში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა, მოსახლეობისგან იღებენ ნახმარ, სუფთა ტანსაცმელს, რომელიც შესაძლოა, სხვისთვის გამოსადეგარი იყოს. ასეთი ტანსაცმლის ჩასაბარებლად გადამამუშავებელი ცენტრის ტერიტორიაზე სპეციალური კონტეინერებია განთავსებული. მეორადი ტანსაცმლის კონტეინერების დადგმას ესტონეთის ქალაქებშიც აპირებენ.

ტალინის ნარჩენების გადამამუშავებელ ცენტრში შერეული ნარჩენების – მეტალის, ქაღალდისა და მუყაოს, მინის პლასტიკატისა და მავნე ნარჩენების გადამუშავებით ტალინის ერთ-ერთი მოზრდილი უბანი ბუნებრივი აირით მარაგდება.

ტალინის ნაგავსაყრელი 67 ჰექტარზეა განთავსებული და დედაქალაქისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების 500 000 მოსახლეს ემსახურება.

ესტონელები, კარგა ხანია, დარწმუნდნენ, – მომავალმა თაობებმა რომ სუფთა გარემოში იცხოვრონ, ჩვენი დღევანდელი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი ძალისხმევა უნდა იყოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნაგავსაყრელი ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს?

ევროკავშირის კანონმდებლობა ნარჩენების იმგვარად გადამუშავება-შენახვას მოითხოვს, რომ დაცული იყოს ბუნება. ამით საკუთარ ჯანმრთელობასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფაზე ვზრუნავთ.

დღეს ევროპაში 130 მილიონი ადამიანი დეპოზიტური სისტემის ქვეყნებში ცხოვრობს. ეს სისტემა ევროპაში პირველად შვედეთში, 1984 წელს, ხოლო ესტონეთში – 2005 წლის მაისიდან დაინერგა.

რა არის დეპოზიტური სისტემა? – ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ტალინის გადამამუშავებელი კომპანიის გენერალური მენეჯერი კაუპო კარბი გვესაუბრა.

დეპოზიტური სისტემა ბუნების ეკოლოგიური დაცვის შესაძლებლობაა.

მწარმოებელს, რომელსაც თავისი წარმოებული პროდუქცია სავაჭრო ცენტრში შეაქვს, გარდა ამ პროდუქტის ღირებულებისა, სავაჭრო ცენტრი დეპოზიტზე გარკვეულ თანხას ურიცხავს; მაგალითად, 10 ევროს 100 ბოთლი ლიმონათისთვის. ამ 10 ევროს მწარმოებელი ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანას აძლევს.

ესტონეთში პროდუქციის შეძენისას ეტიკეტზე ჩანს, თუ რა ღირს თავად პროდუქტი და რა ღირს ბოთლი (შეფუთვა). თუ დავაბრუნებთ ბოთლებს, მაღაზია თანხას აგვინაზღაურებს.

მაღაზიიდან სახეობების მიხედვით დახარისხებული ტარა, მისი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, გადამამუშავებელ კომპანიებს გააქვთ.

ესტონეთის ბაზარზე მოხვედრილი შესაფუთი მასალის 80-98% გადამუშავებული, მეორადი სახით უკან ბრუნდება. შესაფუთი მასალები ქალაქებისა და ბუნებისთვის რისკის შემცველია.

ეს ნარჩენი, ანუ ცარიელი ტარა, ტრიალებს მწარმოებელს, მაღაზიასა და გადამამუშავებელ ქარხანას შორის ისე, რომ მაქსიმალურად არაფერი იკარგება.

„დეპოზიტის სისტემა არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ ტარა უკან დააბრუნონ და ბუნებაში არ გადაყარონ, – ამბობს ტალინის გადამამუშავებელი კომპანიის გენერალური მენეჯერი კაუპო კარბი, – სამწუხაროდ, ადამიანების 70% არ ზრუნავს ბუნების დაცვაზე. ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი მოტივაცია, ბუნებისთვის ეკოლოგიურად მავნე შესაფუთი მასალების შესაგროვებლად და ჩასაბარებლად. „მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავაბარებ ბოთლს, თუ ფულს დავიბრუნებ“, – ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს.

გადამამუშავებელ საწარმოში იღებენ მინისა და პლასტმასის ბოთლებს, თუნუქის ქილებს. შეგროვებულ თუნუქის ქილებს პრესავენ და 700-7100C ტემპერატურაზე ალღობენ. მილიონნახევარი გადადნობილი თუნუქის ქილისგან ღებულობენ მრგვალი ფორმის 10 მ სიგრძის ალუმინის გლინულს, რომლის მასა 27 ტონაა. ასეთი სახით მიღებული ალუმინის მასისგან ამზადებენ ალუმინის ფურცლებს, რომლის ფორმირებითაც მზადდება თუნუქის ქილები. ახალ ქილებს გარედან ლაქით, ხოლო შიგნიდან კოროზიისაგან დამცავი ფენით ფარავენ. შესაბამისი სასმელით შევსების შემდეგ ქილებს ხურავენ. თუნუქის ძველი ქილებიდან ახლის დამზადებას 60 დღე სჭირდება.

გადამამუშავებელ კომპანიაში პლასტმასის ბოთლებს გამჭვირვალობისა და ფერის მიხედვით ახარისხებენ. ამის შემდგომ წვრილ გრანულებად და ფანტელებად ანაკუწებენ. ასეთი გრანულების შენალღობიდან ამზადებენ ნახევარფაბრიკატს ახალი პლასტიკური ბოთლებისთვის.

ძველი პლასტიკური ბოთლების გადამუშავებით მზადდება ახალი ბოთლები, საფეხბურთო მაისურები, სამზარეულოს ჩვრები. პლასტმასის ფანტელებისგან ამზადებენ პლასტიკურ ბოჭკოებს, საიდანაც იღებენ ნედლეულს ვატინის საწარმოებლად. ერთი საფეხბურთო მაისურის დასამზადებლად 7 ცალი პლასტმასის ბოთლია საჭირო.

ნარჩენებისგან მიიღება ხარისხიანი სასუქი – კომპოსტი – ეფექტური და უნივერსალური საშუალება მებაღეობისთვის, ნიადაგის გასამდიდრებლად და გაკეთილშობილებისათვის.

შესაფუთი ტარას გადამუშავებით ის იძენს ახალ სიცოცხლეს ხელახალი გამოყენებისთვის და ამავდროულად, ბუნებას დაბინძურებისგან ვიცავთ.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პლასტმასის ბოთლი 50-80 წლის განმავლობაში ძლებს, ხოლო მიწაში განთავსებული – 500-დან 1000 წლამდე; თუნუქის ქილის გამძლეობა 200 წლიდან 500 წლამდე პერიოდში მერყეობს. შუშის ტარის გამძლეობის შესახებ კი არაფერი ვიცით, რადგან დაკვირვება არავის უწარმოებია.

„გასული წლის სექტემბერში თბილისში ვიმყოფებოდი და სამი დღე ვსწავლობდი ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობებს. თუმცა ვერაფერი ვნახე, ლამაზი თბილისის გარდა, – ამბობს  ტალინის ნარჩენების გადამამუშავებელი ცენტრის ფინანსური მენეჯერი სვეტლანა სუგიაინან, – ისევ დავბრუნდები“.

ლაურა გოგოლაძე